NASA-მ გადაიღო, როგორ ურტყამს მეზობელი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის ჭავლი რაღაც უცნაურ ობიექტს — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომის ერთ-ერთმა ყველაზე უცნაურმა გალაქტიკამ ასტრონომებს მომაჯადოებელი საიდუმლო წარუდგინა.
ამ გალაქტიკის სახელია კენტავრის A და მისი ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელიდან ამოტყორცნილი პლაზმის ჭავლები, გალაქტიკათშორის სივრცეში შეჭრისას რაღაცას ეჯახება.
რა არის ეს რაღაც? ასტრონომებმა ჯერ არ იციან. მათ მას C4 უწოდეს და რაც არ უნდა იყოს, უდავოდ საინტერესოა, რადგან კენტავრის A-ს ჭავლების არცერთი სხვა შეჯახება არ წარმოქმნის ასეთ V-ის ფორმის რენტგენულ გამოსხივებას, როგორიც C4-დან მოდის.
კენტავრის A ე. წ. პეკულიარული გალაქტიკაა (რომელიც ზომით, სტრუქტურით ან ხილული ფორმით კლასიფიკაციის არცერთ ჯგუფს არ ეკუთვნის) და მდებარეობს ირმის ნახტომიდან დაახლოებით 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ის მრავალი სხვადასხვა მახასიათებლის გამოა უცნაური, მათ შორის არის — გალაქტიკური სიბრტყის გარშემო სუფთად ჩამწკრივებული ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკები, უცნაური ფორმა მტვრის მკვეთრი ზოლებით და სტრუქტურა, რომელიც შესაძლოა, ორმა ერთმანეთთან შეჯახებულმა და შერწყმულმა გალაქტიკამ წარმოქმნა.
ამ გალაქტიკას ძლიერ აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს, სავსეა ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებით და ერთ-ერთი უახლოესი გალაქტიკაა, რომელიც ორივე ამ ქცევას წარმოაჩენს. შავი ხვრელის აქტივობა იმდენად ძლიერია, რომ მისი პოლარული რეგიონებიდან წამოსულ ნაწილაკთა ჭავლები გალაქტიკათშორის სივრცეში იჭრება და წარმოქმნის რადიოგამოსხივების უზარმაზარ შვერილებს.
ამ მიზეზით, კენტავრის A დიდი შესწავლის საგანია. შავი ხვრელიდან გამომავალი რადიოტალღების ერთ-ერთმა ყველაზე დეტალურმა ხედმა რაღაც უცნაური, ჯერ არნახული წარმონაქმნები გამოამჟღავნა.
პირველ რიგში ალბათ უნდა ავხსნათ, როგორ ხდება ეს გადინება. როდესაც სუპერმასიურ შავ ხვრელს აქტიურს ვუწოდებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად შთანთქავს მასალას მის გარშემო მბრუნავი მატერიის უზარმაზარი დისკოდან, ზუსტად ისე, როგორც წყალი ჩაედინება დრენაჟში.
თუმცა, მბრუნავი დისკოს მთელი მატერია როდი გადადის შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა. მეცნიერთა აზრით, მისი გარკვეული ნაწილი შავი ხვრელის გარეთ, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ მიემართება, ჩქარდება და პოლუსებისკენ მიდის, საიდანაც ის კოსმოსში უზარმაზარი ძალით იტყორცნება და წარმოქმნის ნაწილაკთა ჭავლებს, რომელთა სიგრძეც ზოგჯერ მილიონობით სინათლის წელიწადს აღწევს.
ვინაიდან კენტავრის A ჩვენთან ახლოს არის, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო „ლაბორატორიას“ ამ ჭავლების (ჯეტები) დეტალურად შესასწავლად. NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის გამოყენებით, ასტრონომები ამ დრომდე ყველაზე დეტალურად დააკვირდნენ კენტავრის A-ს ჭავლის მიერ წარმოქმნილ მაღალენერგიულ სინათლეს; სწორედ მაშინ აღმოაჩინეს V-ს ფორმის წარმონაქმნი, რომელიც გამოსხივების ნათელ, წერტილის მსგავს წყაროებს ემთხვევა.
მკვლევართა აზრით, ვაკუუმში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ეს ჭავლი რაღაცას შეეჯახა და დინებათა ნაკადები წარმოქმნა — V-ს თითოეული მკლავი დაახლოებით 7000 სინათლის წლის სიგრძისაა.
უცნობია, რა არის ეს რაღაც. შეიძლება იყოს მასიური ვარსკვლავი ან ტურბულენტობის კვანძი. რაც არ უნდა იყოს, V-ს მკლავები შეიძლება წარმოქმნილია ურთიერთქმედებით ჭავლსა და იმ რაღაც ობიექტს შორის, რომელსაც ჭავლი ურტყამს. ვინაიდან მისგან ასხლეტილი მატერია თავად ჭავლთანაც ურთიერთქმედებს, ის რენტგენულ დიაპაზონში კაშკაშებს.
თუმცა, V სტრუქტურა ამ მოდელშიც კი ძნელად აიხსნება. შეიძლება იფიქროთ, რომ წერტილოვანი წყაროდან ასხლეტილი გადინებები ჭავლის დინებას უნდა გაუპარალელდეს, მაგრამ ასეა მხოლოდ ერთი მკლავის შემთხვევაში. მეორე მკლავს დახრილი კუთხე აქვს, რაც ძნელად აიხსნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭავლში სხვა შეჯახებები რადიო „ლაქების“ სახით ჩანს, გამოკვეთილი V-ს ფორმის სტრუქტურის გარეშე, როგორც ეს კენტავრის C4-ის შემთხვევაშია.
ამ დროისათვის, პასუხი არ არსებობს. ალბათ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში უფრო მეტი დაკვირვების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს, რა წარმოქმნის ამ უცნაურ V-ს ფორმის რენტგენულ სხივებს კენტავრის A-ს ჭავლებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ამ მეზობელ გალაქტიკაზე დაკვირვებები აქტიურად გრძელდება, პასუხები ალბათ უბრალოდ დროის საკითხია.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.