ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი უჩვეულოდ ჩაბნელდა — ახლოვდება თუ არა ბეთელგეიზეს სუპერნოვად აფეთქება
ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი უჩვეულოდ ჩაბნელდა — ახლოვდება თუ არა ბეთელგეიზეს სუპერნოვად აფეთქება

შეიძლება შენიშნეთ, რომ ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანავარსკვლავედი ორიონი ბოლო დროს ცოტა არ იყოს, განსხვავებულად გამოიყურება. ამაში დამნაშავე კი გახლავთ მონადირე ორიონის ზედა მხართან განთავსებული წითელი გიგანტი ვარსკვლავი ორიონის ალფა, იგივე ბეთელგეიზე, რომელიც აშკარად გამკრთალებულია, ყველაზე მკრთალი, რაც ის 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ყოფილა.

ბეთელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ის ღამის ცის 10 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს შორის არის. თუმცა, წითელმა გიგანტმა ოქტომბერში ჩაბნელება დაიწყო და უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში იმდენად გამკრთალდა, რომ ცის 20 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის რიგებშიც კი აღარ შედის.

თუმცა, ბეთელგეიზეს მსგავს ვარსკვლავთათვის ჩაბნელება არც ისე უცნაურია. ის ე. წ. ცვალებადი ვარსკვლავია და მისი სიკაშკაშის ცვლილებები ასტრონომებს დეტალურად აქვთ შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ასე თვალშისაცემად ჩაბნელება საკმაოდ უჩვეულოა ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებისთვის, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ სულ მალე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებით ამაღელვებელი მოხდეს — ბეთელგეიზე შეიძლება აფეთქდეს და მოკვდეს, ანუ, უცბად ცაზე სავსე მთვარეზე მეტად აკაშკაშდეს, შემდეგ კი ღამის ციდან სამარადისოდ გაქრეს.

ბეთელგეიზეს მსგავს გიგანტურ წითელ ვარსკვლავთა სიცოცხლე ხანმოკლეა, სიკვდილი კი სასტიკი — ფეთქდება ვარსკვლავურ მოვლენად, რომელსაც სუპერნოვას უწოდებენ და ჩანს ძალიან დიდ მანძილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბეთელგეიზე საკმაოდ ახალგაზრდა ვარსკვლავია, სულ რაღაც 8,5 მილიონი წლის, ასტრონომებმა იციან, რომ ის უკვე სიკვდილის პირასაა, რადგან აქტიურად ხარჯავს წყალბადის საწვავს, რომლის ამოწურვის შემდეგაც მისი ბირთვი შეიკუმშება, კოლაფსირდება და ვარსკვლავი II ტიპის სუპერნოვად აფეთქდება.

„მთავარი კითხვა ახლა ის არის, როდის აფეთქდება ის სუპერნოვად; არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მაგრამ ამის ხილვით აღფრთოვანებული დავრჩებოდი“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი სარაფინა ნენსი, რომელიც ბეთელგეიზეს და ვარსკვლავურ აფეთქებებს სწავლობს.

რა ვიცით ბეთელგეიზეს შესახებ

სუპერგიგანტი ვარსკვლავის სახელი მომდინარეობს არასწორად ნათარგმნი არაბული სახელიდან „იად ალ-ჯაუზა“, რაც ორიონის ხელს ნიშნავს. ვარსკვლავს ასევე უწოდებენ ორიონის ალფას, სახელწოდებას, რომელსაც როგორც წესი, ამა თუ იმ თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ანიჭებენ (ალფა). თუმცა სინამდვილეში, ბეთელგეიზეზე კაშკაშაა ორიონის მარცხენა ფეხთან მდებარე ვარსკვლავი რიგელი.

ბეთელგეიზე უზარმაზარი და გაბერილია, აქვს ჩვენს მზეზე 20-ჯერ მეტი მასა. თუკი მზის ადგილას ბეთელგეიზეს მოვათავსებთ, წითელი ვარსკვლავი ჩაყლაპავს მერკურის, ვენერას, დედამიწას, მარსს, ასტეროიდთა სარტყელს, ჩვენს რამდენიმე კოსმოსურ ხომალდს და შეიძლება იუპიტერსაც; რაც შეეხება სატურნს, ის საკმაოდ შეიბრაწება.

გარდა ამისა, კოსმოსური თვალსაზრისით ბეთელგეიზე ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე. შესაბამისად, როცა ეს ვარსკვლავი აფეთქდება, მოვლენა იმდენად კაშკაშა იქნება, რომ დედამიწაზე ღამით ჩრდილები წარმოიქმნება და სავსე მთვარის ზომის კაშკაშა ობიექტი ცაში სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება. ამის შემდეგ, ვარსკვლავი ციდან სამუდამოდ გაქრება.

რა გავლენა ექნება ჩვენზე ბეთელგეიზეს აფეთქებას

არავითარი. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული თვალსაზრისით ბეთელგეიზე ჩვენს სამეზობლოშია, არც იმდენად ახლოს არის, რომ მისმა აფეთქებამ გავლენა იქონიოს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. Როგორც ასტრონომებმა გამოთვალეს, შოკურ ტალღებსა და ცივ, დიფუზიურ ნარჩენებს მზის სისტემამდე მოსაღწევად ექვსი მილიონი წელი დასჭირდება; და როდესაც ისინი მოვა, განადგურებული ვარსკვლავის შიგნეულობისგან მზის დამცავი „ბუშტი“ დაგვიცავს.

როგორც კი ასტრონომები განაცხადებენ, რომ ბეთელგეიზე სუპერნოვად აფეთქებას იწყებს, გირჩევთ მოემზადოთ და უბრალოდ დატკბეთ სანახაობით.

„ეს იქნება წარმოუდგენლად საოცარი მოვლენა; ალბათ ყველაზე ამაღელვებელი რამ, რაც კი შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მოხდეს“, — ამბობს სარაფინა ნენსი.

მართლაც არის თუ არა ბეთელგეიზე აფეთქების პირას

ეს უკვე დიდი საიდუმლოა და სწორედ ამიტომ არის ვარსკვლავის ამჟამინდელი ქცევა ასე დამაინტრიგებელი. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშის მკვეთრი ჩაბნელება შეიძლება მის სიკვდილს მოასწავებდეს.

„სიცოცხლის მიწურულს, მასიური ვარსკვლავები სასტიკად კარგავენ მასას. თეორიულად, მთელი ეს გამოტყორცნილი მტვერი უნდა საბურველში ახვევდეს და აბნელებდეს მომაკვდავ ვარსკვლავს და შესაბამისად, ჩვენგან ის ისეთი ჩაბნელებული უნდა ჩანდეს, როგორც სუპერნოვად აფეთქების წინ უნდა იყოს. პრაქტიკაში კი მაინც უცნობია, ბნელდება თუ არა ამ ტიპის ვარსკვლავი აფეთქების წინ, რადგან ამ დრომდე დეტალურად არავის შეუსწავლია სასიკვდილოდ განწირული ვარსკვლავი სიკვდილის წინ, პროცესში თუ შემდეგ.

არის თუ არა ჩაბნელება ჩვეულებრივი ამბავი ბეთელგეიზესთვის

დიახ. ბეთელგეიზე ნახევრად რეგულარულ ცვალებად ვარსკვლავად არის კლასიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიკაშკაშეც ნახევრად რეგულარულად იცვლება. დაახლოებით ათასი წლის წინ, ავსტრალიის აბორიგენმა მოსახლეობამ ამ ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებები შენიშნა; ფენომენი 1836 წელს ჩაიწერა ბრიტანელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმაც.

რამდენიმე წლის წინ, ცვალებად ვარსკვლავებზე დამკვირვებელთა ამერიკის ასოციაციამ თავი ერთად მოუყარა ბეთელგეიზეს ასეთ ქცევებზე დაკვირვებებს. ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული ფოტომეტრიული მონაცემები აჩვენებს, რომ ბთელგეიზეს ახასიათებს აკაშკაშებისა და ჩაბნელების ციკლები; ერთი ასეთი მერყევი ციკლი დაახლოებით ექვს წელიწადს გრძელდება, მეორე კი 425 დღეს.

„ეს ვარსკვლავი მკაცრად პერიოდული არ არის, სინათლის ვარიაციათა დიაპაზონი კი ციკლიდან ციკლამდე იცვლება“, — ამბობს აშშ-ის ვილანოვას უნივერსიტეტის ასტრონომი ედუარდ გუინანი. მისივე თქმით, ბეთელგეიზე ახლა ყველაზე ჩაბნელებულია მას შემდეგ, რაც ამ ვარსკვლავის ზუსტი მონიტორინგი დაიწყო საუკუნის წინ. მეორე ყველაზე დიდი ჩაბნელება 1920-იან წლებში ფიქსირდება.

ასეთ ვარიაციათა კვაზიპერიოდულ ცვლილებათა მიზეზი დიდწილად უცნობია. გუინანის და სხვა ასტრონომების განცხადებით, ბეთელგეიზეს და მის მსგავს სუპერგიგანტ ვარსკვლავებს აჭრელებული ზედაპირი აქვთ, სადაც მრავლადაა მასიური კონვექციური ზონები, რომლებიც იკუმშება და იბერება, რაც შესაბამისად, ამ ვარსკვლავთა ჩაბნელებას და აკაშკაშებას იწვევს; მაგრამ ეს არ გახლავთ მთელი ისტორია.

„ბთელგეიზეს ფოტოებზე, ვარსკვლავის ზედაპირზე ჩანს კაშკაშა და ბნელი მახასიათებლები, რომლებიც ზოგჯერ სიმეტრიული არ არის. ვარსკვლავი გაბერილი და არასტაბილურია, ახასიათებს პულსაციებიც“, — ამბობს გუინანი.

როგორც იგი ეჭვობს, ბეთელგეიზე ახლა დრამატულად ჩაბნელებული იმიტომ არის, რომ მინიმალურ სიკაშკაშეზე ერთმანეთს დაემთხვა მისი ორი ციკლი. იდეაში, ვარსკვლავი უახლოვდება ექვს-წლიან და 425-დღიანი ციკლთა ყველაზე ბნელ წერტილს; ამ ურთიერთქმედებათა გამო ვარსკვლავის ნორმალური რყევები გაცილებით სასტიკად ჩანს. 25 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებში ჩახედვის შემდეგ, გუინანი ვარაუდობს, რომ ვარსკვლავი ჩაბნელებას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გააგრძელებს, შემდეგ კი თანდათან ჩვეულ სიკაშკაშეს დაიბრუნებს.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, თუ ვარსკვლავმა ჩაბნელება მაინც განაგრძო, ყველა ასეთი ვარაუდი უკვე აზრს კარგავს.

როდის შეიძლება აფეთქდეს ბეთელგეიზე

როგორც ბოლო კვლევები მიუთითებს, დიდი ალბათობით, ვარსკვლავი უახლოეს რამდენიმე მილიონ წელიწადში უნდა აფეთქდეს; შეიძლება ეს 100 000 წლის შემდეგაც მოხდეს, ანდაც… ამაღამ, ანუ ბეთელგეიზე უკვე აფეთქებულია და უბრალოდ, მის სინათლეს ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია.

ჩვენამდე მოსაღწევად კი მის სინათლეს დაახლოებით 700 წელი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეთელგეიზეს სინამდვილეში ჩვენ ისეთს ვხედავთ, როგორიც ის 700 წლის წინ იყო. თუკი მოვესწარით და ღამის ცაზე მართლაც ვიხილეთ აფეთქებული ბეთელგეიზე, ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავი სადღაც შუა საუკუნეებში აფეთქდა, მისმა სინათლემ კი ჩვენთან უბრალოდ ახლაღა მოაღწია.

მომზადებულია National Geographic-ისა და Universe Today-ს მიხედვით.