უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის - ჩინელებმა მთვარეზე ბამბის თესლი გააღივეს
უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის - ჩინელებმა მთვარეზე ბამბის თესლი გააღივეს

ჩინეთის განცხადებით, ისტორიული მისიის ფარგლებში, მთვარის „ბნელ მხარეს“, მცენარეების თესლები გაღივდა.

ხომალდი Chang’e 4 ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ 3 იანვარს დასვა და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ამას მიაღწია. ამჯერად, ჩინეთმა კიდევ ერთი პირველობა იგდო ხელთ — მცენარის თესლი მთვარეზე წარმატებით გაღივდა.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ბამბის თესლიდან ღივები სპეციალურ კონტეინერში ამოიწვერა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ კაცობრიობის მიერ მთვარეზე ჩატარებული ბიოლოგიური ზრდის პირველი ექსპერიმენტი.

გარდა ბამბის თესლებისა, ჩინელებმა ხომალდს მთვარეზე ასევე გაატანეს კარტოფილი, საფუარი ორგანიზმები, რაფსისა და სხვა მცენარეთა თესლები. რა თქმა უნდა, ეს თესლები მომარაგებულია ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, ეს მცენარეები იმიტომ აარჩიეს, რომ ისინი პატარებია, უძლებენ მაღალ და დაბალ ტემპერატურას, რეზისტენტული არიან რადიაციისადმი.

მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სი გენგსინის თქმით, ამ ექსპერიმენტის წყალობით, მეცნიერები დაადგენენ, როგორ იზრდება მცენარე მთვარის დაბალი გრავიტაციის, ძლიერი რადიაციისა და ბუნებრივი სინათლის გარემოში.

კაფსულა, რომელშიც ჩინელები მთვარეზე მცენარეების გაზრდას აპირებენ

ასტრონომთა განცხადებით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ, ასტრონავტებისთვის აღარ უნდა არსებობდეს დაუძლეველი პრობლემა მთვარეზე კონტროლირებად გარემოში საკუთარი მცენარეების გაზრდასთან დაკავშირებით.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მთვარის „ბნელ მხარეზე“ მისიის მთავარი მიზანია ამ ზონის უკეთ შესწავლა, მათ შორის მინერალური შემადგენლობისა და ზედაპირის სტრუქტურის გარკვევა.

მთვარის ამ ნაწილს „ბნელს“ უწოდებენ იმიტომ, რომ ის მუდმივად დედამიწის საპირისპირო მხარესაა მოქცეული, თუმცა, მზის სინათლეს ის ისევე იღებს, როგორც მთვარის ჩვენკენ მოქცეული მხარე.