აღმოჩენილია გიგანტური, ამ დროისათვის უდიდესი სუპერნოვას ნარჩენი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია გიგანტური, ამ დროისათვის უდიდესი სუპერნოვას ნარჩენი — #1tvმეცნიერება

კოსმოსის სიღრმეში, ჩვენს თვალს, ტექნოლოგიებსა და წარმოდგენებს მიღმა ბევრი გასაოცარი რამ იმალება.

ახლახან ასტრონომებმა აღმოაჩინეს აბსოლუტურად უზარმაზარი სუპერნოვას ნარჩენი — გაზისა და მტვრის გაფართოებადი ღრუბელი, რომელიც ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩა; ჩვენი გადმოსახედიდან, ცაზე ის დაახლოებით 100 სავსე მთვარის ზომის ადგილს იკავებს და დედამიწიდან 4000 სინათლის წლით არის დაშორებული.

გერმანიის მაქს პლანკის არამიწიერი ფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა ვერნერ ბეკერის ხელმძღვანელობით, ნარჩენს ბეკერის მშობლიური ქალაქის ძველი სახელი, ჰოინგა უწოდეს.

საინტერესოა, როგორ გამოგვრჩა ეს ობიექტი აქამდე? მიზეზი ის არის, რომ იგი მხოლოდ რენტგენულ დიაპაზონში ჩანს და ისიც მხოლოდ ერთ-ერთი უმძლავრესი რენტგენული ტელესკოპის, სახელად eROSITA-ს ობიექტივში, რომელიც 2019 წელს გაუშვეს.

„ტელესკოპი eROSITA გერმანულ-რუსულ თანამგზავრ SRG-ის ბორტზეა განთავსებული და 25-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მისი წინამორბედი ROSAT-ი; შესაბამისა, ახალ სუპერნოვას ნარჩენთა აღმოჩენას მომავალ წლებშიც ველოდებით. იმას კი ნამდვილად არ ველოდით, ერთ-ერთ ასეთს თუ უკვე აღმოვაჩენდით“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ასტრონომი ნატაშა ჰარლი-უოლკერი.

მისივე განცხადებით, კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ ჰოინგა ზომით უდიდესი სუპერნოვას ნარჩენია რენტგენული სხივების საშუალებით ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის — მისი ზომა 90 -ჯერ აჭარბებს ჩვენს ცაზე სავსე მთვარისას.

სუპერნოვას ძირითადად ორი მიზეზი იწვევს. ერთი მათგანია მასიური ვარსკვლავის სიკვდილი. როდესაც ისინი ბირთვში ამოწურავენ სინთეზისთვის საჭირო მატერიას, გარე მიმართულების თერმული წნევის ვარდნის გამო, ვარსკვლავი გრავიტაციის შიდა მიმართულების წნევის წყალობით კოლაფსირდება, რასაც აფეთქება მოსდევს, მისი ბირთვი კი ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად გადაიქცევა (ან მთლიანად დაიშლება).

მეორე მიზეზია ე. წ. Ia ტიპის სუპერნოვა, რომელშიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი — დაბალმასიანი ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვი — საკუთარ ბინარულ კომპანიონ ვარსკვლავს (ორმაგ, ანუ ერთმანეთის გარშემო მოძრავ ვარსკვლავურ სისტემებში) იმდენ მატერიას წოვს, რომ საბოლოოდ იბერება, არასტაბილური ხდება და ფეთქდება.

ორივე ამ სცენარში, ვარსკვლავის გარე მატერიის გაფართოებადი გარსი კოსმოსში გაიტყორცნება და წარმოქმნის შოკურ წინა მხარეებს, რომლებიც ვარსკვლავთშორის სივრცეს ეჯახებიან. სწორედ ეს არის სუპერნოვას ნარჩენი.

ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობა დაბალმასიანია; უახლესი შეფასებების მიხედვით, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა 90 პროცენტი მთავარი მიმდევრობის ჯუჯა ვარსკვლავია, რომლებიც სუპერნოვად ვერ აფეთქდებიან, ცხრა პროცენტი კი უკვე მკვდარი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნახტომში სულ მცირე 100 მილიარდი ვარსკვლავია, სუპერნოვას აფეთქებები მაინც იშვიათია. ასტრონომთა შეფასებით, ყოველ 30-50 წელიწადში ერთი სუპერნოვა ხდება და მათ ადგილზე მანათობელ, ენერგიულ ღრუბელს ტოვებენ, რომელიც დაახლოებით 100 000 წელიწადს რჩება ადგილზე.

ამ მაჩვენებლით, ირმის ნახტომში ამჟამად დაახლოებით 1200 დაფიქსირებადი სუპერნოვა უნდა იყოს; თუმცა, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 300 მათგანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან ჩვენი გაანგარიშებებია მცდარი, ან მათ დაფიქსირებას ჯერ ვერ ვახერხებთ, ანდაც სხვა რაიმე მიზეზია. სწორედ აქ ერთვება საქმეში ტელესკოპი eROSITA.

უმეტესი ასტრონომიული ობიექტი რენტგენულ რადიაციას ასხივებს, რაც ჩვენი თვალისთვის უხილავია. eROSITA ცის კატალოგიზაციითვის არის შექმნილი, წინამორბედზე გაცილებით მგრძნობიარეა და უკვე გამოავლინა ისეთი რენტგენული ობიექტები, რომელთაც მანამდე ვერ ვხედავდით.

სწორედ eROSITA-მ დააფიქსირა აქამდე უცნობი სუპერნოვას ნარჩენი ჰოინგა, რომელიც გასაკვირია არა მხოლოდ ასეთი სწრაფად აღმოჩენის გამო, არამედ იმ ადგილის გამოც, სადაც მას მიაგნეს — გალაქტიკის სიბრტყიდან, ანუ იქიდან შორს, სადაც თავს იყრის ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობა.

აღმოჩენა ჯგუფმა რადიოასტრონომიულ მონაცემებშიც გადაამოწმა და ჰოინგას მკრთალი მტკიცებულება ათი წლის წინანდელ მონაცემებშიც იპოვა. ის მკრთალად ჩანდა ტელესკოპ ROSAT-ის 30 წლის წინანდელ მონაცემებშიც.

„საარქივო რადიომონაცემების დამუშავების შედეგად გავარკვიეთ, რომ ჰოინგა კარგა ხანს ელოდებოდა აღმოჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ირმის ნახტომის სიბრტყის მაღლა მდებარეობს, უბრალოდ გამოგვრჩა“, — განმარტავს ჰარლი-უოლკერი.

მისივე თქმით, სუპერნოვას ნარჩენების პოვნა გალაქტიკის მაღალ განედებზე ნაკლებად მოსალოდნელია და შესაბამისად, ამ ზონებზე კვლევითი პროგრამები ნაკლებად ფოკუსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ კიდევ ბევრი სხვა ასეთი ნარჩენი შეიძლება იყოს.

რადიომონაცემებზე დაყრდნობით ჯგუფმა გამოიანგარიშა, რომ ნარჩენები 21 000 – 150 000 წლისაა და შედარებით ახლოს არის დედამიწასთან, 1470 – 3915 სინათლის წელს შორის.

მკვლევრებმა ვერ იპოვეს წინაპარი ვარსკვლავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სუპერნოვა Ia ტიპის უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს ადგილიც, რადგან მასიური ვარსკვლავები ძირითადად გალაქტიკურ სიბრტყეში იყრის თავს და არა მის მიღმა.

ტელესკოპი eROSITA ამ ადგილს რვა ღამის განმავლობაში დააკვირდება. ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ დროს შეგროვებული მონაცემები უფრო მეტს გვეტყვის ჰოინგას ბუნების შესახებ და ირმის ნახტომის სხვა „ნაკლულ“ სუპერნოვებსაც გვაპოვნინებს.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია news.curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი