დაფიქსირებულია დიდი აფეთქების შემდეგ ყველაზე დიდი კოსმოსური აფეთქება — #1tvმეცნიერება

14:49, 06.06.2025

კოსმოსურმა ტელესკოპმა გაიამ შემთხვევით დააფიქსირა ჯერ არნახული ტიპის გიგანტური კოსმოსური აფეთქება, რომელიც უდიდესია დიდი აფეთქების შემდეგ.

ტელესკოპმა ჩაიწერა შორეული გალაქტიკების შუაგულებიდან წამოსული უეცარი, უკიდურესად გაზრდილი სიკაშკაშე — სინათლის კოლოსალური ალები, რომლებმაც იმაზე გაცილებით დიდხანს გასტანა, ვიდრე აქამდე ცნობილმა სხვა რომელიმე ასეთმა ნათებამ.

მეცნიერთა გათვლით, აფეთქების შედეგად გამოიყო იმდენი ენერგია, რამდენსაც 100 მზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფდა.

სინათლის ანალიზმა რაღაც ახალი და თან ნაცნობი გამოააშკარავა — შავი ხვრელები ვარსკვლავებს ფლეთენ, მაგრამ ისეთი მასშტაბით, როგორიც ჯერ დაფიქსირებული არ იყო.

თითოეული ვარსკვლავი საკმაოდ დიდი იყო, მზეზე სულ მცირე სამჯერ მასიური; ამავე დროს, თითოეული შავი ხვრელი საკუთარი გალაქტიკების ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელი იყო.

ასეთ მოვლენას გრავიტაციული (მოქცევითი) დაფლეთის მოვლენას (TDE) უწოდებენ. ახალ მოვლენას ასტროფიზიკოსებმა „ექსტრემალური ბირთვული გარდამავალი“ (ENT) უწოდეს.

„ათწლეულზე მეტია, ვარსკვლავთა გრავიტაციული დაფლეთის მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ ENT-ები განსხვავებული მონსტრებია, ათჯერ მეტად კაშკაშა, ვიდრე ძირითადად ვხედავთ ხოლმე სხვებს. ისინი ნორმალურ ასეთ მოვლენებზე არა მხოლოდ უფრო კაშკაშებია, არამედ წლობით რჩებიან აკაშკაშებული და გაცილებით მეტ ენერგიას გამოყოფენ, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კაშკაშა სუპერნოვას აფეთქებები“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ჯეისონ ჰინკლი.

ტერმინით „მოქცევითი დაფლეთა“ აღწერენ იმას, რასაც გრავიტაციული ძალები უშვრება შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მისულ ობიექტს. გარკვეულ წერტილში, გარე გრავიტაციული ველის ძალა აჭარბებს ობიექტის ერთიანობის შემანარჩუნებელ გრავიტაციას და მთლიანად ფლეთს, ვიდრე ის სულ მცირე ნაწილობრივ მაინც არ შთაინთქმება შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა.

არსებობს ამ მოვლენების დაფიქსირებაზე გაწვრთნილი ტელესკოპები, რომლებიც ცის რაც შეიძლება დიდ მონაკვეთს აკვირდებიან და ამ უპროგნოზო ანთებებს უცდიან. ასტრონომებს საკმაოდ ბევრი გრავიტაციული დაფლეთის მოვლენა აქვთ დაფიქსირებული და დაახლოებით იციან, როგორ გამოიყურება ისინი.


ეს გახლავთ უეცარი აკაშკაშება შორეულ გალაქტიკაში, თანმხლები სინათლის მრუდით, რომელიც სწრაფად აღწევს პიკს და შემდეგ, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში კვლავ ჩაქრება. ამის შემდეგ, ასტრონომები სწავლობენ სინათლეს და ადგენენ მახასიათებლებს — მაგალითად, მოვლენაში მონაწილე ობიექტთა შედარებით მასებს.

