აღმოჩენილია სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც გიგანტური შადრევანივით მოქმედებს
აღმოჩენილია სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც გიგანტური შადრევანივით მოქმედებს

დედამიწიდან დაახლოებით მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ერთი გიგანტური ელიფსური გალაქტიკა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, „ენთუზიასტი“ გადამამუშავებელია. თუმცა, არა პოლიეთილენის ბოთლების. მის ბირთვში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი ცივ მოლეკულურ გაზს აფეთქებს, რომელიც შემდეგ მასში ჩაედინება და ციკლს ხელახლა კვებავს.

ამ ფენომენს „შადრევანი“ ჰქვია და უწოდებენ გალაქტიკას, რომელიც მრავალჯერადად გადაამუშავებს ვარსკვლავთწარმომქმნელ მატერიას. ამ ტიპის გალაქტიკის არსებობას დიდი ხანია ვარაუდობდნენ, მაგრამ ამ დრომდე ეს ფაქტი არ დასტურდებოდა.

ასეთ გასაოცარ სცენას ასტრონომებმა მიაგნეს გალაქტიკაში, რომელიც გალაქტიკათგროვა აბელ 2597-ის შუაგულში მდებარეობს.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევრის, გრანტ ტრემბლის განმარტებით, ეს პირველი სისტემაა, როცა დააფიქსირეს შავ ხვრელში ჩამავალი ცივი მოლეკულური გაზი და მის მიერ გამოშვებული ჭავლებიდან ამომავალი ნაკადი.

მისი თქმით, ამ გალაქტიკის ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელი შადრევანში არსებული მექანიკური ტუმბოსავით იქცევა.

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, შავი ხვრელი მატერიას უკან არ ამოანთხევს. როცა აქტიური შავი ხვრელი „იკვებება“, მატერია მასში მორევის, ანუ აკრეციული დისკოს სახით ჩაედინება, ზუსტად ისე, როგორც წყალი დრენაჟში. თუმცა, შავი ხვრელი მთლიან მატერიას ვერ ყლაპავს.

ჩასული მატერიის გარკვეული ნაწილი პოლუსებისკენ მიემართება, სავარაუდოდ, მაგნიტური ხაზების გამო, დაახლოებით ისე, როგორც პოლარული ციალის წარმომქმნელი მზის ქარის დამუხტული ნაწილაკები მიემართება დედამიწის პოლუსებისკენ.

თუმცა, შავი ხვრელების დინამიკა განსხვავებულია. ციალის ნაცვლად, ისინი წარმოქმნიან პლაზმის მძლავრ ნაკადებს, რომლებიც პოლარული რეგიონიდან გამოიტყორცნება და სივრცეში თითქმის სინათლის სიჩქარით მოგზაურობენ.

აბელ 2597-ის შუაგულში მდებარე გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის შემთხვევაში, ჭავლები ცივ მოლეკულურ გაზს კოსმოსში 30 000 სინათლის წლის მანძილზე ტყორცნის.

ამის შემდეგ, ეს ცივი გაზი წვიმასავით კვლავ იმ რეზერვუარში ბრუნდება, რომელიც შავი ხვრელის აკრეციის დისკოს კვებავს. ეს გახლავთ ვრცელი ფილამენტური ნისლეული, რომლის მასაც დაახლოებით 3 მილიარდი მზის მასას უდრის და გალაქტიკის ცენტრიდან 100 000 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება.

ამ „წვიმას“ ტრემბლი და მისი ჯგუფი პირველად 2016 წელს, ტელესკოპ ALMA-ს საშუალებით დააკვირდა. მათ შენიშნეს შავ ხვრელში ჩამავალი ნახშირბადის მონოქსიდის მოლეკულები, რომელთაგან ზოგიერთის ტემპერატურა -260 –250 გრადუსი იყო.

ამის შემდეგ, ამ დაკვირვებებით მიღებული შედეგები ჯგუფმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT) მიღებულ შედეგებთან შეაჯერა. გაირკვა, რომ შავი ხვრელის ჭავლები კოსმოსში უფრო ცხელ გაზს ტყორცნიდნენ.

NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიით ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა ეს კავშირი დაადასტურა. შედეგად, ხელთ გვაქვს პირველი მტკიცებულება, რომ შავი ხვრელის ჩამავალი და ამომავალი ნაკადები ერთი და იგივე პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ტრემბლის თქმით, ეს ძალიან ცხელი გაზი სწრაფად ცივდება, კონდენსირდება და დაახლოებით ისე მოქმედებს, როგორც თბილი, ტენიანი აირი დედამიწის ატმოსფეროში, რომელიც ღრუბლებსა და ნალექებს წარმოქმნის.

როგორც იგი აღნიშნავს, ახლად კონდენსირებული ღრუბლები გალაქტიკაში აწვიმებს, ანთებენ ვარსკვლავთწარმოქმნას და კვებავენ სუპერმასიურ შავ ხვრელს.

მკვლევართა აზრით, მართალია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ პროცესის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება მოხერხდა, მაგრამ შესაძლოა, ის საკმაოდ გავრცელებული იყოს გალაქტიკათა ევოლუციაში. ამ აღმოჩენამ შეიძლება, ნათელი მოჰფინოს ვარსკვლავების წარმოქმნის ზოგიერთ დეტალს, შავ ხვრელთა კვების გზებს და ზოგადად, გალაქტიკების სიცოცხლის ციკლს.

კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.