ჰაბლმა მომაკვდავი ვარსკვლავის უიშვიათესი სინათლის ექო გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჰაბლმა მომაკვდავი ვარსკვლავის უიშვიათესი სინათლის ექო გადაიღო — #1tvმეცნიერება

შემზარავად მშვენიერ ახალ სურათებზე აღბეჭდილია მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი სინათლის უკანასკნელი ჭავლები, რომლებიც კოსმოსში ვრცელდება.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შთამბეჭდავ დეტალებში აღბეჭდა სინათლე, რომელიც 2016 წელს მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებას მოჰყვა. მას შემდეგ, ეს სინათლე გარე მიმართულებით ვრცელდება.

სურათების შეერთების შედეგად მიღებული ანიმაცია მომაკვდავ ვარსკვლავთა ევოლუციის შესახებ ინფორმაციის ნამდვილი საგანძურია. სუპერნოვა მდებარეობს გალაქტიკა კენტავრი A-ში.

„ყოველდღიური ცხოვრებიდან ამის კარგი მაგალითია ფოიერვერკის ფინალი — როდესაც ბოლო გასროლის სინათლე წინა გასროლებისას წარმოქმნილ კვამლს ანათებს“, — ამბობს აშშ-ის ჰოფსტრას უნივერსიტეტის ასტრონომი სტივენ ლოურენსი.

მისი განცხადებით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაღებულ სურათთა სერიების შედარებით, შესაძლებელია გაიზომოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ბოლო, სცენის გადამნათებელ აფეთქებასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული; მაგალითად, რამდენი გარსი აფეთქდა იქამდე, რამდენად გაუმჭვირვალეა მოცემული გარსის კვამლი, რა სისწრაფით და რა მიმართულებით მიქროდა ქარი.

სინათლის ექოები ნამდვილად საოცარი ფენომენია, რომელიც რეალურად მხოლოდ შორიდან ჩანს. ჩნდება მაშინ, როდესაც რაღაც წარმოქმნის სინათლის ისეთ ნათებას, რომელიც კოსმოსში ასხივებს. თუ ეს სინათლე ფიზიკურ ბარიერს შეხვდება, მაგალითად, კოსმოსური მტვრის ღრუბლებს, მოხდება მისი არეკვლა და საწყისი ანთებისგან განსხვავებულ დროს მოვა. თითქმის იგივეა, რაც ბგერის ექო, მაგრამ მის ნაცვლად ამ შემთხვევაში სინათლეა. სინათლის ამ ექოების გამოყენებით შესაძლებელია სივრცის და მასში მოქცეულ ობიექტთა უკეთ კვლევა.

2016 წელს, როდესაც ამ სუპერნოვას, სახელად SN 2016adj-ს აკვირდებოდნენ, ასტრონომებმა ის ჩაინიშნეს და შემდეგში რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ჩვენგან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მის მასპინძელ გალაქტიკა კენტავრი A-ს, რათა ენახათ დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. მოთმინებამ შედეგი გამოიღო. მიმქრალი სუპერნოვას შესახებ არა მხოლოდ მონაცემები შეაგროვეს, არამედ მისი სინათლის ექოებიც გადაიღეს.

„ამ მძლავრი სუპერნოვას აფეთქების დარტყმითი ტალღა გარე მიმართულებით წამში 10 000 კმ სიჩქარით მიდის. ამ დარტყმითი ტალღის წინ არის სუპერნოვას მიერ გამოყოფილი სინათლის ძლიერი ნათება, რაც იმ გაფართოებად რგოლებს განაპირობებს, რომლებსაც ფოტოებზე ვხედავთ. სუპერნოვები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ ამ კოსმოსურ აფეთქებათა შედეგად წარმოიქმნება მრავალი მძიმე ელემენტი, მათ შორის, ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა, რომლებისგანაც შედგება ჩვენი გალაქტიკა, ვარსკვლავები და პლანეტებიც“, — ამბობს ესპანეთის კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ლუის გალბანი.

კენტავრი A ცოტა უცნაურია. მიეკუთვნება ელიფსურ გალაქტიკათა კლასს, რომლებიც ძირითადად გლუვი, ოვალური ფორმის გალაქტიკებია ძლიერ ცოტა მტვრითა და ძალიან ძველი ვარსკვლავებით. თუმცა, კენტავრი A ძლიერ მტვრიანია, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი და ოდნავ გამრუდებულია. ჯერ კიდევ შეიმჩნევა სხვა გალაქტიკასთან კოსმოსური თვალსაზრისით შედარებით ბოლოდროინდელი შეჯახების ნიშნები.

მიჩნეულია, რომ როდესაც სუპერნოვას სინათლე დედამიწისკენ მოემართება, გზად მტვრის მრავალ ღრუბელს უნდა შეხვდეს. ჩვენი გადმოსახედიდან, ამას ზომაში გაფართოებადი რგოლების თანმიმდევრობის სახით ვხედავთ. ხუთწლიანი დაკვირვების პერიოდში, ასტრონომები სინათლის ოთხ ექოს დააკვირდნენ, რაც ნიშნავს მტვრის ოთხ ღრუბელს, რომელთაგან თითოეული იმხელა და ისეთი მკვრივია, რომ შეუძლია სინათლის ექოს წარმოქმნა.

დანიის აარჰუსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ასტრონომ მაქსიმილიან სტრიცინგერის ხელმძღვანელობით, სინათლის ამ ექოების წყალობით, სუპერნოვასთან არსებული მტვრის აღრიცხვა შეძლო. როგორც მათი ანალიზები მიუთითებს, მტვრიანი სტრუქტურები შეიცავს სივრცეებს, რომლებიც სავსეა მატერიით, მაგრამ ის ზედმეტად დაბალი სიმკვრივისაა და ვერ წარმოქმნის დაფიქსირებად სინათლის ექოს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოუთმენლად ელოდება, როდის გადაიღებს კენტავრი A-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც მტვრის მიღმა გახედვა და გალაქტიკის შუაგულში შეხედვა შეუძლია, ასტრონომებმა აჩვენეს, რომ არის გარკვეული დაკვირვებები, რომლებშიც ჰაბლი ჯერ მაინც მეფეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰაბლი უკვე რამდენიმე ათწლეულია კოსმოსშია, ჩატარებული აქვს მრავალწლიანი დაკვირვებები, რომლებიც გალაქტიკის სტრუქტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვთავაზობს.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucd.ie-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.