გაია იყო კოსმოსური ტელესკოპი, რომლის მისიაც ირმის ნახტომის სამ განზომილებაში აღწერა იყო. ის ცას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებს პარალაქსის უზუსტეს გაზომვებს უტარებდა. თუმცა, ზოგჯერ მისიის პარამეტრებსაც აჭარბებდა.

როდესაც გაიას მონაცემები შეაჯერეს, ჰინკლმა და მისმა კოლეგებმა ორი უცნაური მოვლენა აღმოაჩინეს — 2016 წელს ჩაწერილი ანთება Gaia16aaw და 2018 წელს ჩაწერილი ანთება Gaia18cdj.

ორივე მოვლენა ძლიერ ჰგავდა 2020 წელს ტელესკოპ Zwicky Transient Facility-ის მიერ ჩაწერილ მოვლენას. ვინაიდან ეს მოვლენა ძლიერ მძლავრი იყო, ასტრონომებმა ZTF20abrbeie უწოდეს, ზედმეტსახელად კი Scary Barbie.

ჰინკლმა და მისმა კოლეგებმა განსაზღვრეს, რომ Gaia16aaw და Gaia18cdj იმავე სახის მოვლენებია, რაც Scary Barbie; ამავე დროს, სცადეს დაედგინათ მათი გამომწვევი მიზეზი. გამორიცხეს სუპერნოვას აფეთქებები, რადგან ისინი სულ მცირე ორჯერ მძლავრი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე ცნობილი გარდამავალი და თანაც, სუპერნოვებს სიკაშკაშის ზედა ზღვარი აქვთ.

როგორც ჯგუფი განმარტავს, სუპერნოვა ძირითადად გამოყოფს იმდენ ენერგიას, რამდენსაც მზე გამოყოფს მთელი თავისი სიცოცხლის, ანუ 10 მილიარდი წლის განმავლობაში. თუმცა, ENT მოვლენების ენერგია 100 მზის მიერ მთელ სიცოცხლეში გამოყოფილისას უდრის.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ENT მოვლენების ნაცვლად, ახალი მოვლენები უფრო გრავიტაციული დაფლეთის მოვლენებს შეესაბამებოდა, უბრალოდ, უფრო მასშტაბური იყო. მათ შორის გამოყოფილი ენერგიის, სინათლის მრუდის, სიკაშკაშისა და დაჩრდილვის თვალსაზრისით.

ექსტრემალური ბირთვული გარდამავალები (ENT) უკიდურესად იშვიათია. მკვლევართა ჯგუფის გაანგარიშებით, ისინი სუპერნოვებზე დაახლოებით 10-მილიონჯერ იშვიათია, მაგრამ წარმოადგენენ შავი ხვრელის ფაზლის მომაჯადოებელ ნაწილს. სუპერმასიური ხვრელები მასით მზეს მილიონობით და მილიარდობით აღემატებიან და ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა, როგორ მიაღწიეს მათ ასეთ უზარმაზარ მასებს. ENT-ები წარმოადგენს ერთ მექანიზმს, რომლითაც შეიძლება ეს გიგანტები იძენდნენ მასას.

„ENT-ები ახალ, ღირებულ ხელსაწყოს გვთავაზობს შორეული გალაქტიკების მასიურ შავ ხვრელთა შესასწავლად. ვინაიდან ისინი ასე კაშკაშაა, ძალიან შორიდანაც კი მოჩანს; ასტრონომიაში შორს გახედვა წარსულში გახედვას ნიშნავს“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ბენჟამინ შაპი.

მისი განცხადებით, ამ გახანგრძლივებულ აფეთქებებზე დაკვირვებით, ცნობებს ვიღებთ შავ ხვრელთა ზრდის შესახებ საკვანძო ეპოქაში, რომელსაც კოსმოსურ შუადღეს უწოდებენ, მაშინ, როცა სამყაროს ასაკი ამჟამინდელის ნახევარი იყო და გალაქტიკები ყალიბდებოდა — იბადებოდა ახალი ვარსკვლავები, რომლებიც შავ ხვრელებს იმაზე ათჯერ მეტად კვებავდნენ, ვიდრე დღეს.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი