წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის, ბეთელგეიზეს სულ მცირე ერთი საიდუმლო უკვე ამოხსნილია. ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს აღმოაჩინეს პატარა, მკრთალი წყვილური (ბინარული) კომპანიონი ვარსკვლავი, რომელიც ამ გიგანტის გარშემო მოძრაობს.
ამ პატარა, მკრთალ ვარსკვლავზე ჩატარებული დაკვირვებები ბრწყინვალედ ემთხვევა პროგნოზებს მისი მახასიათებლების შესახებ, რაც ბეთელგეიზეს ქცევაზე დაყრდნობით იყო გაკეთებული. გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა „ბეთელგეიზე“ არაბულად „გიგანტის ხელს“ ნიშნავს, ასტრონომთა ჯგუფმა მის გარშემო მოძრავ ვარსკვლავს სივარჰა უწოდეს, რაც არაბულად „მის სამაჯურს“ ნიშნავს.
ეს გახლავთ აღმოჩენა, რომელზეც მეცნირები ფიქრობდნე, რომ შეიძლება საერთოდაც ვერ განეხორციელებინათ.
„ეს აღმოჩენა იმ უკიდურესობებში იყო, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო ჯემინაის ტელესკოპის მაღალი კუთხური გარჩევადობის გამოსახულების თვალსაზრისით და ამან იმუშავა. შედეგად, კარი გაგვეხსნა სხვა ობიექტებზე ასეთივე დაკვირვებებისკენ“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკოსი სტივ ჰოუელი.
ბეთელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 548 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და წარმოადგენს ღამის ცის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ვარსკვლავს. აქვს ჩვენს მზეზე დაახლოებით 16,5 – 19-ჯერ მეტი მასა, თითქმის 764-ჯერ დიდი რადიუსი და იმყოფება სიცოცხლის უკანასკნელ სტადიაზე.
მისი ასაკი დაახლოებით 10 მილიონი წელია და შეიძლება საკმაოდ ახალგაზრდა მოგეჩვენოთ სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, რომლებიც თითქმის 13,8 მილიარდი წლის სამყაროს ხნისანი არიან. ასეთი ხანმოკლე სიცოცხლის მიზეზი ისაა, რომ ის ძლიერ მასიურია. რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო ცხელი, კაშკაშა და სწრაფია, ვიდრე პატარა ვარსკვლავები. სიცოცხლეს ასრულებენ შთამბეჭდავი სუპერნოვას აფეთქების სახით, რის შემდეგაც, მათ ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი წარმოიქმნება.

შესაბამისად, ბეთელგეიზე წარმოადგენს იშვიათ განძს კოსმოსში — ხანმოკლე სიცოცხლის ვარსკვლავს თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, რომელიც დედამიწასთან საკმაოდ ახლოსაა, რათა დეტალურად დავაკვირდეთ.
ამ დაკვირვებებმა ნამდვილად გაამწვავა საკითხი — ბეთელგეიზე საკმაოდ უცნაურია. წარსულში უკვე შენიშნეს უცნაური, დრამატული ჩაბნელებები, რა დროსაც ვარსკვლავის სიკაშკაშემ 35 პროცენტით დაიკლო; შემდეგში გაირკვა, რომ ამის მიზეზი იყო ვარსკვლავიდან ამოფრქვეული მტვრის უზარმაზარი ღრუბელი, რომელმაც გაციებისას მისი სინათლე დაბლოკა.
ბეთელგეიზეს სინათლე სხვა მხრივაც მერყეობს. აქვს სიკაშკაშის რყევების ორი ძირითადი პერიოდი — ერთი ყოველ 400 დღეში ერთხელ და მეორე დაახლოებით ექვს წელიწადში ერთხელ. ძირითადი პერიოდი 400-დღიანია და მას იწვევს თავად ვარსკვლავის წიაღში მიმდინარე პულსაციები.
