სამხრეთ ამერიკის უძველეს მოსახლეობაში ავსტრალიური და წყნაროკეანური გენეტიკის კვალი უფრო ღრმავდება — #1tvმეცნიერება
სამხრეთ ამერიკის უძველეს მოსახლეობაში ავსტრალიური და წყნაროკეანური გენეტიკის კვალი უფრო ღრმავდება — #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ასვტრალაზიური გავლენა ადრეულ სამხრეთამერიკელთა უძველეს მოდგმაში იმაზე დიდი ჩანს, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.

2015 წელს, ორმა სამეცნიერო კვლევამ დამაინტრიგებელი კავშირი გამოავლინა: ადგილობრივ ავსტრალიელთა, მელანეზიელთა და სამხრეთაზიელთა გენეტიკა ამაზონის აუზის თანამედროვე ინდიელებში.

როგორ მოხდა ეს იდუმალი კავშირი დედამიწის სრულიად სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ხალხებს შორის, ბოლომდე ამოხსნილი არ არის, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ამერიკის კონტინენტზე ავსტრალაზიური გენების გადინება მოხდა ეპიკური, სახმელეთო მიგრაციით აზიიდან, რაც დაახლოებით 20 000 წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ამჟამად ჩაძირული ბერინგიის ხმელეთის მასა აზიას ალასკასთან აკავშირებდა.

დაახლოებით 15 000 წლის წინ, ახალ კონტინენტზე ასე გადასახლებული მოსახლეობის ნაწილმა სამხრეთ ამერიკას მიაღწია, სადაც ავსტრალაზიური გენები დღემდე შემორჩენილია ამაზონის აუზის ადგილობრივი ჯგუფების სისხლში.

თუმცა, ყველა ასეთი მოგზაურობა ამაზონისკენ როდი იყო მიმართული. ახალი კვლევის მიხედვით, ავსტრალაზიური წვლილი სამხრეთ ამერიკის ინდიელთა გენებში იმაზე მასშტაბურია, ვიდრე გვეგონა.

სამხრეთ ამერიკაში ავსტრალაზიური გავლენის ერთ-ერთი, წარსულში გამოვლენილი ნიშანია ე. წ. იპიკუერას მოსახლეობის სიგნალი (Y სიგნალი) — ეს გენეტიკური ვარიანტი მხოლოდ დღევანდელი ამაზონის მოსახლეობაში გვხვდებოდა.

თუმცა, პირველად ისტორიაში, ეს სიგნალი ახლა უკვე ამაზონის მიღმაც დააფიქსირეს; სამხრეთ ამერიკის მრავალი ადგილობრივი ჯგუფის 383 ინდივიდის გენომური ანალიზები აჩვენებს, რომ Y სიგნალი არა მხოლოდ ამაზონის ჯგუფებში არსებობს, არამედ ისეთ სხვა ადგილობრივ ხალხებშიც, როგორებიც არის ჩოტუნა (ცხოვრობენ პერუში, წყნარი ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს), გუარანი-კაიოვა (ცენტრალური დასავლეთი ბრაზილია) და შავანტე (ბრაზილიის ცენტრის სიახლოვეს).

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ავსტრალაზიური სიგნალი, რომელიც აქამდე მხოლოდ ექსკლუზიურად ამაზონის ჯგუფებში ფიქსირდებოდა, ასევე გამოვლინდა წყნარი ოკეანის სანაპიროს მოსახლეობაში, რაც მიუთითებს სამხრეთ ამერიკაში ამ სიგნალის უფრო ფართოდ გავრცელებაზე და სავარაუდოდ, მიანიშნებს უძველეს კონტაქტზეც წყნარი ოკეანისა და ამაზონის უძველეს მოსახლეობას შორის“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სან-პაულუს უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი მარკუშ არაუჟუ ხელმძღვანელობდა.

გარდა იმისა, რომ მიუთითებს სანაპიროდან სამხრეთ ამერიკის ცენტრამდე ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობაში ავსტრალაზიური გენეტიკის ხელწერის გავრცელებაზე, ახალი აღმოჩენები მიუთითებს იმაზეც, რომ სავარაუდოდ მოხდა სულ მცირე ორი მიგრაციული ტალღა — Y ვარიაციის ხალხის ერთი ნაწილი წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონებში დასახლდა, იგივე ავსტრალაზიური წარმომავლობის მეორე ჯგუფი კი შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდა და ამაზონსა და ცენტრალურ ბრაზილიაში დასახლდა.

საინტერესოა, რატომ არ გავრცელდა Y სიგნალი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ უძველეს მიგრანტებს ამ ტერიტორიაზე ერთ დროს აუცილებლად უნდა გაევლოთ; მკვლევართა აზრით, შესაძლებელია, რომ ისინი წყნარი ოკეანის ვიწრო სანაპირო ზოლს გაუყვნენ და გენეტიკური კომპონენტები, რომელსაც ისინი თან ატარებდნენ, ყოველმხრივ არ შეერია ჩრდილოეთ და ცენტრალური სამხრეთ ამერიკის იმ დროის მოსახლეობებს.

კვლევის უფროსი ავტორის, ევოლუციური გენეტიკოსის, ტაბიტა ჰინმეიერის განცხადებით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ Y ვარიანტის მატარებლები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, შესაძლოა, უბრალოდ ვერ გადაურჩნენ ევროპული კოლონიზაციის სისასტიკეს და მის მიერ მოტანილ ახალ რეალობას.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ Y სიგნალი ჯერ სათანადოდ კარგად არ არის მოძებნილი ჩრდილოეთის მოსახლეობაში. როგორც ეს ახალი აღმოჩენები გვიჩვენებს, ყველაფერი შეიძლება დროის საკითხი იყოს და სამომავლო ტესტებმა ამ უძველესი, უჩვეულო კავშირების შესახებ უფრო ბევრი რამ გვითხრას.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.