ზაალ უდუმაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ის ხალხია, რომლებიც მონური მორჩილებით მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სურს ხელისუფლებას
ზაალ უდუმაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ის ხალხია, რომლებიც მონური მორჩილებით მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სურს ხელისუფლებას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ზუსტად ის ხალხია, ვინც მოიაზრება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„დღეს ივანიშვილის ხელისუფლება დგას ორ ძირითად სვეტზე. ესენია სასამართლო სისტემა და ძალოვანი სისტემა. ეს არის ის, რითიც ივანიშვილი ცდილობს, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება და ხელისუფლება. რომელიმე სისტემის შერყევა მისთვის იქნება კატასტროფის ტოლფასი. ამიტომ არის სწორედ, რომ იმ მოსამართლეთა სიაში ზუსტად ის ხალხია, ვინც მოიაზრება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მონური მორჩილებით მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სურს ამ ხელისუფლებას. ზუსტად ასევე, შემდეგ პარლამენტი აწევს ხელს მონურად ყველა იმ კანდიდატზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება და ასე მიიღებს ივანიშვილი საბოლოოდ დამონებულ სასამართლოს სისტემას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან:  თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე;  ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა. პარლამენტს წარედგინება ყველა ის კანდიდატურა, რომელიც პირველი კენჭისყრის შედეგად შეირჩა.  მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს. იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად შერჩეულიყო, საჭირო იყო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.