პერუში ინკების უნიკალური აკლდამა აღმოაჩინეს
პერუში ინკების უნიკალური აკლდამა აღმოაჩინეს

პერუელმა არქეოლოგებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ინკების აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც კოლუმბამდელი იმპერიის ელიტის წარმომადგენლები არიან დამარხული.

არქეოლოგ ლუის ჩეროს განცხადებით, აღმოჩენა ლამბაიეკეს რეგიონში, მატა-ინდიოს სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლზე გაკეთდა.

არქეოლოგების აზრით, აკლდამა დიდგვაროვან ინკებს ეკუთვნოდათ. ამ დასკვნის საფუძველს მათ სამარხში აღმოჩენილი სპონდილიუსის გვარის ზღვის მოლუსკები აძლევს, რომლებსაც როგორც წესი, XII-XVI საუკუნეებში საფლავში ყოველთვის ატანდნენ ინკების იმპერიის მნიშვნელოვან პირებს.

სამარხი მრავალჯერ არის გაძარცვული სავარაუდოდ განძის მაძიებელთა მიერ. მიუხედავად გაძარცვისა, არქეოლოგებმა მაინც შეძლეს გარკვეული არტეფაქტების, მათ შორის ლარნაკების აღმოჩენა.

აკლდამა გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, მათ შორის თვალშისაცემია კერპებისთვის განკუთვნილი ჩაღრმავებები.

ლუის ჩეროს თქმით, აღმოჩენები ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის მნიშვნელობასა და სიდიადეზე. სამარხი მდებარეობს პერუს დედაქალაქ ლიმიდან 1000 კილომეტრით ჩრდილოეთით. 2000 კილომეტრით არის დაშორებული ინკების იმპერიის დედაქალაქი კუსკო.

ინკების იმპერია XII-XVI საუკუნეებში ყვაოდა და გადაჭიმული იყო სამხრეთ კოლუმბიიდან ცენტრალურ ჩილემდე. სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. 1532 წელს, უზარმაზარი იმპერია ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა, უმოკლეს ვადაში დაიპყრო.