ამაზონის იზოლირებული ტომის ჯანმრთელობის საიდუმლო — ირკვევა, რომ მათი თავის ტვინი გაცილებით ნელა ბერდება #1tvმეცნიერება
ამაზონის იზოლირებული ტომის ჯანმრთელობის საიდუმლო — ირკვევა, რომ მათი თავის ტვინი გაცილებით ნელა ბერდება #1tvმეცნიერება

ციმანე, ამაზონის ტროპიკული ტყის ბოლივიის პერიფერიაში მცხოვრები ადგილობრივი ხალხი ჩვენგან ძლიერ განსხვავებულ ცხოვრებას ეწევა. როგორც ჩანს, ამის გამო ისინი ჩვენზე გაცილებით ჯანმრთელნი არიან.

ეს ტომობრივი, დიდწილად იზოლირებული შემგროვებელი მებაღე მოსახლეობა დღემდე ტრადიციული გზებით მისდევს სოფლის მეურნეობას, ნადირობას, თევზაობასა და შემგროვებლობას. მათ ეს ტრადიციები წინაპრებისგან მიიღეს და ჯერ კიდევ იმ დროისაა, ვიდრე ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია მსოფლიოს უმეტესი ნაწილის ცხოვრების წესს შეცვლიდა.

ციმანესთვის უპირატესობები თვალშისაცემია. 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მათ მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები აქვთ და ყველაზე დაბალია კორონარული არტერიების დაავადების მაჩვენებელი ისტორიაში რომელიმე პოპულაციაში აღრიცხულთა შორის.

თუმცა, უფრო გასაოცარი შედეგები წინ გველოდა. ახალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ციმანეს ხალხში მნიშვნელოვნად დაბალია თავის ტვინის ატროფიის მაჩვენებელიც, ანუ აღინიშნება ტვინის მოცულობის გაცილებით ნელა შემცირება, ვიდრე აშშ-სა და ევროპის მოსახლეობაში; გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ დაბალია კოგნიტური გაუარესების, ფუნქციური დაქვეითებისა და დემენციის რისკიც.

„ციმანე გასაოცარ ბუნებრივ ექსპერიმენტს გვთავაზობს თანამედროვე ცხოვრების სტილის ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენის ეფექტების პოტენციურად განსაზღვრისთვის. ეს აღმოჩენები მიუთითებს, რომ თავის ტვინის ატროფიის შეიძლება მნიშვნელოვნად ანელებდეს ცხოვრების სტილის იგივე ფაქტორები, რომლებიც გულის დაავადებათა ძალიან დაბალ რისკთან არის დაკავშირებული“, — ამბობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ანდრეი ირიმია.

ლოგიკურია, რომ ციმანეს ხალხის გულ-სისხლძარღვთა ბენეფიტებს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სხვა გავლენაც ექნება, მაგრამ ახალი კვლევის შედეგები, ცოტა არ იყოს, მაინც გასაკვირია.

ცნობილია, რომ ჭარბწონიანობა თანამედროვე ცხოვრების სტილთან არის დაკავშირებული, ინდუსტრიულ საზოგადოებებში შეიმჩნევა თავის ტვინის მოცულობის შემცირება, მაგრამ ცერებრალურ ატროფიაში სხვა ფაქტორებმაც შეიძლება შეიტანოს წვლილი.

მაგალითად, ციმანეს ტრადიციული ცხოვრების წესი და თანამედროვე მედიცინასთან მათი წვდომის ნაკლებობა მათ მრავალი ინფექციისა და ანთებების წინაშე აყენებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სისტემური ანთება კავშირშია ტვინის უფრო დიდ ატროფიასთან, ღიად რჩებოდა კითხვა, აღენიშნებოდა თუ არა ციმანეს ხალხს თავის ტვინის შემცირების მაღალი დონე; ჰქონდა თუ არა ამის ნაკლები რისკი, როგორც ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში იყო (მწირი რაციონისა და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის გამო).

ახალი კვლევა ამ კითხვას პასუხობს და მიუთითებს, რომ საბოლოო ჯამში, გულ-სისხლძარღვთა გამძლეობა თავის ტვინის ჯანმრთელად დაბერებისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი ფაქტორები.

კვლევა ციმანეს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ისტორიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეობდა ციმანეს ხალხის 746 ზრდასრული წარმომადგენელი 40-94 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან. ტვინის მოცულობის გამოსათვლელად, მკვლევრებმა მათ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს.

კვლევაში მონაწილეები ტომოგრაფიისთვის ახლომდებარე ქალაქის კლინიკებში ორი დღით წაიყვანეს. სკანირებებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, ციმანეს ხალხის წარმომადგენლებს ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინის მოცულობა ნელა უმცირდებათ, თუ შევადარებთ წინა კვლევაში მონაწილეებს გერმანიიდან, აშშ-დან და ნიდერლანდებიდან.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, კვლევა მიუთითებს, რომ ტვინის ატროფია შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძალიან დაბალი რისკთან დაკავშირებულმა ცხოვრების წესმა; ირკვევა, რომ ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მთელი რიგი ინტერვენციები არსებობს, ქრონიკულად მაღალი სისტემური ანთებების მიუხედავადაც კი“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

საბოლოო ჯამში, შედარება მიუთითებს, რომ ინდუსტრიალიზებულმა ცხოვრების წესმა დაახლოებით 70 პროცენტით გაზარდა თავის ტვინის მოცულობის ასაკთან დაკავშირებული შემცირება; თუმცა, მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ სტატისტიკურ შედარებებს ახლავს რამდენიმე შეზღუდვა.

ამ მიზეზის გამო, რიცხვი 70 პროცენტი სავარაუდოდ საუკეთესო შემთხვევაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ციმანეს ხანდაზმულ მოსახლეობასა და სხვა ქვეყნების ამავე ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობას შორის არსებითი და გასაოცარი სხვაობაა თავის ტვინის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

„ჩვენი მჯდომიარე ცხოვრების წესი და შაქრითა და ცხიმებით მდიდარი რაციონი შეიძლება ასაკის მატებასთან ერთად აჩქარებდეს თავის ტვინის ქსოვილების დაკარგვას და უფრო მგრძნობიარეებს გვხდიდეს ისეთი დაავადებებისადმი, როგორიც არის ალცჰაიმერი“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩეპმენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჰილარდ კაპლანი, რომელიც ციმანეს ხალხს ოც წელზე მეტია სწავლობს.

კვლევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია კვება და ფიზიკური აქტივობა. თუმცა, წარმოაჩინა თავის ტვინის სიჯანსაღის კიდევ ერთი ფაქტორი — ამაზონის მსგავს იზოლირებულ ადგილას ცხოვრება.

კვლევა The Journals of Gerontology, Series A: Biological Sciences and Medical Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.usc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.