გიგანტური ვარსკვლავი უეცრად გაქრა — ასტრონომთა დასკვნით, ის პირდაპირ შავ ხვრელად გადაიქცა #1tvმეცნიერება

16:17, 13.02.2026

ანდრომედას გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი უჩუმრად კოლაფსირდა და შავ ხვრელად გადაიქცა, სანახაობრივი სუპერნოვად აფეთქების გარეშე.

ამ საოცარ აღმოჩენას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ტრანსფორმაციის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაიწერეს — მონაცემები, რომლებიც გადამწყვეტია იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება შავი ხვრელების ფორმირება გიგანტური ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ.

„ეს ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი აღმოჩენაა. ვარსკვლავის გაქრობის მტკიცებულება საჯაროდ ხელმისაწვდომ საარქივო მონაცემებში იმალებოდა და წლები ვერავინ შენიშნა, ვიდრე ჩვენ არ წავაწყდებოდით“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომი კიშალაი დე.

როცა მზეზე მრავალჯერ მასიური ვარსკვლავი კვდება, ამას ჩუმად არ აკეთებს. მას შემდეგ, რაც ბირთვში ბირთვული სინთეზი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარის გარეთ მიმართულ წნევას შიგნით მიმართული გრავიტაციის წინააღმდეგ, ბირთვი კოლაფსირდება.

ამან შეიძლება ვარსკვლავის გავლით გიგანტური შოკური ტალღა გამოიწვიოს, რაც განაპირობებს სუპერნოვად აფეთქებას. ამ დროს, ვარსკვლავის გარე ფენები კოსმოსში იტყორცნება, ბირთვი კი ან ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა, ან შავ ხვრელად.

თუმცა, ეს ამ ტრანსფორმაციის ერთადერთი გზა არ არის. ზოგიერთ სცენარში, გარეთ მიმართული შოკი ჩერდება. ვარსკვლავის დაშლის ნაცვლად, აფეთქება ჩაქრება და მატერია ახლად წარმოქმნილ შავ ხვრელში შთაინთქმება. ვინაიდან ეს ნაკლებად დრამატული პროცესია, ვიდრე სუპერნოვა, მისი აშკარა მტკიცებულებები იშვიათია.

„სუპერნოვას პოვნისგან განსხვავებით, რაც ადვილია, რადგან სუპერნოვა მთელ გალაქტიკას ანათებს რამდენიმე კვირის განმავლობაში — აფეთქების გარეშე გამქრალი ინდივიდუალური ვარსკვლავების პოვნა განსაკუთრებით რთულია“, — განმარტავს დე.

ამ დრომდე მხოლოდ ერთი ასეთი მოვლენა იყო დოკუმენტირებული — ვარსკვლავი, რომლის გაქრობაც 2010 წელს დააფიქსირეს ჩვენგან 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში. ამჯერად, ანდრომედას გალაქტიკაზე დაკვირვების საარქივო მონაცემთა დეტალური მიმოხილვისას, დემ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთი იპოვეს, თანაც წინაზე გაცილებით მკაფიო.

M31-2014-DS1 სუპერგიგანტი ვარსკვლავი იყო, ჰქონდა მზეზე დაახლოებით 13-ჯერ მეტი მასა და ძლიერ კაშკაშად მოჩანდა ჩვენიდანაც კი, 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილიდან (ასეთია მანძილი ირმის ნახტომსა და ანდრომედას გალაქტიკებს შორის).

შემდეგ, 2014 წელს, NASA-ს ტელესკოპმა NEOWISE-მა ჩაიწერა, რომ ის უფრო ძლიერად აკაშკაშდა ინფრაწითელ დიაპაზონში და სიკაშკაშე ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა.

ამის შემდეგ, 2016-2022 წლებს შორის, ის იმდენად ჩაბნელდა, რომ 2023 წელს სრულიად გაქრა ოპტიკური ტალღის სიგრძეების ხედვიდან.

თუმცა, მხოლოდ ხილული სინათლე როდი ჩაქრა — მთელ სპექტრში სულ მცირე ათჯერ ჩაბნელდა ვარსკვლავის სრული სიკაშკაშე. დღეს მისი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ შუა-ინფრაწითელ სინათლეში და ანათებს მხოლოდ თავდაპირველი ინფრაწითელი სიკაშკაშის მხოლოდ მეათედით.

„ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა იყო ანდრომედას გალაქტიკაში, ახლა კი საერთოდ აღარ ჩანს. წარმოიდგინეთ, ვარსკვლავი ბეთელგეიზე რომ უცბად გაქრეს. ყველას გაუკვირდება. სწორედ ასეთი რამ დაემართა ანდრომედას გალაქტიკის ამ ვარსკვლავს“, — ამბობს დე.

ჯგუფის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ მოვლენათა მიმდევრობა შეესაბამება წარუმატებელ სუპერნოვას. პირველ რიგში, ინფრაწითელი ნათება შეაბამისობაშია მომაკვდავი ვარსკვლავიდან მიმდებარე ბუშტში ამოტყორცნილ მტვერთან და არა კოსმოსში გატყორცნასთან.

შემდეგ, დრამატული ჩაბნელება ტალღის ყველა სიგრძეში აჩვენებს, რომ სინათლის დონე მტვრის მიერ დაბლოკვის გამო არ დავარდა, როგორც ეს 2019 წელს ბეთელგეიზეს შემთხვევაში ვნახეთ. დამნაშავე რომ მტვერი იყოს, ინფრაწითელი სიკაშკაშე არ დაეცემოდა, ვინაიდან ინფრაწითელი სინათლე მტვრის ღრუბლებშიც აღწევს.

მთლიანი სპექტრის ჩაბნელება მიუთითებს, რომ ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი მთელი ენერგია დავარდა, რაც სინთეზის შეწყვეტასთანაა შესაბამისობაში.

„ამ ვარსკვლავის დრამატული და მდგრადი ჩაქრობა ძალიან უჩვეულოა და მიუთითებს წარუმატებელ სუპერნოვაზე, რამაც განაპირობა ვარსკვლავის ბირთვის პირდაპირ შავ ხვრელად კოლაფსი“, — ამბობს დე.

მისი განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ამ მასის ვარსკვლავები ყოველთვის სუპერნოვად ფეთქდებიან. ის ფაქტი, რომ ასე არ მოხდა, მიუთითებს, რომ ერთნაირი მასის ვარსკვლავები შეიძლება წარმატებით აფეთქდნენ ან არ აფეთქდნენ; მიზეზი შეიძლება იყოს ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ გრავიტაცია, გაზის წნევა და მძლავრი შოკური ტალღები მომაკვდავ ვარსკვლავში ერთმანეთთან ქაოსურად.

მკვლევართა გაანგარიშებით, შედეგად მიღებული ობიექტი სავარაუდოდ უნდა იყოს შავი ხვრელი, რომელსაც მზეზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი მასა აქვს, მისი მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრი კი დაახლოებით 30 კილომეტრია.

ვინაიდან ეს მოვლენა ასე უჩუმრად მოხდა, ფაქტი, რომ რამდენიმე წელიწადში ასტრონომებმა უკვე ორი მათგანი დააფიქსირეს, ნამდვილად ამაღელვებელ რამეებზე მიუთითებს. პირველი ისაა, რომ უმჯობესდება სამყაროს კვლევა, თუნდაც იმის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით. მეორე ის, რომ ასეთი წარუმატებელი სუპერნოვები შეიძლება იმაზე მეტად იყოს გავრცელებული, ვიდრე წარმოგვედგინა.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი