ირმის ნახტომის სამეზობლოში უძველესი ციცქნა გალაქტიკა აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის სამეზობლოში უძველესი ციცქნა გალაქტიკა აღმოაჩინეს

კაცობრიობამ კოსმოსში უკვე საკმაოდ შორს გაიხედა. დავაფიქსირეთ 13 მილიარდი წლის წინანდელი სინათლე. გავხდით ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების მოწმე. ვიჭერთ სწრაფ რადიოსიგნალებს (FRB) და სადაცაა შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტსაც ვიხილავთ. თუმცა, აქვე, სამყაროს მიერ ჩვენთვის ნაბოძებ კუთხეში გარკვეული სიურპრიზები მაინც იმალება.

ახლომდებარე სფეროსებრ ვარსკვლავთგროვაზე დაკვირვებისას, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სრულიად შემთხვევით, აქამდე უცნობი გალაქტიკა დააფიქსირა. ახლად აღმოჩენილ გალაქტიკას ბედინ-1 უწოდეს და იგი თითქმის სამყაროს ასაკისაა.

ჰაბლის ამ მისიის მთავარი მიზანი NGC 6752-ის მკრთალ ვარსკვლავებზე დაკვირვება იყო. NGC 6752 სფეროსებრი ვარსკვლავთგროვაა, რომელიც ჩვენგან 13 000 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის ჰალოში მდებარეობს; ზოგადად, ამ რეგიონში ასეთი გროვები მრავლადაა.

თუმცა, მის ფონზე, 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, 2300-ჯერ უფრო შორს, ვიდრე ეს ვარსკვლავები, იმალება ბედინ-1. აღსანიშნავია, რომ გალაქტიკათა შეჯგუფება, რომელსაც ადგილობრივ ჯგუფს უწოდებენ და რომელშიც ჩვენი გალაქტიკაც შედის, 10 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბედინ-1 ძალიან მკრთალი, ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკაა. მისი აღმოჩენა აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რადგან მოქცეულია NGC 6752-ის ბირთვთან ახლოს.

ბედინი ციცქნა, იზოლირებული, უძველესი გალაქტიკაა. მისი დიამეტრი სულ რაღაც 3000 სინათლის წელია, მაშინ, როცა ირმის ნახტომის სიგანე დაახლოებით 100 000 სინათლის წელია. გარდა ამისა, ის ჩვენს გალაქტიკაზე 1000-ჯერ მკრთალია. კლასიფიცირდა როგორც ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკა.

როგორც წესი, ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკები დიდი გალაქტიკების ან სისტემების თანამგზავრებია, მაგრამ ბედინ-1-ის შემთხვევაში ასე სულაც არაა. უახლოესი გალაქტიკა, რომელიც შესაძლოა, მის დედაგალაქტიკად მივიჩნიოთ, არის მისგან 2 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალური გალაქტიკა NGC 6744.

გამოყოფილ სინათლეზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ გალაქტიკა ძალიან ცოტა მეტალებს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე ელემენტები, მაგალითად, მეტალები ვარსკვლავებში წარმოიქმნა და მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა სამყაროში, რაც ეს ვარსკვლავები დაიხოცნენ — ბედინ-1-ს უნდა ჰქონდეს ძალიან ბებერ ვარსკვლავთა პოპულაცია.

ჯგუფის ვარაუდით, გალაქტიკა 13 მილიარდი წლისაა და დაბადებულია დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 800 მილიონი წლის შემდეგ. მეტალთა დაბალი შემცველობა მიუთითებს იმაზე, რომ ბედინ-1 აფეთქების შედეგად წარმოიქმნა და მას შემდეგ, მასში ახალი ვარსკვლავები არ წარმოქმნილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ერთგვარი კოსმოსური „ცოცხალი ნამარხი“, ანდაც დროის კაფსულაა, რომელიც ადრეული სამყაროს გარემოს ინახავს.

იმის გამო, რომ ბედინ-1 ჩვენგან საკმაოდ შორსაა, არის ძალიან მკრთალი და ვარსკვლავთა სინათლით დაბინდული, მისი აღმოჩენა საერთოდაც სასწაულია, თანაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით, რომელიც უკვე 30 წლისაა.

კვლევა ჟურლან Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.