დაფიქსირებულია, როგორ შთანთქა შავმა ხვრელმა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი — #1tvმეცნიერება
რვა მილიარდი წლის წინ მომხდარი რენტგენული სხივების აფეთქება შეიძლება პირველი აშკარა მტკიცებულება იყოს შავი ხვრელის მიერ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის დაფლეთისა.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრები, რომლებმაც ეს კვლევა ჩაატარეს, მოვლენას „უპრეცედენტოს“ უწოდებენ. ანალიზები მიუთითებს, რომ უცაბედი ანთება — ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა რენტგენული აფეთქება აქამდე დაფიქსირებულთა შორის — საუკეთესოდ აიხსნება თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მოქცევითი დაფლეთით კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი ობიექტის — შუალედურმასიანი შავი ხვრელის მიერ.
„ჩვენი კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ შუალედურმასიანი შავი ხვრელის მოქცევითი ძალების კომბინაციას, თეთრი ჯუჯის უკიდურეს სიმკვრივესთან ერთად, შეუძლია წარმოქმნას ჭავლის ენერგიები და ევოლუციური დროის სკალები, რომლებიც ძლიერ შეესაბამება დაკვირვებით მიღებულ მონაცემებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჰონკ-კონგის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჯინონგ ჩენი.
თეთრი ჯუჯები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ობიექტებია ჩვენთვის ცნობილთა შორის, ჩამორჩება მხოლოდ ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და შავ ხვრელებს. წარმოიქმნებიან მაშინ, როცა მზეზე მაქსიმუმ რვაჯერ მასიური ვარსკვლავი სიცოცხლის მიწურულს მიაღწევს და გარე ფენებს მოიშორებს, შედეგად კი რჩება მხოლოდ დაახლოებით დედამიწის ზომის კომპაქტური ბირთვი, რომელშიც თავს იყრის მზეზე დაახლოებით 1,4-ჯერ მეტი მასა.
თეთრი ჯუჯები იმდენად კომპაქტურები არიან, რომ მათი დაშლა მხოლოდ მასის ვიწრო დიაპაზონში მოქცეულ შავ ხვრელს შეუძლია მოვლენით, რომელსაც მოქცევითი დაფლეთის მოვლენას უწოდებენ. მეცნიერთა პროგნოზით, ვარსკვლავური მასის შავმა ხვრელმა ამ დროს ხანმოკლე და ნაკლებად ენერგიული ანთებები უნდა წარმოქმნას, სუპერმასიურმა შავმა ხვრელებმა კი თეთრი ჯუჯა იქამდე უნდა გადაყლაპოს მთლიანად, ვიდრე დაშლის.
შუალედურმასიანი შავი ხვრელები, რომელთა მასაც ასეულობით მზის მასიდან ათეულობით ათას მზის მასამდე დიაპაზონში მერყეობს, სწორედ ამ ვიწრო დიაპაზონში ექცევიან. თუმცა, ამ დრომდე არაა დაფიქსირებული რაიმე ისეთი ანთება, რომელსაც ასტრონომები დამაჯერებლად დაუკავშირებდნენ თეთრი ჯუჯისა და შუალედურმასიანი შავი ხვრელის შეხვედრას.

ეს მაშინ შეიცვალა, როცა 2025 წლის ივლისში ზონდმა „აინშტაინმა“ შორეულ გალაქტიკაში მანათობელი რენტგენული სხივები დააფიქსირა. ამ მოვლენამ, სახელად EP250702a მძლავრ პიკს მიაღწია და შემდეგ დაიჩრდილა, მის ევოლუციას მრავალი ინსტრუმენტი აკვირდებოდა. რენტგენული სხივების შემჩნევიდან მეორე დღეს, NASA-ს ფერმის რენტგენული სხივების კოსმოსურმა ტელესკოპმა გამა-სხივების ანთება დააფიქსირა.
„რენტგენული სხივების ეს ადრეული სიგნალი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. გვეუბნება, რომ ის ჩვეულებრივი გამა-გამოსხივების ანთება არ იყო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი დონგიუე ლი.
დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, სიგნალი სწრაფად შეიცვალა, პიკური სიკაშკაშე თითქმის ასი ათასით დაეცა და გადაიქცა სუსტ რენტგენულ სხივებად. ამას გარდა, ეს მოვლენა მოხდა გალაქტიკის გარეუბანში — რეგიონში, სადაც ხანდაზმული ვარსკვლავები უფრო ბევრია, ვიდრე ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავები, რომლებიც სუპერნოვად ფეთქდებიან.
EP250702a-დან წამოსული ელექტრომაგნიტური სპექტრის მონაცემების დეტალურად შესწავლის და შემდეგ შესაძლო მექანიზმებთან მისი შედარების შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ დაკვირვებულ მოვლენას ერთი ახსნა დანარჩენებზე უკეთესად ერგებოდა.
„თეთრი ჯუჯა-შუალედურმასიანი შავი ხვრელის მოდელი ყველაზე ბუნებრივად ხსნის მის სწრაფ ევოლუციას და ექსტრემალური ენერგიის გამოყოფას“, — ამბობს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ასტრონომი ლისინ დაი.
თუ დადასტურდა, ეს ანთება უნდა წარმოადგენდეს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ასე შთანთქმის პირველ დაფიქსირებას ჩვენ მიერ — და რა თქმა უნდა, მოუხელთებელი შუალედურმასიანი შავი ხვრელის მოქმედებაში დაჭერას.
კვლევა Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია hku.hk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.