ინკების ქირურგები თავის ქალის ოპერაციებს გაცილებით უკეთ აკეთებდნენ, ვიდრე 400 წლის შემდეგ ამერიკელები
ინკების ქირურგები თავის ქალის ოპერაციებს გაცილებით უკეთ აკეთებდნენ, ვიდრე 400 წლის შემდეგ ამერიკელები

დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ინკების თავის ქალების შესწავლისას, მეცნიერები ამაღელვებელ აღმოჩენამდე მივიდნენ. გაირკვა, რომ ინკა ექიმების პაციენტებს თავის ქალის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩენის ორჯერ მეტი შანსი ჰქონიათ, ვიდრე 400 წლის შემდეგ, ამერიკის სამოქალაქო ომში დაჭრილებს.

მკვლევრებმა შეისწავლეს ტრეპანაციის, ანუ თავის ქალაში ხვრელის გაკეთების პროცედურა. ასეთი თავის ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავლადაა აღმოჩენილი. ზოგიერთი მათგანი ათას წელზე მეტი ხნისაა. მიჩნეულია, რომ ამ პროცედურას სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ მიმართავდნენ, იქნებოდა ეს თავის ტკივილი, ძვლის კისტები, ტრავმა, კრუნჩხვადი აშლილობა (მაგალითად, ეპილეფსია) და შესაძლოა, დემონების განდევნაც კი.

პერუში მცხოვრები ინკები წარმატებული ტრეპანატორები იყვნენ. პერუს სანაპირო ზოლის მაღალმთიანეთის სამარხებსა და არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილია ძვ. წ. 400 წლის 800 თავის ქალა, რომლებსაც ამ პროცედურის კვალი აღენიშნება.

ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში აღმოჩენილი ყველა ტრეპანირებული თავის ქალა ერთად.

რაც ყველაზე განსაცვიფრებელია, ნათლად ჩანს, როგორ იხვეწებოდა ინკა ექიმების ტექნიკა დროთა განმავლობაში, რაც იმით დასრულდა, რომ პაციენტთა გადარჩენის შანსი 80 პროცენტამდე გაიზარდა.

„ამ პროცედურის შესახებ ჯერ ბევრი რამ უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში ჩატარებულ ასეთ ოპერაციათა შედეგები ახლოსაც ვერ მიდის ინკა ექიმების შედეგებთან“, — ამბობს ნეიროლოგი დევიდ კუშნერი.

მისი თქმით, ინკების პერიოდში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 17-25 % იყო, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კი 46-56 პროცენტი. სხვაობა ძალიან დიდია. ახლა გასარკვევი ის არის, როგორ ახერხებდნენ უძველესი პერუელი ექიმები უკეთესი შედეგების მიღწევას, ვიდრე ეს ამერიკელებს საუკუნების შემდეგ გამოსდიოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ინკების მიერ გამოყენებული მეთოდი უცნობია, ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა, ჰიგიენა იყოს. სამოქალაქო ომის დროს ექიმები ხშირად იყენებდნენ არაჰიგიენურ, არასტერილიზებულ ხელსაწყოებს და საკუთარ თითებსაც კი, რათა თავის ქალიდან სისხლის კოლტები ამოეღოთ.

კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი ის არის, რომ ინკებს საუკუნეების გამოცდილება ჰქონდათ, რათა პროცედურის ჩატარების ტექნიკა დაეხვეწათ.

კუშნერის ჯგუფმა შეისწავლა ძვ. წ. 400-200 წლების პარკასის ცივილიზაციის თავის ქალა; ახ. წ. 1000- 1400 წლების 421 ქალა პერუს ცენტრალური მაღალმთიანეთიდან და 160 თავის ქალა ახ. წ, 1400-1500 წლების სამხრეთის მაღალმთიანეთიდან.

შედარებით ადვილი დასადგენია, იყო თუ არა ტრეპანაცია წარმატებული. თუკი ნაჭრილობევის ირგვლივ ძვლების აღდგენა ფიქსირდება, ნიშნავს, რომ პაციენტი გადარჩა.

ძალიან ადრეულ თავის ქალათა ჯგუფს აღენიშნებოდა გადარჩენის მხოლოდ 40 პროცენტი. მეორე ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებელი 53 პროცენტი იყო. მაგრამს ბოლო ჯგუფში, გადარჩენის მაჩვენებელი 75-83 პროცენტამდე აღწევდა.

9 თავის ქალისგან შემდგარ შუა პერიოდის პატარა ჯგუფს, რომლებიც ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში იპოვეს, აღენიშნებოდა, გადარჩენის წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელი — 91 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ თავის ქალებზე დარჩენილი ნიშნები აშკარად მიუთითებს დროთა განმავლობაში ტექნოლოგიის დახვეწაზე. ხვრელი უფრო და უფრო პატარა და ფაქიზი ხდებოდა, მეთოდი კი დახვეწილი და ზუსტი.

ინკების პერიოდში, როგორც ჩანს, ქირურქები იყენებდნენ მხოლოდ წრიული გაბურღვის მეთოდს, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო ტვინის დამცავი მყარი გარსის დაზიანების შანსი.

„დროთა განმავლობაში, ისინი სწავლობდნენ, რომელი მეთოდი იყო უკეთესი და სულ უფრო ნაკლებად ბურღავდნენ ტვინის მყარ გარსს. მათ მიერ მიღწეული წარმატებები მართლაც თვალშისაცემია“, — აღნიშნავს კუშნერი.

კვლევა ჟურნალ World Neurosurgery-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.miami.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.