მთვარის ღამე მოსალოდნელზე ცივი აღმოჩნდა - ჩინეთის ხომალდმა კვლევები დაიწყო
მთვარის ღამე მოსალოდნელზე ცივი აღმოჩნდა - ჩინეთის ხომალდმა კვლევები დაიწყო

ცოტა ხნის წინ ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდი დასვა, რომელიც უკვე აქტიურად შეუდგა საქმიანობას. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ხომალდმა გაარკვია, რომ ღამე მთვარის ამ ნაწილში იმაზე ცივია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ზონდი ჩანე-4, რომელსაც სახელი მთვარის ჩინური ღვთაების პატივსაცემად ეწოდა, პირველი ხომალდია, რომელიც 3 იანვარს მთვარის „ბნელ მხარეს“ დაეშვა. ამით ჩინეთმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა კოსმოსის კვლევაში.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ხომალდის მიერ მთვარეზე გატარებულ პირველ ღამეს ტემპერატურა მინუს 190 გრადუსამდე დაეცა, რაც იმაზე დაბალი ტემპერატურაა, რასაც მეცნიერები ვარაუდობდნენ. მთვარის ერთი ღამე დაახლოებით ორი კვირა გრძელდება.

აშშ-ის მისიას მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეზე უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს დაფიქსირებული. მისიის დირექტორის, ჟანგ ჰის განცხადებით, ამის მიზეზი მთვარის ორი მხარის ქანების შემადგენლობაში არსებული სხვაობა უნდა იყოს.

ზონდმა მთვარეზე მავალი, სახელად Yutu-2-იც გადასვა, რომელმაც ოპერაციები 29 იანვარს დაიწყო და სამეცნიერო ექსპერიმენტებს კარმენის კრატერში ჩაატარებს.

ჩანე-4 აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია შვედეთში, გერმანიასა და ჩინეთში.

მისიის მთავარ ამოცანებს შორისაა შეისწავლოს მთვარის გარემო, კოსმოსური რადიაცია და ურთიერთქმედება მზის ქარებსა და მთვარის ზედაპირს შორის.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.