შესაძლებელია თუ არა, რომ მთელი სამყარო შავ ხვრელში იყოს მოქცეული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
შესაძლებელია თუ არა, რომ მთელი სამყარო შავ ხვრელში იყოს მოქცეული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

კოსმოსის ყველაზე ღრმა ნაწილებში მრავალი საიდუმლო იმალება.

ღრმა ცის კვლევებიდან ვიცით, რომ იქ არსებულ გალაქტიკათა უმეტესობა ერთნაირი მიმართულებით ბრუნავს. ეს კი პრობლემაა. სამყაროს ქცევის ამჟამინდელი მოდელების თანახმად, გალაქტიკები შერეულად უნდა ბრუნავდნენ, ნებისმიერ მხარეს, რაც ბრუნვის თითქმის თანაბარ განაწილებას განაპირობებს.

ის ფაქტი, რომ დაკვირვებები ამისგან განსხვავებულს აჩვენებს, მიუთითებს, რომ რაღაც უცნაური ხდება – უზარმაზარი ნაპრალი ჩვენს წარმოდგენაში სამყაროს მუშაობის შესახებ.

„ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რა იწვევს ამას, მაგრამ არსებობს ორი შესაძლო ახსნა. ერთი ისაა, რომ სამყარო მბრუნავი დაიბადა. ეს ახსნა ეთანხმება თუნდაც შავ ხვრელთა კოსმოლოგიას, რომლის თანახმადაც, მთელი სამყარო წარმოადგენს შავი ხვრელის ინტერიერს. თუმცა, თუკი სამყარო მართლაც მბრუნავი დაიბადა, ნიშნავს იმას, რომ კოსმოსის შესახებ
არსებული თეორიები არასრულია“, — ამბობს კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ლიორ შამირი.

მეორე, გაცილებით ნაკლებად ამაღელვებელი შესაძლებლობის თანახმად, ეს არის ილუზია, რომელსაც განაპირობებს ჩვენი გალაქტიკის ბრუნვა.

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ შემთხვევითად გამოიყურებოდეს, სინამდვილეში, მასში საკმაოდ ბევრი სტრუქტურაა. ბნელი მატერიის ვრცელი ფილამენტები კოსმოსს გრავიტაციულ აბლაბუდად ჭიმავს, რომლებიც ერთმანეთთან აერთებს მაგალითად, გალაქტიკურ კვანძებს. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ აბლაბუდაში გალაქტიკების ქცევა საკმაოდ რანდომიზებულია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკების ბრუნვის მიმართულების გადანაწილება მეტნაკლებად თანაბარი უნდა იყოს. შამირის კვლევა სხვაგვარად მიუთითებს; წინა კვლევაში მან მიაგნო მტკიცებულებას, რომ გალაქტიკათა ბრუნვის მიმართულებათა გადანაწილება ცაზე წარმოქმნის განსხვავებულ მახასიათებელს.

ამ კვლევისას, შამირმა შენიშნა, რომ ბრუნვის გადანაწილებაში არსებობს ასიმეტრია; და სივრცე-დროის დიდ მანძილებზე, ასიმეტრია კიდევ უფრო გამოკვეთილი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი გალაქტიკა ბრუნავს ერთი მიმართულებით, ვიდრე სხვა მიმართულებით მბრუნავი გალაქტიკებია. ასეთი განსხვავება უფრო ძლიერია ადრეულ სამყაროში.

ახალ კვლევაში, მან ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინსტრუმენტ JADES-ს (Advanced Deep Extragalactic Survey) მიერ შეგროვებული მონაცემებით შეისწავლა 263 გალაქტიკის ბრუნვა, რომელთა სინათლემაც ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 5-10 მილიარდი წელიწადი იარა.

გალაქტიკებს ბრუნვა მხოლოდ ორი მიმართულებით შეუძლიათ — საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ. თუკი სამყარო იზოტროპულია, ანუ ერთნაირი ყველა მიმართულებით, როგორც ამას კოსმოლოგიური პრინციპი აღწერს, უნდა არსებობდეს გალაქტიკების ბრუნვის 50-50 გადანაწილება საათის ისრის და საწინააღმდეგო მიმართულებით.

როდესაც შამირმა თავის საკვლევი 263 გალაქტიკის ბრუნვა გაზომა, აღმოაჩინა ასიმეტრია, რომელიც უბრალოდ შეუძლებელია აიხსნას შემთხვევითობით — 105 გალაქტიკა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავდა, 158 კი საათის ისრის მიმართულებით.

„ამ გალაქტიკების ანალიზი ჩატარდა მათი ფორმების რაოდენობრივი ანალიზით, მაგრამ სხვაობა იმდენად აშკარაა, რომ მისი დანახვა ყველას შეუძლია, ვინც სურათს შეხედავს. არაა საჭირო სპეციალურ უნარებს ან ცოდნას ფლობდე, რათა დაინახო, რომ რიცხვები სხვადასხვაა. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის წყალობით, ამის დანახვა ყველას შეუძლია“, — ამბობს შამირი.

მოსაზრება, რომ შავ ხვრელში ვცხოვრობთ, საკმაოდ „ველური“ და ძნელი წარმოსადგენია; შეიძლება არსებობდეს ასიმეტრიის სხვა ახსნებიც. ერთ-ერთი ისაა, რომ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ბრუნვას, საიდანაც ჩვენ სამყაროს ვაკვირდებით, დაკვირვებებზე იმაზე მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე გვგონია, რაც ისე აჩენს, თითქოს ზოგიერთი გალაქტიკა სხვანაირად ბრუნავდეს.

ეს კი გადაჭრიდა რამდენიმე სხვა პრობლემასაც, მაგალითად, სამყაროს ზრდის სიჩქარეს.

„თუ მართლაც ასეა, საჭიროა, ხელახლა დავაკალიბროთ ღრმა კოსმოსის მანძილის საზომები. ხელახლა კალიბრაციამ შეიძლება ახსნას რამდენიმე გადაუჭრელი კითხვაც კოსმოლოგიაში, მაგალითად, განსხვავებები სამყაროს გაფართოების მაჩვენებელში და დიდი გალაქტიკები, რომლებიც მანძილთა ამჟამინდელი საზომებით თავად სამყაროზე უფრო ძველი გამოდის“, — განმარტავს კვლევის ავტორი, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ლიორ შამირი.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია k-state.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.