დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს
დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისე, რომ არ დაელოდოს, რა შედეგს მოიტანს ისრაელსა და პალესტინას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქემერონმა განაცხადა ლიბანში ვიზიტისას, სადაც რეგიონული დაძაბულობის შემცირების მიზნით იმყოფებოდა.

ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, აღიარების პროცესი ვერ მოხდება მაშინ, როცა „ჰამასი“ ღაზაშია, თუმცა შესაძლოა, განხორციელდეს იქამდე, ვიდრე პალესტინელ ლიდერებთან ისრაელის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქემერონის თქმით, იმისთვის, რომ დიდმა ბრიტანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, „ჰამასმა“ უნდა დატოვოს ღაზა.

„არ შეიძლება, არსებობდეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როდესაც ღაზა ისევ კონტროლირდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 7 ოქტომბერზე.

ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ პალესტინელ ხალხს მივცეთ ჰორიზონტი უკეთესი მომავლისკენ, საკუთარი სახელმწიფოს მომავლისკენ“, – განახადა ქემერონმა.

მისივე თქმით, ეს პერსპექტივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

დევიდ ქემერონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს გეგმა ლიბან-ისრაელის საზღვარზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად. გეგმა მოიცავს ლიბანის არმიის ძალების წვრთნას, რათა შეძლონ სამუშაოების განხორციელება სასაზღვრო რეგიონში მეტი უსაფრთხოებისთვის.

როგორც მედია წერს, ბრიტანეთმა, აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელი პალესტინის იდეას, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის შემდეგ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას არ ეთანხმება.