ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი 2019 წელს უცნაურად ჩაბნელდა — უკვე ცნობილია, რატომ #1tvმეცნიერება
ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი 2019 წელს უცნაურად ჩაბნელდა — უკვე ცნობილია, რატომ #1tvმეცნიერება

2019 წელს ვარსკვლავი ბეთელგეიზე შესამჩნევად ჩაბნელდა. ახალი ანალიზები ცხადყოფს, რატომ: ვარსკვლავზე მოზრდილი ამოფრქვევა მოხდა.

ეს წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 530 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ღამის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშაა. წარმოქმნის ორიონის თანავარსკვლავედის მხარს (მონადირის).

ბეთელგეიზე უკვე მოხუცია: ახლოს არის თავის ვარსკვლავური სიცოცხლის დასასრულთან და სუპერნოვად უნდა აფეთქდეს, რაც დედამიწიდანაც გამოჩნდება; 2021 წლის მიხედვით, ეს მოვლენა მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

2019 წლის ბოლოს, ბეთელგეიზემ ჩაბნელება დაიწყო. 2020 წლის თებერვლისთვის, მან დედამიწის გადმოსახედიდან ნორმალური სიკაშკაშის ორი-მესამედი დაკარგა.

ამ უცნაური ჩაბნელების შესწავლისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვარსკვლავი სუპერნოვად აფეთქებას ჯერ არ აპირებდა და მისი სინათლის გარკვეულ ნაწილს მტვრის უზარმაზარი ღრუბელი ბლოკავდა.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული დაკვირვებების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ღრუბელი ვარსკვლავის ზედაპირზე მომხდარი უზარმაზარი ამოფრქვევის შედეგი იყო. ვარსკვლავის წიაღიდან წამოსულმა 1,6 მილიონი კილომეტრის სიგრძის ჭავლმა ერთგვარი ვარსკვლავური მიწისძვრა წარმოქმნა და ამ შოკის შედეგად ამოიფრქვა ვარსკვლავის ზედაპირის მატერია, რომელიც რაოდენობით 400-მილიონჯერ აღემატებოდა მზეზე მიმდინარე კორონული მასის ამოფრქვევებს.

„ბეთელგეიზეზე ძლიერ უჩვეულო ამბები ამჟამადაც გრძელდება; წიაღში ერთგვარი ასხლეტები მიმდინარეობს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეა დიუპრე.

მისი განცხადებით, ეს გახლავთ ვარსკვლავური მეცნიერებისთვის უცხო ტერიტორია.

ბეთელგეიზე

„ვარსკვლავის ზედაპირიდან ამხელა მასის ამოფრქვევა ჯერ არ გვქონდა ნანახი. იქ რაღაც ისეთი მიმდინარეობს, რაც ჯერ ბოლომდე არ ვიცით. ეს სრულიად ახალი ფენომენია, რომელსაც შეგვიძლია პირდაპირ დავაკვირდეთ და ჰაბლის დახმარებით, ზედაპირის დეტალებიც გავარჩიოთ. ვარსკვლავურ ევოლუციას რეალურ დროში ვუყურებთ“, — ამბობს დიუპრე.

ახალ კვლევაში ასევე გამოიყენეს მონაცემები სხვადასხვა ობსერვატორიიდან, მათ შორის არის ესპანეთის კანარის კუნძულების ობსერვატორია STELLA და NASA-ს ხომალდი STEREO-A.

სხვადასხვა ტიპის მონაცემთა შეჯერებით, დიუპრემ და მისმა ჯგუფმა ამოფრქვევისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენათა გარკვეული სურათის მიღება შეძლო.

ამოფრქვევისას ამოიტყორცნა ვარსკვლავის ქვედა ატმოსფეროს, ანუ ფოტოსფეროს ნაწილი, რამაც იქ გააჩინა ცივი ლაქა, რომელიც ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა მტვრის ღრუბელმა კიდევ უფრო დაჩრდილა.

NASA-ს მონაცემებით, ფოტოსფეროს ამოფრქვეული ნაწილის მასა ჩვენი მთვარისას რამდენჯერმე აღემატებოდა.

სწორედ ეს ცივი ლაქა და მტვრის ღრუბელი ხსნის ბეთელგეიზეს ჩაბნელებას. ამ მოვლენის შედეგები ვარსკვლავზე ჯერ კიდევ შეიმჩნევა.

ამოფრქვევამდე ბეთელგეიზეზე ერთგვარი პულსირებადი მახასიათებლები შეიმჩნეოდა — ჩაბნელებისა და აკაშკაშების 400-დღიანი ციკლი. ეს ციკლი ამჟამად მოიშალა, სულ მცირე დროებით.

მკვლევართა აზრით, შესაძლებელია, რომ ვარსკვლავის წიაღში კონვექციური უჯრედი ჯერ კიდევ ადგილზეა და ამ ციკლს ხელს უშლის.

ასტრონომთა განცხადებით, ეს ამოფრქვევა სულაც არ არის იმის მტკიცებულება, რომ ბეთელგეიზე სუპერნოვად მალე აფეთქდება. თუმცა, კარგად გვიჩვენებს, როგორ კარგავენ ბებერი ვარსკვლავები მასას.

თუ ბეთელგეიზე ჩვენს სიცოცხლეში აფეთქდება, მისი სინათლე დედამიწაზე დღისითაც კი გამოჩნდება, მაგრამ ის ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ ამ მოვლენას ჩვენს პლანეტაზე გავლენა არ ექნება.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.