რომან გოცირიძე - პარლამენტში შექმნილ ჯგუფში მუშაობის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ წარმოდგენილი მოსამართლეები არიან ივანიშვილის მორჩილი ადამიანები
რომან გოცირიძე - პარლამენტში შექმნილ ჯგუფში მუშაობის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ წარმოდგენილი მოსამართლეები არიან ივანიშვილის მორჩილი ადამიანები

პარლამენტის მიერ ამ ადამიანების დამტკიცება იქნება ქვეყნის უდიდესი სირცხვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით მონაწილეობას იღებს სამუშაო ჯგუფში, რომელიც პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეიქმნა.

„თუ დავინახეთ, რომ ეს არის უსარგებლო და არაფრის მომტანი, მაშინ ამ ჯგუფის დატოვებას წინ არაფერი დაუდგება. ამავე დროს ჩვენ გვიკვირს, როდესაც მის შემადგენლობაში შეჰყავთ სხვადასხვა აკადემიური წრეებიდან სპეციალისტები, რატომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. თუ ეს ჯგუფი შექმნილია ფორმალურად და მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც კანონის მოთხოვნა დააკმაყოფილონ, ბუნებრივია, ასეთ ჯგუფში მუშაობას აზრი არ ექნება, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებითაც გააძლიეროს ეს ჯგუფი. მთლიანობაში, ყველა გზა ამხელს ამ მოსამართლეების კლანურობას, თუნდაც ამ მოსამართლეების ბიოგრაფიებში ხარვეზებს. ამ ჯგუფში მუშაობის მიზანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ აქ წარმოდგენილი მოსამართლეები არიან ივანიშვილის მორჩილი ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს სჭირდება საკუთარი პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. პარლამენტში ამ ადამიანების დამტკიცება იქნება ქვეყნის უდიდესი სირცხვილი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.