ანრი ოხანაშვილი ​- მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ეს იყო საზოგადოებრივი პროცესი და ასევე გაგრძელდება იურიდიულ კომიტეტშიც
ანრი ოხანაშვილი ​- მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ეს იყო საზოგადოებრივი პროცესი და ასევე გაგრძელდება იურიდიულ კომიტეტშიც

პროცესი უნდა წარიმართოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, განვიხილოთ და მოვუსმინოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის და ჩვენთვის უკვე ცნობილია უზენაესი სასამართლოს სასამართლოს ოცკაციანი სია, რომელიც დაამტკიცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ჩვენ ველოდებით საქართველოს პარლამენტში ამ სიის გადმოგზავნას და შესაბამისად წარიმართება ის პროცედურა, რომელიც გავწერეთ კანონით. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმა შევიმუშავეთ კანონი, რომელმაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა. მათთან გასაუბრება წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა ამ პროცესისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ამ პროცესს ვუწოდოთ საზოგადოებრივი პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში მიედევნებინა თვალი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც შესაძლოა, წარდგენილ ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.

„ჩვენ წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ველოდებით პროცესის წარმართვას. მოგეხსენებათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვართ ჩართული, როგორც წამყვანი კომიტეტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, შემდგომ, როდესაც დოკუმენტაცია შესწავლილი იქნება, დავიწყებთ განხილვებს და სწორედ განხილვების შედეგად გამოიკვეთება მათი მოხსენებებიდან, შეკითხვაზე პასუხიდან ჩვენი დამოკიდებულება.  მთავარი არის ის, რაც ძირითადი მონაპოვარია ამ კანონის – პროცესის მაქსიმალურად გახსნა და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვა. ეს იყო საზოგადოებრივი პროცესი, ეს გაგრძელდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც, მაქსიმალურად ღიად წარიმართება ეს პროცესი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის. მე არ ვიცი ოპოზიცია რითი ხელმძღვანელობს, ზოგადად ოპოზიცია ხელმძღვანელობს ბუტაფორიული სიტყვებით, იმითი, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, აკრიტიკოს სახელისუფლებო შტოები, ეს მათი სამარკო ნიშანია – არგუმენტების გარეშე კრიტიკა. შესაბამისად, არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად პოზიციები, თუკი ამ პოზიციებთან მიმართებაში არ იქნება არგუმენტები. რაც შეეხება სიას, ჩვენ სიას კი არ ვუჭერთ მხარს, ჯერ ვისმენთ თითოეულ კანდიდატს და შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებას თითოეული კანდიდატის მხარდაჭერის, თუ რომელიმესთვის მხარდაჭერის არგამოცხადების შესახებ. წინმსწრებად საუბარი ჯერ ადრეა, პროცესი უნდა წარიმართოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, განვიხილოთ და მოვუსმინოთ თითოეულ კანდიდატს და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან:  თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე;  ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა. პარლამენტს წარედგინება ყველა ის კანდიდატურა, რომელიც პირველი კენჭისყრის შედეგად შეირჩა.  მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს. იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად შერჩეულიყო, საჭირო იყო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.