გამოვლენილია ერთადერთი ძუძუმწოვარი ადამიანის გარდა, რომელიც საკვების მისაღებად მცენარეებს უვლის — #1tvმეცნიერება
გამოვლენილია ერთადერთი ძუძუმწოვარი ადამიანის გარდა, რომელიც საკვების მისაღებად მცენარეებს უვლის — #1tvმეცნიერება

მიიჩნეოდა, რომ ადამიანი ერთადერთია ძუძუმწოვრებს შორის, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მკაცრები ვართ განსაზღვრებათა მიმართ, როგორც ჩანს, შეიძლება მარტო სულაც არ ვიყოთ, როდესაც საქმე მიწის მოვლას ეხება საკვების მოყვანის მიზნით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოფლის მეურნეობის გარკვეულ ფორმას ასევე მისდევენ ჯიბის გოფერები (Geomys pinetis).

ამ პატარა არსებათა სოროების ველზე შესწავლა მიუთითებს, რომ ისინი არა მხოლოდ აგროვებენ მათ სახლებში მზარდ ჭაობის ფიჭვის ფესვებს, არამედ მათ კულტივირებასაც ეწევიან.

ეს მიხვეულ-მოხვეული სოროები სიგრძეში ასობით მეტრია და გოფერები მათ გამუდმებით ცვლიან და ამუშავებენ. არ ავიწყდებათ სასუქიც.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სამეცნიერო დებატები იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ფერმერობა და რას არა, ახალი კვლევის ავტორები გამოყოფენ რამდენიმე აშკარა მინიშნებას, რომ გოფერებმა იციან რას აკეთებენ, როცა საქმე ფესვების მენეჯმენტს ეხება.

„სამხრეთ-აღმოსავლეთის ჯიბის გოფერები პირველი ძუძუმწოვრები ფერმერები არიან ადამიანთა შემდეგ. სოფლის მეურნეობით დაკავება ცნობილია ჭიანჭველების, ხოჭოების, ტერმიტების სახეობებში, მაგრამ არა სხვა ძუძუმწოვრებში“, — ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ფრანსის პუტცი.

გოფერების კვლევის პროექტის შთაგონება გახდა კანალიზაციის მილები, რომლებიც ხშირად წნეხის ქვეშაა ფესვების ზრდის მხრიდან. მკვლევრებს აინტერესებდათ ენახათ, ცდილობდნენ თუ არა ფესვები იმ ტუნელებში შეჭრასაც, რომლებშიც გოფერები ბინადრობენ და როგორ შეიძლება ახდენდნენ მღრღნელები საკვების წყაროს კულტივირებას უკვე არსებულ და ახლად გათხრილ სოროებში.

გოფერების სოროების ქსელის იზოლირებულ ნაწილში ფესვების ზრდის შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა გამოიანგარიშეს, რომ ტუნელების ქსელში მზარდი ფესვები შეიძლება უზრუნველყოფდეს ამ არსებათათვის საჭირო კალორიათა დღიური ნორმის 20-60 პროცენტს; ამავე დროს დაადგინეს, რომ ამ მიწისქვეშა ქსელების შენარჩუნებას დიდი ენერგია და მოვლა სჭირდება.

მას შემდეგ, რაც ფესვი სოროს მიადგება, მათ ზრდას აჩქარებს და ახალისებს გოფერების შარდი და განავალი. მართალია, ეს შეიძლება ფერმერობით დაკავების ყველაზე დახვეწილი ფორმა არ იყოს, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს მოიცავს რაღაც ისეთს, რასაც ადამიანებიც აკეთებენ.

ასევე აშკარაა, რომ ცხოველები დროს და ენერგიას ხარჯავენ საკუთარი მცენარეების დასაცავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოფლის მეურნეობით დაკავების ფორმას მათი მხრიდან წარმოადგენს სოროების მოვლა-პატრონობა და იმ გარემო პირობების მენეჯმენტი, რომლებშიც ფესვებს ზრდის გაგრძელება შეუძლიათ.

„ისინი უზრუნველყოფენ ფესვების ზრდისთვის ბრწყინვალე გარემოს და ანოყიერებენ საკუთარი ფეკალიებით“, — ამბობს ფლორიდის უნივერსიტეტის ზოოლოგი ვერონიკა სელდენი.

გოფერებისთვის საკვების ერთადერთი წყარო მათ სოროებში შეჭრილი ფესვებია და ისინი იშვიათად ერევიან ადამიანის საქმიანობაში. მკვლევართა განცხადებით, ისინი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი „ინჟინრები“ არიან — მათი სოროები ახდენს ნიადაგის განიავებას და უკან უბრუნებენ საკვებ ნივთიერებებს.

ზოგიერთი ექსპერტი აუცილებლად იტყვის, რომ ნამდვილი სოფლის მეურნეობა მოითხოვს მცენარეების დარგვას, ზრდაში დახმარებას და მოსავლის აღებას, მაგრამ კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ფერმერულ საქმიანობაშიც არ იყო ყოველთვის ასე.

ფერმერობის ერთ-ერთი მაგალითია ტყის ხილის ხეები, სადაც მოსავალს ფრთხილად მართავენ და სულაც არ რგავენ; იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ მრავალწლიან კულტურაზე, რომელიც თავისთავად იზრდება. ამ განმარტებით, გოფერები შეიძლება შეუერთდნენ ფერმერთა კლუბს.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი