ბეთელგეიზემ ჩაბნელება შეწყვიტა — როგორც ჩანს, აფეთქება უახლოეს მომავალში არ მოხდება
ბეთელგეიზემ ჩაბნელება შეწყვიტა — როგორც ჩანს, აფეთქება უახლოეს მომავალში არ მოხდება

ბეთელგეიზეს აქტიური დაკვირვებები გრძელდება და როგორც ასტრონომები იუწყებიან, ვარსკვლავმა ჩაბნელება შეწყვიტა და კვლავ სიკაშკაშის მომატებას იწყებს. ჩაბნელება ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების ერთ-ერთი წინაპირობაა და შესაბამისად, მეცნიერთა ერთ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გავხდებოდით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბეთელგეიზე აღსასრულს ჯერ არ უახლოვდება, მაგრამ ყველა მაინც საგონებელშია ჩავარდნილი, რატომ ჩაბნელდა ვარსკვლავი ასე ძალიან.

ბეთელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს და საკუთარი ტიპის ვარსკვლავის კვალობაზე საკმაოდ ბებერია. უკვე გაიარა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ეტაპი, როდესაც ბირთვში აქტიურად მიმდინარეობს წყალბადის ატომების სინთეზი და შედეგად, არის ჩვენს მზეზე 10-25-ჯერ მასიური მოლურჯო-მოთეთრო ვარსკვლავი. ასეთი ვარსკვლავების სიცოცხლე მრისხანე და საკმაოდ ხანმოკლეა.

ბეთელგეიზე ამჟამად 8-8,5 მილიონი წლისაა და მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ეტაპი დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ დაასრულა. შედარებისათვის, ჩვენი მზე ახლა 4,6 მილიარდი წლისაა და მთავარი მიმდევრობის შუა ეტაპზეა.

დაახლოებით 40 00 წლის წინ, ბეთელგეიზე გაიბერა, წითელ სუპერგიგანტად გადაიქცა და გაცივდა. ამჟამად მას ბირთვში უკვე ამოწურული აქვს წყალბადის საწვავი და ახდენს ჰელიუმის სინთეზს ნახშირბადად და ჟანგბადად.

ამავე დროს, ბირთვი შეიკუმშა, რის გამოც, მის გარშემო თავი მოიყარა წყალბადმა და წარმოიქმნა წყალბადის გარსი. ეს გარსი ჰელიუმად სინთეზირდება, რომელიც შემდეგ ბირთვში მიედინება, სადაც უკვე ჰელიუმის სინთეზი გრძელდება.

თანდათანობით, ბირთვი მოახდენს სულ უფრო და უფრო მძიმე ელემენტთა სინთეზს, საბოლოოდ კი დააგროვებს დიდი ოდენობით რკინას, რომელიც გამოიწვევს ბირთვის კოლაფსს — ბებერი ვარსკვლავი აფეთქდება. ასტრონომთა გათვლებით, ბეთელგეიზეს ამ წერტილამდე ჯერ ათობით ათასი წელიწადი აშორებს.

მოსალოდნელია, რომ ამ სასიკვდილო აფეთქებამდე, ბეთელგეიზე სწრაფად ჩაბნელდება, შემდეგ კი შთამბეჭდავად გაანათებს დედამიწის ცას.

მიუხედავად იმისა, რომ ბეთელგეიზეს სიკაშკაშე ცვალებადია, მისი ბოლოდროინდელი ჩაბნელება გაცილებით აღემატებოდა მანამდე ოდესმე დაკვირვებულს. 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით, ვარსკვლავი 25 პროცენტით ჩაბნელდა. შესაბამისად, ადვილად მისახვედრია, რატომ ატყდა მედიაში ასეთი ამბავი ამ ვარსკვლავის შესახებ.

როგორც ჩანს, ყველას, ვინც უიშვიათეს კოსმოსურ ფოიერვერკს ველოდებოდით, იმედგაცრუება გველოდება, რადგან ბეთელგეიზე თანდათან იბრუნებს სიკაშკაშის ჩვეულებრივ დონეს იმ დროში, რომელიც კარგად ჯდება მისი ცვალებადობის ციკლში.

როგორც ასტრონომები წერენ, გასული ორი კვირის განმავლობაში ჩატარებულმა ფოტომეტრიულმა ანალიზებმა აჩვენა, ბეთელგეიზემ სინათლის ჩაბნელება შეწყვიტა და ნელ-ნელა კვლავ აკაშკაშება დაიწყო.

თუმცა, რჩება ერთი დიდი კითხვა — რამ განაპირობა ჩაბნელება? ასტრონომები შესაძლო ვარიანტებს იკვლევენ. ერთ-ერთი შესაძლო ვერსიაა ვარსკვლავის ზედაპირის გაციება. ამისათვის, ბეთელგეიზეს თავს რაღაც მართლა უცნაური უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს სულაც არ არის შეუძლებელი.

კიდევ ერთი ვარიანტია გაზის გიგანტური ღრუბელი, რომელმაც ვარსკვლავმა ჩვენი მიმართულებით გამოტყორცნა. წითელი გიგანტის ფაზაში მყოფი ვარსკვლავები დიდი ოდენობით მატერიას გამოტყორცნიან, თანაც სუპერნოვად აფეთქებამდე ბევრად უფრო ადრე; ინფრაწითელ ფოტოებში მართლაც ჩანს, რომ ბეთელგეიზეს გარს აკრავს მტვრის გროვები, რომლებსაც მოცემულ ფოტოზე ხედავთ. შავი დისკოთი თავად ვარსკვლავია დაფარული, დაახლოებით იუპიტერის ორბიტის ზომის რეგიონი.

ორივე ეს ახსნა კარგად ჯდება ჩაბნელების ასიმეტრიასთან, რაც 2019 წლის დეკემბერში გადაღებულ ფოტოებზე შეიმჩნევა.

ბეთელგეიზეს კვლავ აკაშკაშება ამ იდუმალ მოვლენას საბოლოოდ მოჰფენს სინათლეს და შესაბამისად, ასტრონომებიც განაგრძობენ გულმოდგინე დაკვირვებებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი