დასახიჩრებულმა თუთიყუშმა საკუთარი თავის მოსავლელად ხელსაწყოების გამოყენება ისწავლა — იშვიათი შემთხვევა ახალ ზელანდიაში #1tvმეცნიერება
დასახიჩრებულმა თუთიყუშმა საკუთარი თავის მოსავლელად ხელსაწყოების გამოყენება ისწავლა — იშვიათი შემთხვევა ახალ ზელანდიაში #1tvმეცნიერება

სხვა ფრინველთა მსგავსად, თუთიყუშები საკუთარ ბუმბულს გულმოდგინედ ისუფთავებენ. როგორც ჩანს, ასე იქცევიან ის თუთიყუშებიც კი, რომლებსაც მხოლოდ ნახევარი ნისკარტი აქვთ.

ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ახალ ზელანდიაში, ვილოუბენკის ველური ბუნების ნაკრძალის ბინადარი, კეას სახეობის (Nestor notabilis) თუთიყუში, სახელად ბრიუსი, ნისკარტთ ბუმბულების გასასუფთავებლად პატარა კენჭებს იყენებს.

ეს განსაკუთრებით ამაღელვებელია ბიოლოგებისთვის, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა საკუთარი თავის მოვლისათვის კეას მიერ იარაღის გამოყენება დააფიქსირეს; ასევე პირველი სამეცნიერო დაკვირვებაა თუთიყუშის მიერ ამისათვის კენჭების გამოყენებაზე.

„ველურ ბუნებაში, ფრინველებში საკუთარი თავის მოსავლელად ხელსაწყოების გამოყენება იშვიათია, თუ არ ჩავთვლით ასეთი ქცევის შესახებ რამდენიმე ანეკდოტურ ცნობას ტყვეობაში მყოფ თუთიყუშებში“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ახლა უკვე დააფიქსირეს, რო ბრიუსი, დასახიჩრებული თუთიყუში, რომელსაც ნისკარტის ზედა ნაწილი არ აქვს, საკუთარი ბუმბულის გასაწმენდად მიზანმიმართულად იყენებს კენჭებს.

ნისკარტით გასუფთავება შეიძლება ისეთ ქცევად მოგეჩვენოთ, რომლის გარეშეც თუთიყუში ისედაც იცოცხლებს, მაგრამ ეს ქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფრინველის ჰიგიენა და ბუმბულის შენარჩუნებისთვის. ამ გზით, ფრინველები იცლიან მტვერს, ჭუჭყსა და პარაზიტებს, ახდენენ ბუმბულების იზოლაციას, რაც მათ წყალგაუმტარს ხდის და აძლევს ოპტიმალურ აეროდინამიკას.

გარდა ამისა, კარგი ვიზუალი მნიშვნელოვანია პოტენციური პარტნიორების მოსაზიდადაც.

როგორც წესი, კეა, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე გავრცელებული საფრთხის ქვეშ მყოფი თუთიყუში, ბუმბულებს მძლავრი ნისკარტით ისუფთავებს.

ბრიუსი 2013 წელს ველურ ბუნებაში, სულ პატარა იპოვეს. მძიმედ დაზიანებულ ნისკარტზე თუთიყუშს მაღლითა ნაწილი საერთოდ აღარ ჰქონდა. მისი მომვლელების აზრით, ფრინველმა ნისკარტი ხაფანგში მოყოლისას დაიზიანა.

ვინაიდან ბრიუსს ბუმბულების მოსავლელად შესაფერისი ნისკარტი არ აქვს, შეიძლება იფიქროთ, რომ ის გაქუცულად უნდა გამოიყურებოდეს. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის — ნისკარტის გარეშე ცხოვრება თუთიყუშმა ბრწყინვალედ ისწავლა. ბუმბულების გასაწმენდად ბრიუსი სხვადასხვა იარაღებს, მათ შორის კენჭებს იყენებს, რომლებსაც ქვედა ნისკარტითა და ენით იჭერს.

„ქმედუუნარობის საპასუხოდ ინდივიდუალური, ინოვაციური იარაღის გამოყენება მათი გონიერების დიდ მოქნილობაზე მეტყველებს. ახალი პრობლემის გამოჩენისთანავე, მათ გადასაჭრელად, ადაპტაციისა და მოქნილობის უნარი შესწევთ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ცხოველთა შემეცნების მკვლევარი ამალია ბასტო.

მისი განცხადებით, სხვა კეა თუთიყიშებისგან განსხვავებით, ბრიუსი სხვანაირ კენჭებს იყენებს, ყოველთვის ერთნაირი ზომისას. ეს კი საინტერესო ქმედებაზე მიუთითებს: ნისკარტის ზედა ნაწილის გარეშე, ბუმბულების გასუფთავების გზის ძებნაზე.

მომვლელებმა პირველად 2019 წელს შენიშნეს, რომ ბრიუსი თავს კენჭების გამოყენებით უვლიდა და ამის შესახებ მკვლევრებს აცნობეს. ისინი თუთიყუშს ცხრა დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მრავალი მტკიცებულებაც აღმოაჩინეს, რომ საქმე ნამდვილად ეხებოდა თავის მოვლაში ხელსაწყოების გამოყენებას.

„როდესაც ბრიუსი კენჭებს იღებდა, შემთხვევათა 90 პროცენტში, ის მათ ბუმბულის გასაწმენდად იყენებდა. 95 პროცენტ შემთხვევაში, როცა ბრიუსს კენჭი უვარდებოდა, ხელახლა იღებდა ან სხვა კენჭს იღებდა, რათა გასუფთავება გაეგრძელებინა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, თუთიყუში მხოლოდ კონკრეტული ზომის კენჭებს იღებდა და არა ნებისმიერს, რასაც ნახავდა; მის გარემოში ბუმბულის გასაწმენდად კენჭებს სხვა არც ერთი კეა თუთიყუში არ იყენებდა.

ბოლო დროს ადამიანებს სულ უფრო მეტად გვაინტერესებს ცხოველთა სამყაროში ხელსაწყოების გამოყენების ამბავი. ამის კარგი მაგალითია ყვავები. კაკადუებს საკუთარი ხელსაწყოების დამზადებაც შეუძლიათ, ძარცვავენ ნაგვის ურნებს; არასასურველი ყურადღებისგან თავდასაცავად, იარაღებს რვაფეხებიც კი იყენებენ.

ველურ ბუნებაში დაფიქსირებული უხუცესი კეა თუთიყუში 20 წლის არის, მაგრამ ტყვეობაში მათ 50 წლამდეც შეუძლიათ იცოცხლონ.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.