სამყაროს გარიჟრაჟზე დაფიქსირებული სინათლის რამდენიმე იდუმალი ლაქა შეიძლება წარმოადგენდეს ობიექტთა ტიპს, რომელიც აქამდე არასოდეს გვინახავს.
„პატარა წითელი წერტილის“ (LRD), მეტსახელად The Cliff-ის ახალი ანალიზი მიუთითებს, რომ ეს ამოუხსნელი ობიექტები შეიძლება იყოს გაზის უზარმაზარ, მკვრივ ღრუბლებში გახვეული სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებსაც ეს საბურველი ისე აქვთ, როგორც ვარსკვლავის ბირთვს ატმოსფერო.
ეს ძალიან დახვეწილი ახსნა ჭრის პრობლემას, რომელზეც ასტრონომები თავს იმტვრევენ — „გარღვევა“ „პატარა წითელი წერტილების“ (LRD) სინათლეში, რომელთა გამოც ადრეულ სამყაროში გალაქტიკები იმაზე ძველი ჩანს, ვიდრე ეს შესაძლებელია.
„დავასკვენით, რომ The Cliff-ის უმოძრაო-ოპტიკური და ახლო-ინფრაწითელი კონტინუუმი ვერ წარმოიქმნება მასიური, ჩამოყალიბებული, უკიდურესად მაღალი ვარსკვლავური სიმკვრივის ვარსკვლავური პოპულაციისგან“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ანა დე გრააფი ხელმძღვანელობდა.
მათი მტკიცებით, ყველაზე შესაძლო მოდელი არის მანათობელი იონიზირებული წყარო, რომელიც გაწითლებულია მის მახლობლად არსებული მკვრივი, შთამნთქმელი აირით. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ამჟამად მხოლოდ ერთადერთ მოდელს შეუძლია შემჩნეული ბალმერის ნახტომის მსგავსი სიძლიერისა და ფორმის წარმოქმნას და ეს არის შავი ხვრელი ვარსკვლავი.
ბალმერის ნახტომი წარმოადგენს კოსმოსური ობიექტის სინათლის სპექტრის მკვეთრ ცვლილებას, რომელიც სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში ხდება, სადაც ხაზის ერთ მხარეს უფრო მოკლე ტალღის სიგრძის სინათლის ინტენსივობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ხაზის მეორე მხარეს უფრო მაღალი ტალღის სიგრძის სინათლისა. ეს მახასიათებელი წარმოიქმნება წყალბადის ატომების მიერ მოკლე ტალღის სიგრძის სინათლის შთანთქმით.
ძლიერი ბალმერის ნახტომი დაკავშირებულია გალაქტიკებთან, რომლებშიც დომინირებს A-ტიპის ვარსკვლავთა პოპულაცია, რომლებიც ზუსტად შესაფერის ტემპერატურაზეა საჭირო ტალღის სიგრძეზე სინათლის შთანთქმისთვის.
ასე ძლიერი ბალმერის ნახტომის გამოსახატავად, ეს გალაქტიკები საკმარისად ხნიერები უნდა იყვნენ, რათა მათში დიდწილად დახოცილი იყოს O და B-ტიპის ვარსკვლავთა ადრეული დომინანტი პოპულაცია. შედეგად კი დარჩენილი უნდა იყოს ძირითადად A-ტიპის ვარსკვლავები, რომლებზეც მოდის გალაქტიკის სინათლის დიდი ნაწილი და გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები ან საერთოდ არ იბადებიან, ან ძალიან ცოტა.
მრავალ LRD-ს აღენიშნება ძლიერი ბალმერის ნახტომი, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 600 მილიონი წლის შემდეგ ეპოქაში. მეცნიერთა აზრით, სამყაროს ისტორიაში ეს პერიოდი ძალიან ადრეა გალაქტიკისთვის, რომ მიეღწია დომინანტი A-ტიპის პოპულაციის ეტაპისთვის.
ამის გამო, ჩატარდა გარკვეული კვლევა იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს ეს პატარა წითელი წერტილები სივრცე-დროის გარიჟრაჟზე — პირველყოფილი შავი ხვრელებიდან დაწყებული, სუპერმასიურ ვარსკვლავთა თესლებით დამთავრებული.

The Cliff გამოწვევის სრულიად ახალ დონეს წარმოადგენს, აქვს სინათლე, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 11,9 მილიარდი წელიწადი იარა და ბალმერის ნახტომი ყველაზე გამოკვეთილია ამ დრომდე LRD-ებში დაფიქსირებულთა შორის.
