ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ შავ ხვრელში მატერია სინათლის სიჩქარის 30 პროცენტით ჩაედინება
ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ შავ ხვრელში მატერია სინათლის სიჩქარის 30 პროცენტით ჩაედინება

ბრიტანელ ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, რომ შავ ხვრელში მატერია სინათლის სიჩქარის 30 პროცენტით ჩაედინება. ისინი ჩვენგან მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა PG211+143-ის ცენტრალურ შავ ხვრელს აკვირდებოდნენ.

შავი ხვრელი იმდენად ძლიერი გრავიტაციული ველის მქონე ობიექტია, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც კი არ შეუძლია. სწორედ ამიტომ უწოდეს მათ „შავი“. შავ ხვრელებს ასტრონომიაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი მატერიისგან ენერგიის გამოყოფის საუკეთესო გზას გვთავაზობენ. შავ ხვრელში ჩამავალი ენერგია მის გარშემო დისკოს სახით ბრუნავს და წარმოადგენს სამყაროს ყველაზე ენერგეტიკულ ფენომენს.

ყველა გალაქტიკის და მათ შორის ჩვენი ირმის ნახტომის ცენტრშიც, მოთავსებულია ე. წ. სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელთა მასაც ჩვენი მზისას მილიონობით და მილიარდობით აღემატება. საკმარისი მატერიის ჩადინების შემთხვევაში, ასეთი ხვრელები წარმოუდგენლად კაშკაშა ხდება და მას კვაზარს, ანუ აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს უწოდებენ.

მიუხედავად ამისა, შავი ხვრელები იმდენად კომპაქტურია, რომ მათში ჩასვლამდე, გაზი ყოველთვის ძალიან ბევრს ბრუნავს მათ გარშემო, თანდათან უახლოვდება და ქმნის ე. წ. აკრეციის დისკოს — წრიულ ორბიტათა რიგს, რომელთა ზომაც თანდათან მცირდება. გაზი შავ ხვრელში სპირალურად ჩაედინება, სიჩქარეს სულ უფრო უმატებს, რა დროსაც ის ცხელდება, ხდება კაშკაშა და გრავიტაციულ ენერგიას რადიაციად გარდაქმნიან. სწორედ ამ ენერგიას აკვირდებიან შემდეგ ასტრონომები.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გაზის ორბიტა შავი ხვრელის გარშემო ხშირად ემთხვევა შავი ხვრელის ბრუნვის მიმართულებას. ამ დრომდე უცნობი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ჩამავალ გაზზე საპირისპირო მიმართულებით ბრუნვა. ასეთი შემთხვევა განსაკუთრებით რელევანტურია სუპერმასიური შავი ხვრელისათვის, რადგან მათში მატერიას ნებისმიერი მხრიდან შეუძლია ჩასვლა.

ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორი კენ პუნდსი და მისი ჯგუფი გალაქტიკა PG211+143-ის შესახებ ობსერვატორია XMM-Newton-ის მონაცემებში რენტგენული გამოსხივების სპექტრს ეძებდა. ეს გალაქტიკა ჩვენგან მილიარდზე მეტი სინათლის წლით არის დაშორებული და მდებარეობს ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით. წარმოადგენს ე. წ. სეიფერტის გალაქტიკას და გამოირჩევა ძალიან კაშკაშა კვაზარით, რაც განპირობებულია მის ბირთვში უზარმაზარი სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობით.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სპექტრი ძლიერ იყო წითლად წანაცვლებული და მატერია, რომელსაც აკვირდებოდნენ, შავ ხვრელში წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით, სინათლის სიჩქარის 30 პროცენტით ჩაედინებოდა, ანუ წამში დაახლოებით 100 000 კილომეტრით. გაზი შავი ხვრელის გარშემო თითქმის არ ბრუნავდა.

ეს აღმოჩენა ამყარებს ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ბოლოდროინდელ თეორიას არასწორად განლაგებული აკრეციის დისკოების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, შავი ხვრელის გარშემო არსებულ გაზის სარტყლები შეიძლება ერთმანეთს დაეჯახოს, რაც მათ ბრუნვას შეაჩერებს და გაზი პირდაპირ შავი ხვრელისკენ წავა.

„გალაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, აქვს 40 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი. 15 წლის წინ იქ ძლიერი ქარი აღმოვაჩინეთ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს შავი ხვრელი ზედმეტად ბევრ მატერიას ჭამს. ამის შემდეგ, ასეთი ქარები სხვა გალაქტიკებშიც აღმოვაჩინეთ, მაგრამ PG1211+143-ს კიდევ ერთხელ ერგო პირველობა, რადგან პირველად სწორედ მასთან აღმოვაჩინეთ პირდაპირ ჩამავალი მატერია“, — ამბობს პროფესორი პუნდსი.

მისივე თქმით, შავ ხვრელში სინათლის სიჩქარის მესამედი სისწრაფით ამ შავ ხვრელში დღეში დაახლოებით დედამიწის ზომის მატერია ჩაედინება.

მკვლევართა ვარაუდით, მატერიის ქაოტურად ჭამა საკმაოდ გავრცელებული უნდა იყოს სუპერმასიურ შავ ხვრელთათვის. ეს კი ამ ობიექტებს უფრო მეტი გაზის შთანთქმისა და მასის სწრაფად მატების საშუალებას აძლევს. თუ ეს ასეა, კარგად აიხსნება შავ ხვრელებთან დაკავშირებული ერთი საინტერესო გამოცანა — როგორ შეიძინეს ადრეულ სამყაროში წარმოქმნილმა შავმა ხვრელებმა დიდი მასა ძალიან სწრაფად.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი