ასტრონომებმა სუპერნოვას დარტყმითი ტალღები აღბეჭდეს და ამ ფენომენის ბევრი ახალი დეტალიც გაარკვიეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა სუპერნოვას დარტყმითი ტალღები აღბეჭდეს და ამ ფენომენის ბევრი ახალი დეტალიც გაარკვიეს — #1tvმეცნიერება

ფოტოზე თითქოს მოჩვენების კოსმოსში გაწვდილ ხელს ხედავ; სინამდვილეში, ის ზედმეტად საინტერესო ფენომენია და მასიურ ვარსკვლავთა სიკვდილის შესახებ ახალ დეტალებს გვთავაზობს.

ეს თვალწარმტაცი სტრუქტურა სუპერნოვად აფეთქებული ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსისას გამოტყორცნილი მატერიაა; ასტრონომები მას 14 წლის განმავლობაში უღებდნენ ფოტოებს და შედეგად, დეტალურადაც დააკვირდნენ წამში 4000 კმ სიჩქარით მოძრავ ამ დარტყმით ტალღებს.

„თითების“ წვერებზე ჩანს სუპერნოვას ნარჩენი და დარტყმითი ტალღა, სახელად MSH 15-52, რომელიც გაზის ღრუბელ RCW 89-ს ურტყამს და მის მატერიაში წარმოქმნის შოკებსა და კვანძებს, რაც სუპერნოვას გაფართოების პროცესს ანელებს.

სუპერნოვას ნარჩენი MSH 15-52 ჩვენგან 17 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და როგორც ჩანს, ირმის ნახტომში ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სუპერნოვას ნარჩენია. ვარსკვლავის აფეთქების სინათლემ დედამიწაზე დაახლოებით 1700 წლის წინ მოაღწია. ბირთვული სინთეზისთვის საჭირო საწვავის ამოწურვის შემდეგ, მასიური ვარსკვლავი აფეთქდა, გარე ფენები კოსმოსში მიმოფანტა, მისი ბირთვი კი კოლაფსირდა.

სუპეროვა,ვარსკვლავის აფეთქება

ეს კოლაფსირებული ბირთვი „მკვდარი“ ვარსკვლავის ერთ-ერთ ტიპად, პულსარად გადაიქცა; პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი სახეობაა — უკიდურესად მკვრივი ობიექტი, რომელშიც ნეიტრინოები იმდენად მჭიდროდ არის შეკუმშული, რომ ატომბირთვის გარკვეულ თვისებებს იძენენ; ძლიერი სიჩქარით ბრუნვისას, პულსარი პოლუსებიდან რადიაციას ასხივებს.

ამ ბრუნვის შედეგად, გამოტყორცნილი ვარსკვლავური მასალისგან ასევე წარმოიქმნება კოსმოსში გაფართოებადი რენტგენული სხივების ნისლეული.

ახალ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი, ზუსტად რა სიჩქარით ფართოვდება ის კოსმოსში; სუპერნოვას ნარჩენის დარტყმის შემდეგ გაზის ღრუბელ RCW 89-ის ცვლილებებზე დაკვირვებისათვის გამოიყენეს 2004, 2008 და 2017-2018 წლებში გადაღებული ფოტოები.

დროთა განმავლობაში ამ წარმონაქმნთა მიერ გავლილი მანძილის გამოთვლის წყალობით, ახლა უკეთესი წარმოდგენა გვაქვს შოკური ტალღის მოძრაობის სიჩქარისა და ნარჩენ MSH 15-52-ში გამოტყორცნილი მატერიის კვანძების შესახებ. ამ ყველაფერს ქვემოთ ფოტოზე ხედავთ.

დარტყმითი ტალღა ერთ-ერთი თითის წვერთან მდებარეობს და აღნიშნავს ადგილს, სადაც სუპერნოვას ნარჩენი MSH 15-52 ხვდება გაზის ღრუბელ RCW 89-ს; ტალღა წამში 4000 კმ სიჩქარით მოძრაობს, მაგრამ მისი მატერიის ზოგიერთი კვანძი უფრო სწრაფად, 5000 კმ/წმ სიჩქარითაც კი გადაადგილდება.

მკვლევართა აზრით, ეს კვანძები მაგნიუმისა და ნეონის გროვები უნდა იყოს. ეს ელემენტები ვარსკვლავში სუპერნოვად აფეთქებამდეა წარმოქმნილი; გროვები სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდება. ყველაზე ნელიც კი წამში 1000 კმ სიჩქარით მიჰქრის.

მიუხედავად ამისა, გაზის ღრუბელ RCW 89-ის მატერიასთან ურთიერთქმედებისას, ამ წარმონაქმნების სიჩქარე ეცემა. პულსარიდან RCW 89-მდე მანძილი დაახლოებით 75 სინათლის წელია; ამ მანძილის მიხედვით გამოდის, რომ MSH 15-52-ის გარე კიდეს გაფართოების საშუალო მაჩვენებელი 13 000 კილომეტრია წამში.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ RCW 89-თან შეხვედრამდე, მატერიას აფეთქებული ვარსკვლავის გარშემო გაზში არსებულ შედარებით დაბალი სიმკვრივის სიღრუვეში უნდა ევლო. ეს კი ეთავსება ბირთვკოლაფსირებული სუპერნოვას მოდელს.

როდესაც წინამორბედმა ვარსკვლავმა მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ეტაპის დასასრულს მიაღწია, მის გარშემო კოსმოსში უნდა გაჭრილიყო მძლავრი ვარსკვლავური ქარი, რომელმაც მას წყალბადი შემოაცალა და გიგანტური სიღრუვე წარმოქმნა. შემდეგ, როდესაც ვარსკვლავის ბირთვი საბოლოოდ კოლაფსირდა სუპერნოვად, აფეთქებამ დარჩენილი ვარსკვლავური მატერიაც ამოტყორცნა კოსმოსის ამ შედარებით ცარიელ რეგიონში.

გაზის ღრუბელი RCW 89 ამ სიღრუვის კედელს წარმოადგენს. როდესაც MSH 15-52 ამ ძლიერ მკვრივ რეგიონს მიაწყდა, შეჯახებამ მისი სწრაფი შენელება გამოიწვია.

მაღალი სიჩქარის სუპერნოვას ამონატყორცნი ასევე შემჩნეულია ჩვენგან 11 000 სინათლის წლის მოშორებით, სუპერნოვას ნარჩენში, სახელად კასიოპეა A. მკვლევართა აზრით, საქმე ამ შემთხვევაშიც ბირთვკოლაფსირებულ სუპერნოვასთან გვაქვს.

სუპერნოვას ნარჩენებში სწრაფად მოძრავი გროვების შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ უფრო მეტი მონაცემის შეგროვებითა და ასეთი აფეთქებების შესწავლის გზით, ასტრონომები ალბათ ოდესმე მოუყრიან თავს მთლიან ამბავს.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.