ბეთელგეიზე ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში — ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს
ბეთელგეიზე ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში — ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს

ბეთელგეიზე ღამის ცის მეთერთმეტე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც უმეტესი თქვენგანისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი. მდებარეობს ჩვენგან 640 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედში.

ბეთელგეიზე წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავია. ის უზარმაზარი და გაბერილია, აქვს ჩვენს მზეზე 20-ჯერ მეტი მასა. იგი იმდენად დიდია, რომ თუ ჩვენი მზის სისტემის ცენტრში მოვათავსებთ მზის მაგივრად, მისი ზედაპირი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, ასტეროიდთა სარტყლის გადაღმა აღმოჩნდება და მთლიანად ჩაყლაპავს მერკურის, ვენერას, დედამიწასა და მარსს, შესაძლოა, იუპიტერსაც.

ბევრმა თქვენგანმა ალბათ შენიშნა, რომ ბოლო დროს ბეთელგეიზე აშკარად განსხვავებულად გამოიყურება. საქმე ის არის, რომ ზეგიგანტი ვარსკვლავი მნიშვნელოვნად არის ჩაბნელებული, ყველაზე მკრთალი, რაც ის 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ყოფილა.

ბეთელგეიზე ამჟამად დაახლოებით 8,5 მილიონი წლისაა, ასეთ გიგანტურ ვარსკვლავთა სიცოცხლე ხანმოკლეა, სიკვდილი კი სასტიკი — ფეთქდება ვარსკვლავურ მოვლენად, რომელსაც სუპერნოვას უწოდებენ.

ასტრონომთა ერთი ნაწილის აზრით, ბეთელგეიზეს უჩვეულო ჩაბნელების მიზეზი შეიძლება ის არის, რომ ის ასაფეთქებლად ემზადება. ეს მოვლენა სავარაუდოდ, მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში მოხდება, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად როდის, შეიძლება ეს მომენტი ამაღამაც დადგეს.

ბეთელგეიზე შარშან

ჩვენამდე მოსაღწევად მის სინათლეს დაახლოებით 640 წელი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეთელგეიზეს სინამდვილეში ჩვენ ისეთს ვხედავთ, როგორიც ის 640 წლის წინ იყო. თუკი მოვესწარით და ღამის ცაზე მართლაც ვიხილეთ აფეთქებული ბეთელგეიზე, ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავი სადღაც შუა საუკუნეებში აფეთქდა, მისმა სინათლემ კი ჩვენთან უბრალოდ ახლაღა მოაღწია.

ბეთელგეიზე შარშან

ბეთელგეიზეს აფეთქება იმდენად კაშკაშა მოვლენა იქნება, რომ დედამიწაზე ღამით ჩრდილები წარმოიქმნება და სავსე მთვარის ზომის კაშკაშა ობიექტი ცაში დღისითაც გამოჩნდება, სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება. ამის შემდეგ, ვარსკვლავი ციდან სამუდამოდ გაქრება.

ბეთელგეიზე შარშან

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ორიონის თანავარსკვლავედი და რა თქმა უნდა, მათ შორის ბეთელგეიზეც, კოჯრიდან გადაიღო.

სტატიაში ასევე გთავაზობთ ირაკლი გედენიძის მიერ შარშან უჯარმიდან გადაღებულ ბეთელგეიზეს, როცა ის ღამის ცაზე გაცილებით მეტად კაშკაშებდა.

ორიონის ნისლეული. ირაკლი გედენიძის ფოტო

შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.