ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფეთქება სავარაუდოდ რაღაც გაურკვეველს შეასკდა — #1tvმეცნიერება
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფეთქება სავარაუდოდ რაღაც გაურკვეველს შეასკდა — #1tvმეცნიერება

კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფეთქების ახალი ანალიზი უცნაურ ასიმეტრიაზე მიუთითებს.

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სუპერნოვას ნარჩენის, სახელად კასიოპეა A-ს ნისლეულის შიდა ნაწილი თანაბრად არ ფართოვდება.

ამ ღრუბლის ერთ ნაწილს რაღაც არა გარე მიმართულებით, დანარჩენი მატერიის მსგავსად ამოძრავებს, არამედ შიგნით, აფეთქების წყაროსკენ, ანუ ადგილი აქვს საპირისპირო (რევერსიულ) შოკს.

„დასავლეთ ნაწილში უკუმიმართულებით მოძრაობა შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს. იქ სადღაც, სუპერნოვას მატერიაში ან ხვრელია, გარკვეული სახის ვაკუუმი, რაც ცხელი გარსის უცაბედ, ლოკალურ შიდა მიმართულებით მოძრაობას იწვევს, ან ნისლეული რაღაცას შეეჯახა“, — ამბობს ამსტერდამის უნივერსიტეტის ასტრონომი იაკო ვინკი.

კასიოპეა A ჩვენგან დაახლოებით 11 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგად შესწავლილ ობიექტს ირმის ნახტომში. ის ე. წ. სუპერნოვას ნარჩენია, მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი მატერიის გაფართოებადი ღრუბელი.

სუპერნოვა კასიოპეა A 1670-იან წლებში მოხდა, გაანათა ცა და ასტრონომები მის ნარჩენებს მას შემდეგ სწავლობენ. ის ბრწყინვალე ნიმუშია სუპერნოვას ევოლუციის შესასწავლად.

კასიოპეა A სინათლეს ტალღის მრავალ სხვადასხვა სიგრძეში გამოყოფს და შედგება გაფართოებადი მატერიის დიდი, უხეშად სფერული გარსისგან, რომელიც ვარსკვლავიდან სუპერნოვად აფეთქებამდე ამოიტყორცნა, მაშინ, როდესაც ეს ვარსკვლავი სულ უფრო კარგავდა სტაბილურობას.

ეს მატერია საშუალოდ წამში 4000 – 4000 კილომეტრის სიჩქარით ფართოვდება.

ახალ კვლევაში, ვინკმა და მისმა კოლეგებმა ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მიერ 19 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს, რათა დაედგინათ, როგორ შეიცვალა ეს ნარჩენი დროთა განმავლობაში.

კასიოპეა A,სუპერნოვა

აღმოაჩინეს, რომ გარსის შიდა რეგიონის დასავლეთ ნაწილი შიგნით, ცენტრის მიმართულებით მოძრაობს, თანაც წამში 3000 – 8000 კილომეტრის სიჩქარით.

ასევე გაარკვიეს, რომ გარსის იმავე სექციის გარე შოკური ტალღა ჩქარდება. გაფართოებადი შოკური ტალღის კომპიუტერული მოდელების მიხედვით, რაღაცასთან შეჯახება შოკის წინა ნაწილს ჯერ შეანელებს, შემდეგ კი ააჩქარებს. ზუსტად ისე, რაც მკვლევრებმა გაზომეს.

საინტერესოა, რას შეიძლება შეჯახებოდა შოკური ტალღა?

სუპერნოვას სხვა ნარჩენებისგან ვიცით, რომ კოსმოსში, ვარსკვლავის გარშემო მატერიას შეუძლია წარმოქმნას საპირისპირო შოკები (დარტყმები); მაგალითად, ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრის მკვრივ რეგიონებს, ანდაც სიკვდილის დროს ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მატერიის უფრო ნელა მოძრავ გარსს.

კასიოპეა A-ს შემთხვევაში, მომაკვდავი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილ მატერიის მკვრივ რეგიონს შეიძლება წარმოექმნა ნაწილობრივი გარსი ნარჩენში, რომელსაც გარე მიმართულებით გაფართოებისას შეეჯახება.

ის ასევე შეიძლება იყოს ვოლფ-რაიეს ხანმოკლე ფაზის შედეგი, რა დროსაც, გიგანტური ვარსკვლავები წარმოუდგენლად დიდ მასას კარგავენ, რაც ვარსკვლავის გარშემო სივრცეში ღრუებს ტოვებს.

ბევრი არაფერი ვიცით იმ ვარსკვლავის შესახებ, რომელმაც სუპერნოვას ნარჩენი კასიოპეა A წარმოქმნა. არც ის ვიცით, რამხელა იყო, რა ასაკის ან რა სპექტრულ ტიპს მიეკუთვნებოდა. მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ მიღებულმა შედეგებმა შეიძლება გარკვეული ცნობები მოგვცეს.

„დაკვირვებული შოკური დინამიკა მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაწვდის წინაპარი ვარსკვლავის გვიანდელი მასის დაკარგვის ისტორიის შესახებ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის — ეპიზოდური მასის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ნაწილობრივი, ასიმეტრიული გარსი, ხანმოკლე ვოლფ-რაიეს ფაზის ქარის შედეგად წარმოქმნილი ასფერული სიღრუე თუ ორივეს კომბინაცია“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

საოცარია, რომ ახალი დეტალები ჯერ კიდევ აღმოუჩენელია ისე კარგად შესწავლილ ობიექტშიც კი, როგორიც არის კასიოპეა A. ახალ ინსტრუმენტთა კვალდაკვალ, მომდევნო წლებში ალბათ სულ უფრო მეტი საიდუმლოს გამოაშკარავებას უნდა ველოდოთ.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.