დაფიქსირებულია შავ ხვრელთა ყველაზე დიდი შეჯახება ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია შავ ხვრელთა ყველაზე დიდი შეჯახება ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — #1tvმეცნიერება

დაფიქსირებულია შავ ხვრელთა რეკორდული შეჯახება, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს ცოდნას სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ ობიექტთა შესახებ.

მას შემდეგ, რაც გრავიტაციული ტალღების ლაზერულ-ინტერფერომეტრულმა ობსერვატორიამ (LIGO) 10 წლის წინ გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება დაიწყო, ამ დროისათვის უკვე ჩაწერილი აქვს შავ ხვრელთა წყვილებს შორის მომხდარი თითქმის ასი შეჯახება. 2023 წლის 23 ნოემბერს, LIGO-მ ერთ-ერთი ასეთი სიგნალი დააფიქსირა, რომელიც ექსტრაორდინარული და ინტერპრეტაციისთვის რთული იყო.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარმა სოფი ბინიმ და მისმა კოლეგებმა შემდეგ დაადგინეს, რომ ეს გრავიტაციული ტალღები წარმოქმნილი იყო ამ დროისათვის დაფიქსირებულთა შორის ყველაზე მასიურ შავ ხვრელთა ერთმანეთთან შერწყმის შედეგად.

შეჯახებაში მონაწილე ერთ-ერთ შავ ხვრელს მზეზე დაახლოებით ასჯერ მეტი მასა ჰქონდა, მეორეს კი თითქმის 140-ჯერ მეტი. შავ ხვრელთა შეჯახების წინა რეკორდსმენებს ამის ნახევარი მასა გააჩნდათ. ჯგუფის წევრი, კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარი მარკ ჰანამი აღნიშნავს, რომ შავი ხვრელები არა მხოლოდ უზარმაზარები იყვნენ, არამედ ძალიან სწრაფადაც ბრუნავდნენ. ამიტომ, ისინი თითქმის კიდეზე იმყოფებიან იმისა, რის დანახვასაც კოსმოსში შეიძლება ველოდეთ სამყაროს შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით.

ამ შავ ხვრელთა მასა ზედმეტად მაღალია, რომ ისინი პირდაპირ ხანდაზმული ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილიყვნენ; შესაბამისად, კარგი მიზეზია ვიფიქროთ, რომ ისინი პატარა შავ ხვრელებს შორის წინა შეჯახებების შედეგად არიან წარმოქმნილი.

„ათი წლის წინ გაოცებული ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ არსებობენ 30 მზის მასის მქონე შავი ხვრელები. აქ კი საქმე გვაქვს ასზე მეტი მზის მასის მქონე შავ ხვრელებთან, რაც უბრალოდ საოცარია“, — ამბობს იტალიის მილანო-ბიკოკას უნივერსიტეტის მკვლევარი დავიდე ჯეროზა.

მასიურ და სწრაფად მბრუნავ შავ ხვრელთა მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები უფრო მოკლეა, ვიდრე პატარა შავ ხვრელთა წარმოქმნილი; შესაბამისად, მათი დაფიქსირება უფრო რთულია.

ჰანამი და ბინი ამბობენ, რომ იმისათვის, რათა უკეთესად შეისწავლონ ახალი სიგნალი, მათ შორის, განსაზღვრონ შავ ხვრელთა წარმომავლობა, საჭიროა სხვა ასეთივე დრამატულ შეჯახებებზე დაკვირვება. ყოველი განახლებისას, LIGO სულ უფრო მეტ შავ ხვრელთა შეჯახებას აფიქსირებს და სავარაუდოდ, მომავალში ის კიდევ მრავალ კოსმოსურ რეკორდსმენს აღმოაჩენს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის ნახევრის დახურვას გეგმავს, რაც მკვლევართა განცხადებით, ასეთი სიგნალების დაფიქსირებას თითქმის შეუძლებელს გახდის.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.