ეკა ბესელია - დიდი აქცია გამოცხადდება მოსამართლეების კენჭისყრის დღეს, რათა პარლამენტმა გაიგონოს ხალხის ხმა
ეკა ბესელია - დიდი აქცია გამოცხადდება მოსამართლეების კენჭისყრის დღეს, რათა პარლამენტმა გაიგონოს ხალხის ხმა

დიდი აქცია გამოცხადდება ჩვენს მიერ მოსამართლეების არჩევის კენჭისყრის დღეს, რათა პარლამენტმა გაიგონოს ხალხის ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია, მოთხოვნა, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ამისთვის მოიძებნოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის უშუალო ჩართვით გამოსავალი. ეს გამოსავალი შესაძლებელია. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომ ყველა ითხოვს, ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რათა ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ამისთვის ბუნებრივია, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის აქტივობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი აქტუალური საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაა.

„მთავარი არის კიდევ ერთი რამ. უახლოეს დღეებში ველოდებით მოსამართლეების არჩევის კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ ამ დღისთვის ბუნებრივია, იქნება პროტესტი გამოხატული ხალხის მიერ. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა ახლა, რომელიც პარლამენტში იგეგმება. ამ ქვეყანაში როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება მედიის თავისუფლების ხარისხი, როგორი იქნება ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტიები, ამას ყველაფერს სწორედ ეს კენჭისყრა გადაწყვეტს. კენჭისყრისთვის, რა თქმა უნდა, გვექნება სრული მობილიზება და ხალხის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველაზე უახლესი პროცესი და ყველაზე მთავარი პროცესი, რომელიც იქნება, არის ის, უზენაესი სასამართლო როგორ დაკომპლექტდება, როგორი იქნება სამართლიანობა ამ ქვეყანაში. დიდი აქცია გამოცხადდება ჩვენს მიერ სწორედ მოსამართლეების არჩევის კენჭისყრის დღეს, რათა პარლამენტმა გაიგონოს ხალხის ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველა აქტიური იყოს და ყველამ გავიაზროთ, რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. როგორც ვიცი, ახალგაზრდები ხვალაც გეგმავენ აქციას, მათ შორის ლოკალური პროტესტის გამოხატვას და ეს გაგრძელდება ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.