კადრები, რომლებიც უნდა ნახოთ - ისტორიაში პირველი პანორამა მთვარის „ბნელი მხარიდან“
16:17, 15.01.2019
მთვარის „ბნელი მხარე“ უცნაური, უნაყოფო, ერთფეროვანი ადგილია. ამას მეტყველებს უახლესი ფოტოები, რომლებიც იქ ჩინეთის მავალმა Yutu 2-მა გადაიღო და დედამიწაზე გამოგზავნა. გასაოცარ, 360 გრადუსიან პანორამაში კარგად ჩანს, რამდენად უდაბური და უცხოა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის „უკანა მხარე“.
3 იანვარს ჩინეთმა ნამდვილი ისტორია დაწერა, როცა მისმა ხომალდმა Chang’e 4-მა მთვარის „ბნელ მხარეს“ მავალი Yutu 2 დასვა. ეს გახლდათ ისტორიაში პირველი წარმატებული დაშვება მთვარის ამ იდუმალ, კრატერებით დასერილ ნაწილში.
მავალი კარმანის კრატერში მოძრაობს, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ დარტყმით კრატერს (ერთ-ერთ უდიდესს მზის სისტემაში) და შეადგენს მთვარის მთვარის ზედაპირის თითქმის მეოთხედს. მისი სიგანე 2500 კილომეტრია, სიღრმე კი 8 კმ.
ამჟამად მავალი -6 მეტრ სიმაღლეზე იმყოფება, ანუ მთვარის საშუალო დიამეტრის ნულოვანი სიმაღლიდან 6 მეტრით დაბლა.
ხომალდი აღჭურვილია ინსტრუმენტებითა და კამერებით, რომლებმაც უნდა შეისწავლონ მთვარის წიაღი, ზედაპირის შემადგენლობა და ა. შ. დედამიწასთან კავშირს მავალი მთვარის ორბიტაზე მოძრავი სარელეო თანამგზავრის საშუალებით ამყარებს.
გარდა ამისა, Chang’e 4-ზე ასევე განთავსებულია პატარა ბიოსფერო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მცენარის თესლებს, თუთის აბრეშუმახვევიას კვერცხებს. ექსპერიმენტის მიზანია, შეძლებენ თუ არა გაზრდას, ან საერთოდ გაძლებენ თუ არა ისინი მთვარის გარემოში.
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, Chang’e 4 სამეცნიერო საქმიანობის დასაწყებად სულ მალე იქნება, მას შემდეგ, რაც წარმატებით დასრულდება საინჟინრო ტესტები.
ხომალდის დაშვების ადგილის სრული პანორამის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.