დონალდ ტრამპი - „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბენიამინ ნეთანიაჰუს სამართლიანად ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპი - „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბენიამინ ნეთანიაჰუს სამართლიანად ადანაშაულებენ

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე შვიდ ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრად და სამართლიანად ადანაშაულებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალ „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ისრაელს აქვს ყველაზე დახვეწილი აღჭურვილობა. მათ ჰქონდათ ყველაფერი ამის შესაჩერებლად და ბევრმა იცოდა კიდეც, ათასობით ადამიანმა იცოდა, მაგრამ ისრაელს არ ჰქონდა ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ მათ ძალიან მკაცრად და სამართლიანად ადანაშაულებენ ამაში“, – განაცხადა ტრამპმა ისრაელზე საუბრისას.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ცუდი გამოცდილება“ ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და იგი დაადანაშაულა 2020 წლის იანვარში აშშ-ის მიერ დაგეგმილი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ლიდერის, ყასემ სოლეიმანი ლიკვიდაციის ოპერაციიდან გასვლაში.

„მოულოდნელად გვითხრეს, რომ ისრაელი ამას არ გააკეთებდა და ეს მე არ გამიხარდა. ეს იყო ის, რაც არ მავიწყდება და ამან რაღაც მაჩვენა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა არ მოხდებოდა.

„ეს ნამდვილად არასდროს მოხდებოდა. „ჰამასს“ ფული არ ექნებოდა. ჩვენ არ გვყავს ტერორისტები, ჩვენ 100%-ით მოვიშორეთ „ისლამური სახელმწიფო“. ახლა ისინი იწყებენ დაბრუნებას“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ახლა „უფრო რთულია“ და ამ იდეას უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს.

„არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელმაც გააკეთა ის, რაც მე გავაკეთე ისრაელში და ეს საინტერესოა. ისრაელის ხალხი ამას აფასებს. მე მაქვს ყველაზე მაღალი მოწონების რიცხვი, დაახლოებით 98%. ვიყავი ისრაელის მიმართ ძალიან ლოიალური, უფრო ლოიალური, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი. უფრო მეტი გავაკეთე ისრაელისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა და დიახ, მე დავიცავ ისრაელს“, – განაცხადა ტრამპმა.