იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ქართული ოცნების“ მომზადებულ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს.

ცვლილებების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო ორთვიანი გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ე.წ. ამერიკული მოდელის შესაბამისად გაესაუბრებიან, რაც კანდიდატების ინდივიდუალურ რეჟიმში მოსმენას გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება და მის გათვალისწინებას გეგმავს.

„ჩვენ მეორე მოსმენით ვიწყებთ საერთო სასამართლოების შესხებ ორგანული კანონის პროექტის განხილვას და გვაქვს მოლოდინი, რომ საკომიტეტო განხილვის შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწება არსებული პროექტი. ვფიქრობთ, რომ ეს არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს პროცედურების გამჭვირვალობასა და ღიაობას, რაც გულისხმობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინებისა და არჩევის პროცესს. ერთ-ერთი საინტერესო მოდელი იქნება სწორედ ინკლუზიურობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები. ამ კონსულტაციების შედეგად, ჩვენ გვაქვს პირობა ვენეციის კომისიისგან, რომ მიმდინარე კვირაში გვექნება დასკვნა და ეს იქნება საჯარო. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ პლენარული სხდომისთვის, სადაც აღნიშნული კანონის მეორე მოსმენით დამტკიცება მოხდება, უკვე საჯარო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.