ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ გრავიტაციას სინათლის წარმოქმნა შეუძლია — #1tvმეცნიერება
ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ გრავიტაციას სინათლის წარმოქმნა შეუძლია — #1tvმეცნიერება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადრეული სამყაროს ეგზოტიკურ გარემოში, გრავიტაციული ტალღები შეიძლება ისე ძლიერ არყევდა სივრცე-დროს, რომ სპონტანურად ქმნიდა რადიაციას.

რეზონანსის ფიზიკური კონცეფცია ყოველდღიურ ცხოვრებაში გარშემო ყველგან გვხვდება. როცა საქანელაზე ზიხართ და მაღლა აქანება გინდათ, ბუნებრივად იწყებთ ფეხების წინ გაშლას და მოკეცვას. სწრაფადვე პოულობთ სწორ რიტმს და მაღლაც ადვილად ადიხართ. თუ რიტმიდან ამოვარდებით, ისე მაღლა ვეღარ აქანდებით. ამ კონკრეტული სახის ფენომენს ფიზიკაში პარამეტრულ რეზონანსს უწოდებენ.

თქვენი ფეხები გარე სატუმბი მექანიზმის მსგავსად მოქმედებს. როდესაც ისინი სისტემის რეზონანსულ სიხშირეს ემთხვევა, ამ შემთხვევაში, საქანელაზე მჯდომ თქვენს სხეულს, შეუძლიათ სისტემისთვის ენერგიის გადაცემა, რაც საქანელას უფრო მაღლა სწევს.

ამ სახის რეზონანსები ყველგან ხდება და როგორც მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, პარამეტრული რეზონანსის ეგზოტიკური ფორმა შეიძლება უკიდურესად ადრეულ სისტემაშიც კი ხდებოდა.

სამყაროს მთელი ისტორიის განმავლობაში მომხდარი ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენა იყო ინფლაცია. ეს გახლავთ ჰიპოთეტური მოვლენა, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც სამყარო ჯერ ერთი წამის შექმნილიც არ იყო. ინფლაციის დროს, ჩვენი კოსმოსი დრამატული პროპორციებით გაიზარდა და მრავალჯერ უფრო დიდი გახდა, ვიდრე იქამდე იყო. ინფლაციის დასასრული ძლიერ არეულ-დარეული საქმე გახლდათ, რადგან გრავიტაციული ტალღები მთელ კოსმოსში წინ და უკან დაეხეტებოდნენ.

ჩვეულებრივ, გრავიტაციული ტალღები ძალიან სუსტია. დედამიწაში გამავალი გრავიტაციული ტალღების დასაფიქსირებლად საჭიროა ისეთი დეტექტორების შექმნა, რომლებსაც ატომის ბირთვის დიამეტრის გაზომვაც კი შეუძლიათ. თუმცა, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, უკიდურესად ადრეულ სამყაროში, გრავიტაციული ტალღები შეიძლება საკმაოდ გაძლიერებულიყო.

შეიძლება ისიც, რომ მათ მდგარი ტალღების მსგავსიც შექმნეს, სადაც გრავიტაციული ტალღები კი არ მოძრაობდნენ, არამედ იდგნენ, თითქმის ადგილზე გაყინულად, მთელ კოსმოსში. გამომდინარე იქიდან, რომ გრავიტაციული ტალღები პირდაპირი მნიშვნელობით არის გრავიტაციის ტალღები, ადგილებში, სადაც ტალღები ყველაზე ძლიერია, წარმოდგენილია ყველაზე დიდი ოდენობით ენერგია.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოეტანა ადრეულ სამყაროში, იმ დროისათვის არსებული ელექტრომაგნიტური ველისთვის. ძლიერი გრავიტაციის მქონე რეგიონებმა შეიძლება საკმარისად აღაგზნეს ელექტრომაგნიტური ველი, რათა მისი ენერგიის გარკვეული ნაწილი რადიაციის სახით გამოთავისუფლებულიყო და სინათლე წარმოექმნა.

ასეთი შედეგები წარმოშობს სრულიად ახალ ფენომენს: სინათლის წარმოქმნას მხოლოდ გრავიტაციისგან. დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს სიტუაცია, რომელიც ამ პროცესს კვლავ შესაძლებელს გახდიდა, მაგრამ როგორც მკვლევრებმა აჩვენეს, ადრეული სამყარო იმაზე გაცილებით უცნაური ადგილი იყო, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს.

კვლევა ScienceDirect-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.