სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე სინამდვილეში უფრო პატარაა, ჩვენთან უფრო ახლოს არის და მომდევნო საუკუნეებში არ აფეთქდება — #1tvმეცნიერება
სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე სინამდვილეში უფრო პატარაა, ჩვენთან უფრო ახლოს არის და მომდევნო საუკუნეებში არ აფეთქდება — #1tvმეცნიერება

სუპერგიგანტ ვარსკვლავ ბეთელგეიზეს სიკაშკაშის ბოლოდროინდელი რხევების შემდეგ, ასტრონომებმა ზედმიწევნით შეისწავლეს ვარსკვლავის სასიცოცხლო სტატისტიკა და რამდენიმე მოულოდნელობასაც გადააწყდნენ.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს ცვლის ჩვენი ფავორიტი წითელი გიგანტი ვარსკვლავის შესახებ.

ბეთელგეიზეს ნამდვილი ფიზიკური ზომა ყოველთვის გარკვეულ საიდუმლოს წარმოადგენდა — ადრეული კვლევები მიუთითებდა, რომ ის შეიძლება, იუპიტერის ორბიტაზე უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მისი ზომა ამის ორი მესამედია და რადიუსი მზის რადიუსზე 750-ჯერ მეტია“, — ამბობს უნგრეთის კონკოლის ობსერვატორიიის ასტრონომი ლასლო მოლნარი.

ბეთელგეიზეს დიდი სიზუსტით შესწავლა ყოველთვის პრობლემა იყო. დაივიწყეთ სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი ამ ვარსკვლავის ფოტო, ლამაზად მბრუნავი შედარებით გლუვი სფერო და წარმოიდგინეთ უფრო მფეთქავი ბურთულა ბუნდოვანი კიდეებით.

1920 წელს, ბეთელგეიზეს სინათლის ტალღების გამოყენებით გაზომეს მისი კუთხური დიამეტრი, ანუ მისი სინათლის სიგანე ჩვენს ცაში, რაც დაახლოებით 47 მილიარკსეკუნდს შეადგენდა.

მაშინ მიაჩნდათ, რომ ვარსკვლავი ჩვენგან 180 სინათლის წლით იყო დაშორებული და დიამეტრი მზესა და დედამიწას შორის მანძილზე ორ-ნახევარჯერ დიდი ჰქონდა.

მას შემდეგ, ბეთელგეიზეს ზომის დასადგენად მრავალი სხვა გაზომვა ჩატარდა.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში დადგინდა, რომ ის ჩვენგან უფრო შორს არის, დაშორებულია 724 სინათლის წლით, 47 მილიარკსეკუნდი კი ნიშნავდა იმას, რომ ის მზის დიამეტრზე 1300-ჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, ანუ, მზის ადგილას მოთავსების შემთხვევაში, ეს ვარსკვლავი იუპიტერის ორბიტამდე გაივრცობოდა.

ასეთი რიცხვები, მათ შორის მისი მასა მიუთითებდა, რომ სუპერგიგანტი ვარსკვლავი სწრაფად უახლოვდებოდა სიცოცხლის იმ ეტაპს, როდესაც თეორიულად ის უნდა კოლაფსირდეს და კაშკაშა ბურთად აფეთქდეს, რომელიც ჩვენს ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად გამოჩნდებოდა.

ბოლო წლებში ვარსკვლავის სინათლის მოულოდნელმა ჩაბნელებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ბეთელგეიზე უკვე სიკვდილს იწყებდა და სულ მალე შეიძლება, მისი აფეთქების მომსწრე გავმხდარიყავით.

ახლა უკვე ვიცით, რომ ასეთი ჩაბნელების სულ მცირე ერთი მოვლენის მიზეზია მის მიერვე გამოტყორცნილი მტვრის ღრუბელი. მეორე ჩაბნელება კი გვიჩვენებს, რამდენად ჯანსაღია სინამდვილეში ბეთელგეიზე.

„დავადგინეთ, რომ მეორე, მცირე ჩაბნელება სავარაუდოდ გამოწვეულია ვარსკვლავის პულსაციით“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მერიდით ჯოისი.

ბეთელგეიზეში შემჩნეული პულსირებები წარმოიქმნება წნევის ტალღების შედეგად, რომლებიც წვისას ვარსკვლავის წიაღიდან მოდის. მსგავსი ტალღები ჩვენს მზესაც ახასიათებს და ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება მისი წიაღის შემადგენლობის შესახებ.

დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ობსერვატორიის, Solar Mass Ejection Imager-ის მიერ ბთელგეიზეს ბოლო ჩაბნელებამდე შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ვარსკვლავის აქტივობის მოდელები, რათა უფრო ზუსტად გაეგოთ, რამდენად ახლოს არის მისი სიკვდილი.

„ამ მომენტში ის ბირთვში ჰელიუმს წვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქებასთან ახლოსაც კი არ არის. აფეთქება მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში ნამდვილად არ მოხდება“, — ამბობს ჯოისი.

მიღებული შედეგებით მკვლევრებმა ზუსტად განსაზღვრეს გიგანტის რადიუსიც, რაც აქამდე მიჩნეულზე სამჯერ ნაკლები აღმოჩნდა. ახალ რიცხვებზე დაყრდნობით გამოდის, რომ ბეთელგეიზე ჩვენგან 700 სინათლის წელიწადზე მეტით ვერ იქნება დაშორებული.

„შედეგებმა აჩვენა, რომ ის ჩვენგან დაახლოებით 530 სინათლის წლით არის დაშორებული, ანუ 25 პროცენტით უფრო ახლოს არის, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — ამბობს მოლნარი.

კაშკაშა სუპერნოვა ჩვენს ცაში ბოლოს ოთხი საუკუნის წინ გამოჩნდა და როგორც ჩანს, ბეთელგეიზეს შთამბეჭდავ სანახაობამდე წინ მრავალი საუკუნეა დარჩენილი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია anu.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი