დაფიქსირებულია ბეთელგეიზეს მიმართულებიდან მოსული გრავიტაციული ტალღები — არის თუ არა კავშირში მის აფეთქებასთან
დაფიქსირებულია ბეთელგეიზეს მიმართულებიდან მოსული გრავიტაციული ტალღები — არის თუ არა კავშირში მის აფეთქებასთან

გრავიტაციულ ტალღებს სამყაროში მომხდარი ავბედითი მოვლენები წარმოქმნის. მათი წარმოქმნა შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის გარშემო მოძრავ და საბოლოოდ შეჯახებულ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, ორი შავი ხვრელის შეჯახებას. თუმცა, ხანდახან ჩნდება გრავიტაციულ ტალღათა აფეთქება, რომელსაც აშკარა მიზეზი არ გააჩნია.

ერთ-ერთი ასეთი აფეთქება LIGO/VIRGO-ს ობსერვატორიებმა 14 იანვარს დააფიქსირა და ის ცის იმავე რეგიონიდან მოვიდა, სადაც სახელგანთქმული ვარსკვლავი ბეთელგეიზე მდებარეობს. ბოლო პერიოდში ეს ვარსკვლავი საგრძნობლად ჩაბნელდა და მოსალოდნელია, რომ გარკვეულ მომენტში ის სუპერნოვად აფეთქდება.

შეიძლება თუ არა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან იყოს კავშირში?

ბეთელგეიზე წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავია ორიონის თანავარსკვლავედში. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა კატეგორია მან დაახლოებით მილიონი წლის წინ დატოვა და მომდევნო 40 000 წლის განმავლობაში წითელ სუპერგიგანტად იქცა. თანდათანობით, ბეთელგეიზე წყალბადის საწვავს ამოწურავს და მისი ბირთვი კოლაფსირდება, ვარსკვლავი სუპერნოვად აფეთქდება.

ბოლო პერიოდში ბეთელგეიზე ჩაბნელდა. გაჩნდა მოსაზრებები, რომ ის სუპერნოვად აფეთქებისთვის ემზადება. ასტროფიზიკოსებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ იდეის განხილვა. ზუსტი რიცხვების დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ბეთელგეიზე სუპერნოვად მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში უნდა აფეთქდეს. როდესაც ვარსკვლავი ბნელდება, მის თავს აშკარად რაღაც ხდება.

არის თუ არა დაკავშირებული ახლახან აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღები ბეთელგეიზეს ჩაბნელებასთან ან მომავალში მის სუპერნოვად აფეთქებასთან?

ასტრონომები აცნობიერებენ იმასაც, რომ ბეთელგეიზე ცვალებადი ვარსკვლავია და მისი სიკაშკაშე შეიძლება შეიცვალოს. ბეთელგეიზეს მსგავსი ვარსკვლავები მუდმივად ერთნაირი არ არის. ის ნახევრად წესიერი ცვალებადი ვარსკვლავია, რომელსაც ახასიათებს სიკაშკაშის პერიოდული და არაპერიოდული ცვლილებები.

LIGO-ს მიერ დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღების ტიპს ფეთქებად ტალღებს უწოდებენ. მათი წარმოქმნა სუპერნოვასაც შეუძლია, მაგრამ ბეთელგეიზე ჯერ არ აფეთქებულა.

ზოგიერთი ასტრონომი ფიქრობს, რომ ბთელგეიზეს მიმართულებით დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღები თავად ვარსკვლავთან კავშირში არ არის.

ფეთქებადი გრავიტაციული ტალღები სინამდვილეში შეიძლება ცრუ სიგნალი იყოს, ბეთელგეიზეს ჩაბნელებები კი კარგად არის შესწავლილი.

ერთ მშვენიერ დღეს ბეთელგეიზე აუცილებლად აფეთქდება და ჩვენი ცა სამუდამოდ შეიცვლება. თუმცა, ეს სუპერნოვა დედამიწისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ვარსკვლავის აფეთქება ფრიად თვალწარმტაცი მოვლენაა. წარმოქმნის მომაკვდინებელ რადიაციას. ამ დროს დიდი სიძლიერით ამოიტყორცნება რენტგენული გამოსხივება, ულტრაიისფერი რადიაცია და თავად ვარსკვლავის მატერია. ყველაზე მომაკვდინებელი კი გამა-გამოსხივებაა.

მიუხედავად მთელი ამ სისასტიკისა, ბეთელგეიზე ჩვენგან 640 სინათლის წლით არის დაშორებული და ეს მანძილი საკმარისად დიდია იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად უსაფრთხოდ გადავრჩეთ.

ყველაზე დიდი შედეგი კი ის იქნება, რომ ორიონის თანავარსკვლავედი სამუდამოდ შეიცვლება. აფეთქების შემდეგ, ბეთელგეიზე ჩვენი მხედველობიდან გაქრება, მაგრამ მის ადგილას გაჩნდება სუპერნოვას ნარჩენიშავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.