„The Cliff-ის ექსტრემალურმა მახასიათებლებმა გვაიძულა სახატავ დაფასთან დაბრუნება და სრულიად ახალი მოდელების შექმნა“, — განმარტავს დე გრააფი.
ამჟამად, გალაქტიკები ერთადერთი ობიექტები არაა, რომლებსაც ბალმერის ნახტომი აღენიშნებათ. თუ ვარსკვლავთა მთლიან კრებულს შეუძლია კოლექტიურად წარმოქმნას ბალმერის ნახტომი გალაქტიკის სპექტრში, ლოგიკურია, რომ ამ ინდივიდუალურ ვარსკვლავებსაც ჰქონდეთ ეს თვისება. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ The Cliff-ის სპექტრი უფრო ახლოს იყო იმასთან, რისი მოლოდინიც შეიძლება ყოფილიყო ერთ ვარსკვლავში და არა მთელ გალაქტიკაში.
ამ თავისებურების გათვალისწინებით, მკვლევრებმა შექმნეს მოდელი, რომელსაც შავი ხვრელი ვარსკვლავი უწოდეს — სუპერმასიური შავი ხვრელი აქტიურად იკვებება აკრეციული დისკოსგან, რომელიც მას აკრავს გარს და გაწითლებულია არა მტვრით, არამედ წყალბადის აირის სქელი გარსით.
სტრუქტურა გარკვეულწილად ჰგავს ძლიერ ცხელ პლაზმაში გახვეულ ვარსკვლავს, მაგრამ ცენტრში ბირთვის ნაცვლად, სადაც ატომების სინთეზი მიმდინარეობს, შავი ხვრელი ვარსკვლავის ცენტრში არის… დიახ, შავი ხვრელი. დაახლოებით ისე, როგორც აქტიური გალაქტიკური ბირთვი გალაქტიკის ცენტრში, რომელიც მის გარშემო წყალბადს აცხელებს და შთანთქავს.
ამ მომენტისთვის ეს მხოლოდ მოდელია, მაგრამ ჯგუფის მიერ ჩატარებულმა შავი ხვრელი ვარსკვლავის სიმულაციამ უკიდურესად კარგად გაიმეორა ის სპექტრი, რასაც The Cliff-ში დააკვირდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულ სამყაროში გამოკიდული სულ მცირე ზოგიერთი „პატარა წითელი წერტილი“ (LRD) შეიძლება იყოს ასეთი უცნაური შავი ხვრელი, რომლებიც თავს გალაქტიკებად ნიღბავენ.
ამ ეტაპზე ეს თეორია ჯერ უბრალოდ თეორიაა. დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა განისაზღვროს არა მხოლოდ ის, არის თუ არა შავი ხვრელი ვარსკვლავები რეალური, არამედ ისიც, როგორ წარმოიქმნებიან და ვითარდებიან ისინი და რას შეიძლება ნიშნავდეს მათი სპექტრის სხვა მახასიათებლები. თუმცა, ის ნამდვილად შესაძლებელი ჩანს და სულ მცირე ნაწილობრივ უნდა გადაჭრას „პატარა წითელი წერტილების“ პრობლემა სამყაროს ევოლუციის შესახებ ჩვენი გაგების დარღვევის გარეშე.
„The Cliff წარმოადგენს ამ დროისათვის უძლიერეს პირდაპირ მტკიცებულებას იმისა, რომ ბალმერის ნახტომი და უმოძრაო ოპტიკურიდან ახლო-ინფრაწითლამდე სპექტრული ენერგიის განაწილებაზე LRD-ებში შეიძლება დომინირებდეს აქტიური გალაქტიკური ბირთვიდან გამოსხივება და არა ჩამოყალიბებული ვარსკვლავური პოპულაცია; მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ღია კითხვა რჩება შავ ხვრელთან და მასპინძელი გალაქტიკის მახასიათებლებთან მიმართებაში“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, მისი შედარებით მოკრძალებული წითელი წანაცვლების გამო, ჯეიმს ვების მაღალი ხარისხის სპექტრომტრიული დაფარვა ვრცელდება უმოძრაო ფართო ტალღის სიგრძის დიაპაზონში. შედეგად, The Cliff იდეალური სამიზნეა სამომავლო აქტიური გალაქტიკური ბირთვისა და შავი ხვრელი ვარსკვლავის მოდელებისთვის.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