მეორე, ექვსწლიანი პერიოდის მიზეზის ახსნა უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან არ ემთხვევა შიდა აქტივობას.
თუმცა, რამდენიმე ახალი კვლევა მიუთითებდა, რომ ამის გამომწვევი შეიძლება ყოფილიყო პატარა, მზეზე დაახლოებით ორჯერ მასიური წყვილური კომპანიონი ვარსკვლავი და ამ ობიექტზე დაკვირვების საუკეთესო დრო უნდა ყოფილიყო 2024 წლის დეკემბერი.
სწორედ აქ გართულდა ყველაფერი. ვინაიდან ბეთელგეიზე ასე დიდი და კაშკაშაა, მის გვერდით მყოფი პატარა, მკრთალი ობიექტის პოვნა არც ისე ადვილია. ჰოუელმა და მისმა კოლეგებმა მიმართეს მეთოდს, რომელსაც ლაქების ვიზუალიზაცია ეწოდება — იყენებს ექსპოზიციის დროის ძალიან მოკლე პაკეტებს, რათა შეასწოროს დედამიწის ატმოსფეროს მიერ დამახინჯების ეფექტები.
დაფიქსირების სანდოობის მაჩვენებელი მხოლოდ 1,5 სიგმაა, მაგრამ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას — წყვილური კომპანიონი ზუსტად იქ, სადაც ასტრონომები ფიქრობდნენ და ზუსტად იმ დროს, რა დროსაც უნდა გამოჩენილიყო.

ჰოუელის და მისი კოლეგების აზრით, ამ ვარსკვლავს აქვს დაახლოებით 1,6 მზის მასა და ბეთელგეიზეს გარს უვლის დაახლოებით ოთხი ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან — ანუ ოთხჯერ უფრო შორიდან, ვიდრე დედამიწა მზეს. შედეგად, სივარჰა ბეთელგეიზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იუპიტერი მზესთან და მის გარშემო ერთ შემოვლას სულ რაღაც 5,94 წელიწადს ანდომებს.
„შედეგები საბოლოო არ არის, ვინაიდან დაფიქსირება ინსტრუმენტის შესაძლებლობათა ზღვარზეა. თუმცა, შედეგები წარმოადგენს ყველაზე პირდაპირ და არსებით მტკიცებულებას ბეთელგეიზეს ვარსკვლავური კომპანიონისა, ასევე ამ კომპანიონის თვისებებისა“, — წერენ მკვლევრები.
დაკვირვებები მიუთითებს, რომ სივარჰა F-ტიპის ვარსკვლავია, რომელსაც ჯერ მთავარი მიმდევრობის ეტაპისთვისაც არ მიუღწევია — ჯერ საკმარისად ჩამოყალიბებულიც არაა, რათა მის ბირთვში წყალბადის სინთეზი აენთოს.
გახსოვთ, რომ მასიური ვარსკვლავები უფრო ცოტა ხანს ცოცხლობენ? პატარებს ჩამოყალიბებისთვისაც მეტი დრო სჭირდებათ. ბეთელგეიზე და სივარჰა სავარაუდოდ ერთად დაიბადნენ, მაგრამ ერთის სიცოცხლე თითქმის უკვე დამთავრდა, მეორის კი ჯერ სრულად არც კი დაწყებულა.
სავარაუდოდ, არც დაიწყება. ასტრონომთა პროგნოზით, ბეთელგეიზე სუპერნოვად მომდევნო 100 000 წლის რაღაც მონაკვეთში აფეთქდება და მის ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი დარჩება. სივარჰა ზუსტად ცეცხლის ხაზზეა მოქცეული.
სივარჰაზე დაკვირვების შემდეგი შესაძლებლობა 2027 წლის ნოემბერში იქნება. ასტრონომებს წინ ორი წელი აქვთ, რომ მოემზადონ უკეთესი დაკვირვებების ჩასატარებლად.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია noirlab.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.


