ბეთელგეიზე ჩაბნელებას განაგრძობს — ახლოვდება თუ არა სუპერგიგანტი ვარსკვლავის აღსასრული
ბეთელგეიზე ჩაბნელებას განაგრძობს — ახლოვდება თუ არა სუპერგიგანტი ვარსკვლავის აღსასრული

ბეთელგეიზე ჩაბნელებას განაგრძობს და ყველას აინტერესებს, რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ასეთი საქციელი. სიცოცხლის მიწურულს ეს ვარსკვლავი სუპერნოვად უნდა აფეთქდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოსალოდნელი არ არის მომდევნო ათობით ათასი წლის განმავლობაში. საინტერესოა, მაშ რა რა იწვევს მის ჩაბნელებას?

ვილანოვას უნივერსიტეტის ასტრონომები, ედუარდ გინანი და რიჩარდ უასატონიკი პირველები იყვნენ, რომლებმაც ბეთელგეიზეს ბოლოდროინდელი ჩაბნელება შენიშნეს. The Astronomer’s Telegram-ში გამოქვეყნებულ ახალ პოსტში, ასტრონომთა წყვილი ვარსკვლავის კიდევ უფრო ჩაბნელების შესახებ იუწყება. ისინი ასევე შენიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბეთელგეიზე ჩაბნელებას განაგრძობს, ჩაბნელების მაჩვენებელი ნელია.

ბეთელგეიზე ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავია. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა კატეგორია მან დაახლოებით მილიონი წლის წინ დატოვა და მომდევნო 40 000 წლის განმავლობაში წითელ სუპერგიგანტად იქცა.

ოფიციალურად ის SN II პროგენტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ბეთელგეიზე წყალბადის საწვავს ამოწურავს, რის გამოც მისი ბირთვი კოლაფსირდება და სუპერნოვად აფეთქდება.

ბეთელგეიზე ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავია, ანუ მისი სიკაშკაშე მუდმივად ცვალებადია. მისი ერთ-ერთი ციკლი 420 დღეს გრძელდება, მეორე კი 5-6 წელიწადს. მესამე ციკლი მოკლეა და 100-180 დღეს გრძელდება. მისი სინათლის რყევების უმეტესობა პროგნოზირებადია და ამ ციკლებს მიჰყვება, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, ამჟამინდელი ჩაბნელება.

ასტრონომები ბეთელგეიზეს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. პირველი ვიზუალური შეფასებები 180 წლის წინ გამოჩნდა, 1920-იანი წლებიდან კი ცვალებად ვარსკვლავებზე დამკვირვებელთა ამერიკული ასოციაცია (AAVSO) მის უფრო სისტემატიურ გაზომვებს ატარებს.

დაახლოებით 40 წლის წინ, ვილანოვას უნივერსიტეტის ასტრონომებმა ბეთელგეიზეს სიკაშკაშის სისტემატიური ფოტომეტრიული გაზომვები დაიწყეს. ყველაზე სრულყოფილია გასული 25 წლის ფოტომეტრიული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ვარსკვლავი ამჟამად ისეა ჩაბნელებული, როგორც არასდროს.

გინანისა და უასატონიკის პოსტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ბეთელგეიზეს ტემპერატურა 100 კელვინით შემცირდა, მისი სიკაშკაშე კი ამავე პერიოდში დაახლოებით 25 პროცენტით არის შემცირებული.

ყველა ამ გაზომვის მიხედვით, ვარსკვლავის რადიუსი გაზრდილია 9 პროცენტით. ასაკის მატებასთან ერთად, ბეთელგეიზეს გაბერვა მოსალოდნელიც იყო.

ასტრონომიული თვალსაზრისით, ბეთელგეიზე ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, დაახლოებით 650 სინათლის წლის მანძილზე, რის გამოც, მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ის ერთადერთი ვარსკვლავია ჩვენი მზის შემდეგ, რომლის ზედაპირის დეტალებსაც ვხედავთ. ეს კი ასტრონომებს ეხმარება გაიგონ, რა ხდება იქ და სხვა მსგავს ვარსკვლავებზე.

სხვა ვარსკვლავთა მსგავსად, ბეთელგეიზე საკუთარ ბირთვში სითბოს სინთეზის შედეგად აწარმოებს. ზედაპირამდე სიცხე კონვექციის საშუალებით აღწევს. დინებებს, რომლებიც სიცხეს ატარებენ, კონვექციური უჯრედები ეწოდება და ისინი ზედაპირზე ბნელი ლაქების სახით ჩანს.

ვარსკვლავის ბრუნვასთან ერთად, ჩვენი თვალთახედვისთვის ბრუნავს ეს უჯრედებიც, რისი წყალობითაც, ვაკვირდებით ბეთელგეიზეს ცვალებადობას. კონვექციური უჯრედები ხშირად უზარმაზარია.

2013 წელს, მეცნიერებმა მზის ზედაპირზე შენიშნეს კონვექციური უჯრედები, რომლებმაც რამდენიმე თვეს გასტანა. შესაძლებელია თუ არა, რომ ბეთელგეიზეს ჩაბნელების მიზეზიც რაღაც ასეთი იყოს?

არ არის გამორიცხული ისიც, რომ ჩაბნელება თავად ვარსკვლავის ბრალი არ იყოს და ამის მიზეზი გაზის ღრუბელი იყოს, რომელიც მის სინათლეს ბლოკავს. დროთა განმავლობაში, ბეთელგეიზე უფრო და უფრო მეტ საწვავს ხარჯავს და შესაბამისად, კარგავს მასას.

მასის დაკარგვასთან ერთად კი, სუსტდება მისი გრავიტაციული შეკავება გარე კიდეებთან და ვარსკვლავიდან გაზის ღრუბლები მიმდებარე რეგიონებში გარბის. სწორედ ეს შეიძლება იყოს ამჟამინდელი ჩაბნელების მიზეზი.

შესაძლებელია თუ არა, ბეთელგეიზეს თავს რაღაც სრულიად სხვა ხდებოდეს? ვარსკვლავთა შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ არა ყველაფერი. გარდა ამისა, სხვა წითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავს ისე არასოდეს დავკვირვებივართ, როგორც ბეთელგეიზეს.

ასტრონომებმა იციან, რაც მოხდება, მაგრამ არ იციან, როდის

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, კარგად ვიცით, როგორი იქნება ბეთელგეიზეს აღსასრული — სუპერნოვად აფეთქება.

ამ დროისათვის უცნობია, არის თუ არა ეს კონკრეტული ჩაბნელება დაკავშირებული ამ ცვალებადი ვარსკვლავის კატაკლიზმური სიკვდილის მოახლოებასთან. როგორც გინანი და უასატონიკი აღნიშნავენ, ბეთელგეიზეს ამ უჩვეულო ქცევაზე დეტალური დაკვირვებებია საჭირო.

როდესაც ბეთელგეიზე სუპერნოვად აფეთქდება, ეს იქნება ყველაზე მომაჯადოებელი ბუნებრივი მოვლენა, რაც კი ოდესმე რომელიმე ადამიანს უნახავს. წარსულში მომხდარი სხვა სუპერნოვები, მაგალითად, SN 185 და SN 1604 ბეთელგეიზეზე გაცილებით შორს იყვნენ.

როცა ბეთელგეიზე სუპერნოვად აფეთქდება, ის ცაში მესამე ყველაზე კაშკაშა ობიექტი იქნება მზისა და სავსე მთვარის შემდეგ. ზოგიერთი შეფასების მიხედვით კი, ცაში მისი ზომა და სიკაშკაშე მთვარესაც გადააჭარბებს.

სუპერნოვად აფეთქებიდან დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ, ბეთელგეიზე ღამის ციდან სამარადისოდ გაქრება და მის ადგილს ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი დაიკავებს. შესაბამისად, მოიშლება ორიონის თანავარსკვლავედიც.

არავინ იცის, ზუსტად როდის მოხდება ეს განსაცვიფრებელი მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ჩაბნელება სავარაუდოდ პირდაპირ კავშირში არ არის ბეთელგეიზეს სუპერნოვად აფეთქებასთან, ასტრონომები მაინც არაფერს გამორიცხავენ.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.