ცის ციცქნა მონაკვეთში აღმოჩენილია 300 000 აქამდე უცნობი გალაქტიკა
ცის ციცქნა მონაკვეთში აღმოჩენილია 300 000 აქამდე უცნობი გალაქტიკა

ჩრდილოეთის ცის ერთ ციცქნა მონაკვეთში ასტრონომებმა 300 000-ზე მეტი პოტენციური გალაქტიკა აღმოაჩინეს.

აღმოჩენა ევროპაში განთავსებული დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპთა ქსელ LOFAR-ის მიერ შეგროვებულ მონაცემთა საფუძველზე გაკეთდა. ამ ქსელმა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა კოსმოსის რადიოტალღათა რუკა და იძლევა არაერთი კვლევის ჩატარების საშუალებას, მაგნიტური ველებით დაწყებული, შავი ხვრელებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამას ღამის ცაზე ვერ ვხედავთ, სამყარო სავსეა დაბალი სიხშირის ტალღებით, რომლებსაც აჩქარებული ნაწილაკები და ელექტრომაგნიტური ველები წარმოქმნიან.

ამ ტალღების დაფიქსირებას ძალიან მგრძნობიარე აღჭურვილობა სჭირდება. LOFAR-ის ტელესკოპთა ქსელი შედგება ნიდერლანდებსა და მის ფარგლებს გარეთ 48 სადგურში გაბნეული 200 000 ანტენისგან. წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ზედაპირის უზარმაზარ, რადიომოგრძნობელ ერთგვარ თვალს.

მის მრავალ ამოცანას შორის არის ჩრდილოეთის ცის ინტენსიური კატალოგიზაცია 120-168 მეგაჰერც რადიოსიხშირეებში. ასტრონომთა ვარაუდით, სწორედ ამ დიაპაზონში იმალება მრავალი ახალი ინფორმაცია სხვადასხვა ჩუმად მოკიაფე ასტრონომიული ფენომენის შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ჯერ მხოლოდ კატალოგიზაციის 20 პროცენტი აქვს დასრულებული, საიდანაც მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან, წვდომა აქვთ არსებულ მონაცემთა მხოლოდ 10 პროცენტზე.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა 26 სხვადასხვა კვლევა კვაზარების, ბლაზარების, შავი ხვრელებისა და გალაქტიკათშორისი ელექტრომაგნიტური ველების შესახებ.

ერთ-ერთი დიდი აღმოჩენაა 325,694 წერტილი, სადაც რადიოტალღათა ნათება ფონური ხმაურისას სულ მცირე ხუთჯერ აღემატება. მათი დაახლოებით 70 პროცენტი დაკავშირებულია ოპტიკურ სიგნალთან და შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კაშკაშა წერტილები სინამდვილეში გალაქტიკებია.

საიდუმლო არ არის, რომ ყველა მოზრდილი გალაქტიკის ცენტრში განთავსებულია გიგანტური შავი ხვრელი, რომელიც ყლაპავს ყველაფერს, რაც მას გარკვეულ მანძილზე მიუახლოვდება. ამ დროს ის ჭავლების სახით ამოაფრქვევს მატერიის გარკვეულ ნაწილს, რაც რადიოტალღების სახით ვრცელდება. უცნობია, რამდენად მკაცრია ეს წესი და ახერხებენ თუ არა ეს ცენტრალური შავი ხვრელები თავიანთი „თეფშის“ მოსუფთავებას.

ახალი მონაცემების წყალობით, მეცნიერები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ ამ მონსტრებს სასტიკი მადა აქვთ.

ასტროფიზიკოს ფილიპ ბესტის განცხადებით, LOFAR-ის განსაკუთრებული მგრძნობელობის წყალობით მათ იხილეს, რომ ასეთი ჭავლები წარმოდგენილია თითქმის ყველა მასიურ გალაქტიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შავი ხვრელები ჭამას არასოდეს წყვეტენ.

ახალი გალაქტიკების ადგილმდებარეობის გარკვევა ინფორმაციას გვაწვდის არა მხოლოდ მათი შიდა სტრუქტურის შესახებ, არამედ ფასდაუდებელ ხელსაწყოს გვთავაზობს მათ შორის არსებული სიცარიელის შესასწავლად.

როგორც წესი, რადიოტალღები წარმოიქმნება გალაქტიკათა შეჯახებით გამოწვეული ტურბულენტობითაც.

ბოლონიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ანალისა ბონეფედეს თქმით, LOFAR-ის საშუალებით მათ იხილეს, რომ ძალიან დაბალ სიხშირეზე, მაგრამ ამ რადიაციის წარმოქმნა მაინც შეუძლია იმ გალქტიკათგროვებსაც, რომლებიც ერთმანეთს არ ერწყმის.

როგორც იგი აღნიშნავს, ეს აღმოჩენა გვეუბნება, რომ გარდა შერწყმებისა, არსებობს სხვა ფენომენებიც, რომლებსაც შეუძლიათ ნაწილაკთა აჩქარება უზარმაზარ ნიშნულებამდე.

LOFAR-ის მგრძნობელობა მკვლევრებს ასევე დაეხმარა იმ მკრთალი მაგნიტური ველების დაფიქსირებაში, რომელთა არსებობაც ნავარაუდევი იყო გალაქტიკათშორის სივრცეში, მაგრამ მისი დაჭერა ამ დრომდე საკმაოდ რთული იყო.

კვლევა ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია astron.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.