ეგვიპტეში აღმოჩენილი არამიწიერი ქვა, სავარაუდოდ, უიშვიათესი ვარსკვლავური აფეთქების შედეგადაა წარმოქმნილი — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში აღმოჩენილი არამიწიერი ქვა, სავარაუდოდ, უიშვიათესი ვარსკვლავური აფეთქების შედეგადაა წარმოქმნილი — #1tvმეცნიერება

Ia ტიპის სუპერნოვას აფეთქებები სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული მოვლენებია, რომლებიც მაშინ ხდება, როდესაც მკვრივი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავს შთანთქავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი სუპერნოვას მტკიცებულება აქ, დედამიწაზე იპოვეს.

ამის საფუძველს არამიწიერი წარმოშობის ქვის, სახელად ჰიპათიას დეტალური შესწავლა იძლევა; ეს ქვა 1996 წელს ეგვიპტეში იპოვეს. ქვის ქიმიური შემადგენლობა და სხვა მახასიათებლები მიუთითებს, რომ შეიცავს იმ მტვრისა და გაზის ნამცეცებს, რომელიც Ia ტიპის სუპერნოვებს აკრავს გარს.

მკვლევართა განცხადებით, მილიარდობით წლის განმავლობაში, მტვრისა და გაზის ეს ნარევი უნდა გამყარებულიყო და თანდათან წარმოექმნა ის მშობელი სხეული, რომელსაც ჰიპათია მოსწყდა დაახლოებით მაშინ, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ახალი დაბადებული იყო.

„გარკვეული გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ Ia სუპერნოვას აფეთქება მოქმედებაში დავიჭირეთ, რადგან აფეთქებიდან წამოსული გაზის ატომები მიმდებარე მტვრის ღრუბელში ჩაიჭედა, რომლისგანაც თანდათანობით წარმოიქმნა ჰიპათიას მშობელი სხეული“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსი იან კრამერსი.

ქიმიური ანალიზის დეტალური, არადესტრუქციული მეთოდის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა ჰიპათიას ციცქნა ნიმუშში 17 სხვადასხვა სამიზნე შეისწავლა. შემდეგი ნაბიჯი იყო იმ მინიშნებების შეგროვება, სად და როგორ წარმოიქმნა ეს ქვა.

ამ მინიშნებათა შორის იყო სილიციუმის, ქრომისა და მანგანუმის უჩვეულოდ დაბალი დონე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ქვა მზის სისტემის შიდა ნაწილში წარმოქმნილი არ იყო. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს რკინის, გოგირდის, ფოსფორის, სპილენძისა და ვანადიუმის მაღალი შემცველობა, რაც მას ასევე განასხვავებდა ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს სხვა ნებისმიერი ობიექტისგან.

ჰიპათიაში ელემენტთა კონცენტრაციის მახასიათებელთა შესწავლით გაირკვა, რომ შესამჩნევი განსხვავებები იყო იმ ქვებს შორის, რომლებიც მზის სისტემაში ან მის გარეთ, ირმის ნახტომის ჩვენს მკლავში უნდა წარმოქმნილიყო. შემდეგმა ანალიზებმა გამორიცხა მოსაზრება, რომ ეს ქვა წითელი გიგანტი ვარსკვლავისგან ყოფილიყო წარმოქმნილი.

მკვლევრებმა აჩვენეს ისიც, რომ ჰიპათია არ ემთხვეოდა იმას, რასაც II ტიპის სუპერნოვას შედეგად წარმოქმნილს უნდა ველოდოთ — მას სილიციუმთან და კალციუმთან შედარებით გაცილებით მეტი რკინა ჰქონდა; შედეგად, გაჩნდა იმის დამაინტრიგებელი შესაძლებლობა, ის Ia ტიპის სუპერნოვას ნარჩენია, ამავე დროს პირველი ასეთი ობიექტი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ვიპოვეთ.

„თუ ეს ჰიპოთეზა სწორია, ჰიპათიას ქვა Ia ტიპის სუპერნოვას აფეთქების პირველი რეალური მტკიცებულება გახდება დედამიწაზე“, — ამბობს კრამერსი.

მისივე განცხადებით, ალბათ ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ის აჩვენებს, ანომალიური მტვრის ინდივიდუალურ ნაწილაკები გარე კოსმოსიდან შეიძლება მზის ნისლეულში გარეულიყო მზის სისტემის წარმოქმნისგან, ისე, რომ მას მთლიანად არ შერეოდა.

იმის გათვალისწინებით, რაც Ia სუპერნოვათა შესახებ ვიცით, ისინი ჰიპათიას მსგავს ქვებში ელემენტთა ძლიერ უჩვეულო კონცენტრაციას უნდა წარმოქმნიდნენ. ვარსკვლავთა მონაცემებისა და მოდელირების საფუძველზე ჩატარებული ყოვლისმომცველი ძებნის შედეგად, ჯგუფმა ამ ქვის შესახებ უკეთეს ახსნას ვერ მიაგნო.

ქვაში შესწავლილი 15 ელემენტიდან, რამდენიმე დაემთხვა ისეთი ობიექტისას, რომელიც მკვრივი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის აფეთქებიდან უნდა ყოფილიყო წამოსული.

თუმცა, ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაფერია. ექვსი ელემენტი 1a სუპერნოვას მოდელებს არ დაემთხვა: ალუმინი, ფოსფორი, ქლორი, კალიუმი, სპილენძი და თუთია. მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება ახსნას სუპერნოვას წარსულში მომხდარმა რაღაც მოვლენამ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები მომაკვდავი წითელი გიგანტი ვარსკვლავებისგან წარმოიქმნებიან, ჰიპათიამ ამ ექვსი ელემენტის პროპორცია შეიძლება სწორედ წითელი გიგანტისგან მიიღო მემკვიდრეობით. თეთრ ჯუჯებში ასეთი ფენომენი სხვა კვლევებშია შემჩნეული“, — აღნიშნავს კრამერსი.

საკითხის საბოლოოდ გასარკვევად უფრო მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ იდუმალმა ქვამ ჩვენამდე მოსასვლელად ძალიან დიდი გზა გამოიარა.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uj.ac.za-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.