ჩინეთის ხომალდმა მთვარის ზედაპირზე მავალი გადასვა [ფოტოები]
ჩინეთის ხომალდმა მთვარის ზედაპირზე მავალი გადასვა [ფოტოები]

მთვარის „ბნელ მხარეს“ დაჯდომის შემდეგ, ჩინეთის ხომალდისა და მავალის ყველა საჭირო სისტემა და აღჭურვილობა გამართულად მუშაობს. ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია იუწყება.

მავალმა Jade Rabbit 2-მა წარმატებით დაამყარა ციფრული კავშირი მთვარის ორბიტაზე მოძრავ სარელეო თანამგზავრთან და მისი საშუალებით პეკინის საკონტროლო ცენტრთან.

გააქტიურდა მავალის პანორამული კამერა, რომელიც ნორმალურად მუშაობს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ მავალი არც ისე შორს არის გაჩერებული იმ ადგილიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ ხომალდი Chang’e 4 მთვარეზე დაჯდა.

Chang’e 4 პირველი ხომალდია ისტორიაში, რომელიც მთვარის „ბნელ“, ანუ დედამიწის საპირისპირო მხარეს მოქცეულ ნაწილში უსაფრთხოდ დაეშვა.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ხომალდმა თავის ბაქანიდან მავალი მთვარის ზედაპირზე გადასვა, გაშალა 5-მეტრიანი დაბალი სიხშირის რადიოანტენები. ტოპოგრაფიულმა კამერამ გადაიღო ფოტოებიც.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მთვარის „ბნელ მხარეს“, სადაც დაბლოკილია დედამიწიდან წასული სიგნალები, დაბალი სიხშირის დიაპაზონში ჩატარებული დაკვირვებები მრავალ ახალ ცნობას მოგვაწვდის მზის სისტემის ადრეული დღეების შესახებ.

„ბნელ მხარეზე“ დაკვირვებები მრავალჯერ არის განხორციელებული მთვარის ორბიტაზე მოძრავ ხომალდთა მიერ, მაგრამ არასოდეს შესწავლილა უშუალოდ ზედაპირიდან.

ჩინეთი ამ საქმეში პირველი აღმოჩნდა და აშკარაა, რომ კოსმოსში ის სერიოზული კონკურენციის გაწევას აპირებს აშშ-სთან, ევროპასა და რუსეთთან.