ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზეც გააპროტესტებს და პარლამენტს გარეთაც
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზეც გააპროტესტებს და პარლამენტს გარეთაც

პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყანა წარსულში ბრუნდება თუ მომავლისკენ მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, ამიტომ ჩვენი ყურადღებისა და ენერგიის სრული კონცენტრირება უნდა მოხდეს სწორედ ამ მიმდინარე კვირას, როდესაც ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა ჩატარდება საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ერთი წლის თავზე, დეკემბერში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყანა წარსულში ბრუნდება თუ მომავლისკენ მიდის. მოსამართლეებს, რომლებიც განასახიერებენ წარსულის ძალადობრივ სისტემას, აირჩევს „ქართული ოცნება“ და დაგვაბრუნებს ისევ იმ წარსულში, თუ უარს იტყვის მათ არჩევაზე. ეს არის ძალიან პრინციპული კენჭისყრა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, დღეს საღამოს მმართველი გუნდის წევრებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და 11 დეკემბრის ნაცვლად, 12 დეკემბერს გადაიტანეს იურიდიულ კომიტეტში კენჭისყრა.

„ამიტომ საჭიროა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მთელი საზოგადოებრივი ჯგუფები, სამოქალაქო სექტორი, მიუხედავად ასაკისა, განწყობებისა, ეს ზეპარტიული თემაა, ხალხის ხმა პარლამენტს უნდა ესმოდეს კენჭისყრის დღეს, რათა დეპუტატებმა გაიაზრონ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა არის ქვეყნის ინტერესი ,ხვალინდელი მომავალი და ყველაფერია ამაზე დამოკიდებული. დამოკიდებულია პირდაპირი მნიშვნელობით კეთილდღეობა, მედიის თავისუფლება არჩევნების თავისუფლება. ამიტომ სრულიად კონცენტრირებული ვართ ამ კენჭისყრაზე. აქტივობა იქნება ნაწილი შიგნით, კომიტეტის სხდომაზე, სესიაზე კენჭისყრის დროს. მე პირადად ვიქნები შიგნით, პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმში არ ვაპირებ ყოფნას. ნაწილი იქნება გარეთ. ახალგაზრდები იქნებიან, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთლიანი პროტესტის ხმა გარკვეულწილად მაინც შეაჩერებს ამ პროცესს და ბევრ ჩემს კოლეგას გაუჩენს იმის განცდას, რომ ეს ადვილი არ იყოს ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი