ენტონი ბლინკენი - დროა, „ჰამასის“ მძევლები შინ დაბრუნდნენ, შეთავაზება მაგიდაზე დევს და შეფერხება არ უნდა არსებობდეს
ენტონი ბლინკენი - დროა, „ჰამასის“ მძევლები შინ დაბრუნდნენ, შეთავაზება მაგიდაზე დევს და შეფერხება არ უნდა არსებობდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზები განიხილეს.

„ამ ძალიან რთულ დროსაც კი ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამის მიღწევა ვერ ხდება, ეს „ჰამასია“. მაგიდაზე დევს შეთავაზება და, როგორც ვთქვით, არანაირი შეფერხება არ უნდა არსებობდეს. დადგა დრო, მძევლები ოჯახებში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ვიზიტის დროს.

თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მხარდაჭერისთვის.

„გვსურს მძევლების დაუყოვნებლივ დაბრუნება. ეს არის და უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.