29 ივნისს სამყაროს შესახებ ორ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას გვამცნობენ — რას უნდა ველოდეთ #1tvმეცნიერება
29 ივნისს სამყაროს შესახებ ორ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას გვამცნობენ — რას უნდა ველოდეთ #1tvმეცნიერება

კოსმოსისა და ფიზიკის ახალი ამბების თვალსაზრისით, ეს კვირა გამორჩეულია — 29 ივნისს, ორი პრესკონფერენციაა ჩანიშნული სამყაროს შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.

შეიძლება თარიღი საერთო იყოს, მაგრამ ორი განცხადება ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ თემას და აღმოჩენას ეხება.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე კონფერენცია ეხება მიღწევებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჩვენი ფუნდამენტური გაგება სამყაროს მუშაობის პრინციპის შესახებ. რაც არ უნდა იყოს, სტატიაში მოგიყვებით, რას შეიძლება ველოდეთ, როგორც ამას სამეცნიერო მედიაში ვარაუდობენ.

აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების შესახებ

ჩრდილოეთ ამერიკის გრავიტაციული ტალღების ნანოჰერცის ობსერვატორია (NANOGrav) 29 ივნისს აანონსებს განცხადებას, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე გაკეთდება.

პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგენენ აღმოჩენას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობა Pulsar Timing Array-მ (IPTA) გააკეთა — გრავიტაციული ტალღების დეტექტორთა მსოფლიო მასშტაბის კონსორციუმმა, რომელშიც შედის ჩრდილოეთ ამერიკის NANOGrav; ევროპის European Pulsar Timing Array; ინდოეთის Indian Pulsar Timing Array Project; და ავსტრალიის Parkes Pulsar Timing Array.

ამ დროისათვის, ისინი ბევრს არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რას გვამცნობენ, მაგრამ კვლევებში ჩართული ჯგუფებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენა გრავიტაციულ ტალღების ფონს (GWB) ეხება, რომელსაც ხშირად სამყაროს ფონურ ზუზუნს უწოდებენ.

ამ ფონური ზუზუნის აღმოჩენა დიდი ამბავი იქნება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს გაგებაში სამყაროს ყველაზე ადრეული დღეების შესახებ.

„მაგალითად, ელექტრომაგნიტური რადიაცია ვერ გვაძლევს სამყაროს იმაზე ადრეულ სურათს, რაც ბოლო დიდ გაფანტვამდე იყო (დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400 000 წლის შემდეგ). თუმცა, გრავიტაციულ ტალღებს შეუძლია, ინფორმაცია ინფლაციის პერიოდამდე მოგვცეს, რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც ∼10-32 წამის შემდეგ იდგა“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ფიზიკოს-თეორეტიკოსი სიუზენ სკოტი.

სამყაროს ყველა სხვა დანარჩენი „ხმისგან“ ამ ზუზუნის გამორჩევა უკიდურესად რთულია. თუმცა, გრავიტაციული ტალღების ფონის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი გზაა პულსარების კვლევა, ე. წ. Pulsar timing array.

პულსარი არის ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი, ნარჩენი ერთ დროს მასიური ვარსკვლავისა, რომელიც სუპერნოვას აფეთქებით მოკვდა და მის ადგილას მხოლოდ ერთი მკვრივი ბირთვი დარჩა.

ეს მბრუნავი ვარსკვლავები კოსმოსური შუქურებივითაა, რომელთა რადიოგამოსხივების ჭავლებიც დედამიწას ზუსტი ინტერვალებით გადაუვლის.

თეორიულად, გრავიტაციული ტალღების ჭავლებმა პულსარების ამ ანთებათა დროში განაწილებაში მცირე გადახრები უნდა წარმოქმნან.

მხოლოდ ერთი პულსარი არც ისე ბევრ სიგნალს გამოსცემს, მაგრამ როდესაც ერთნაირ შეუსაბამობებს პულსართა დიდი რაოდენობა აჩვენებს, შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი სახის გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ადრეულ სამყაროში შავ ხვრელთა შერწყმის შედეგად არ უნდა იყოს წარმოქმნილი.

სწორედ ამას ეძებს კონსორციუმი IPTA და ალბათ, უკვე იპოვა კიდეც.

ყველაფერს 29 ივნისს შევიტყობთ და რა თქმა უნდა, ინფორმაციას დაუყოვნებლივ, გამოცხადებისთანავე შემოგთავაზებთ.

კონფერენციას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი, ამ ბმულზე.

აღმოჩენა ნეიტრინოების შესახებ

მეორე განცხადებას ხუთშაბათს ანტარქტიდის ყინულების სიღრმეში განთავსებულ ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube გააკეთებს.

ნაწილაკების ეს დეტექტორი ნეიტრინოებს ეძებს; ნეიტრინო არის სუბატომური ნაწილაკი, რომლის დაფიქსირებაც უკიდურესად რთულია, რადგან არ აქვს არც მუხტი და პრაქტიკულად არც მასა.

აქვს უნარი, რომ სრულიად შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში, რის გამოც, მას ზედმეტსახელად „მოჩვენება ნაწილაკსაც“ უწოდებენ. ამის გამო, ისინი იდეალურია შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად, რადგან მათი გზა და მახასიათებლები კოსმოსში მოგზაურობისას შედარებით უცვლელია მიმდებარე გარემოს მხრიდან.

ნეიტრინოები გამოიყოფა ბეტა დაშლის პროცესში, რომელიც ნეიტრონებს პროტონებად გარდაქმნის; შედეგად, ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უხვი სუბატომური ნაწილაკია. წარმოიდგინეთ, თქვენს ერთ ფრჩხილსაც კი წამში ათობით მილიარდი ნეიტრინო ურტყამს ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევთ.

უკვე დაფიქსირებულია შორეული კვაზარებიდან არიან მოსული ნეიტრინოები, ასევე ნაწილაკთა კოლაიდერებში და ჩვენი მზიდან წამოსულებიც კი. უფრო მეტიც, ის იდუმალებით მოცული ბნელი მატერიის ერთ-ერთი კანდიდატიც კი არის.

29 ივნისის განცხადების შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეჭვგარეშეა, საქმე ეხება ნეიტრინოების გარკვეულ დამაინტრიგებელ დაფიქსირებას, რასაც ძალიან ცოტა რამ თუ ექნება საერთო გრავიტაციულ ტალღებთან.

IceCube-ის ობსერვატორიის პრესკონფერენცია 29 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ ამ ბმულზე.

რა თქმა უნდა, ორივე აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას გავრცელებისთანავე მოგაწვდით.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.