პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობას დაადგენს კანონმდებლობასთან.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ შვიდი წარმომადგენელი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, აკადემიური და იურიდიული წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ჯონი ხეცურიანი და თამარ ზარანდია. სამუშაო ჯგუფში სამი კვოტა ექნება „ევროპული საქართველოს“, თითო-თითო კვოტა კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში მათი მონაწილეობა დამოკიდებული იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატსა და შემადგენლობაზე. მისი თქმით, თუ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ტექნიკური ხასიათის იქნება, მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ათი დღის განმავლობაში იმუშავებს, 23 სექტემბრის კვირაში კი კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება.