ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენი დაკავების ორდერებს თუ გასცემს, ეს იქნება მართლმსაჯულების დამახინჯება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენი დაკავების ორდერებს თუ გასცემს, ეს იქნება მართლმსაჯულების დამახინჯება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაკავების ორდერებს თუ გასცემს, ეს იქნება მართლმსაჯულების დამახინჯება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს ტერორიზმისგან თავის დაცვის მცდელობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

„ჰოლოკოსტიდან ოთხმოცი წლის შემდეგ საერთაშორისო ორგანოები, რომლებიც შეიქმნა მორიგი ჰოლოკოსტის აღსაკვეთად, განიხილავენ, უარყონ ებრაული სახელმწიფოს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი მათგან, ვისაც ჩვენ წინააღმდეგ გენოციდის ჩადენის მიზანი აქვს და ახლაც აქტიურად მუშაობენ ამის გასაკეთებლად. რა აბსურდია, სამართლიანობის და ისტორიის რა დამახინჯებაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თუ გასცა დაკავების ორდერი, ეს იქნება „ისტორიული მასშტაბის სკანდალი“ და ასეთი ნაბიჯი „წარუშლელ ლაქას დატოვებს კაცობრიობისთვის“.

ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ამ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ისრაელის არმიის შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერები გასცეს.

ისრაელი არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი, თუმცა 2015 წლიდან მისი წევრია პალესტინური ტერიტორიები, რაც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოიძიოს ისრაელელი სამხედროების ქმედებები პალესტინურ ტერიტორიებზე და პალესტინელების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზეც. თუმცა ისრაელი არ აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებზე.

ამასთან, აშშ-ის კონგრესი საპასუხო ზომებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს, თუ ისრაელის მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაკავების ორდერები გაიცემა.