ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი მატერიის ჭავლებს სავარაუდოდ ჩვენკენ ისვრის
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი მატერიის ჭავლებს სავარაუდოდ ჩვენკენ ისვრის

დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ტელესკოპი ჩაერთო თანამშრომლობაში, რომლის მიზანიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-სთვის ფოტოს გადაღება იყო. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს პროექტი ფარდას ახდის ირმის ნახტომის მტვრიანი გულის მრავალ საიდუმლოს.

ქვემოთ მოცემული სურათი მშვილდოსანი A*-ს ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო კადრია, თუმცა, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპისგან უკეთესებსაც ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ის შეიძლება უბრალოდ უცნაური, გადღაბნილი ნათება იყოს, ასტროფიზიკოსებისთვის, რომლებიც რადიომონაცემებს იკვლევენ, ეს ფოტო საკმაოდ მრავლისმეტყველია. მისგან მათ მრავალი ახალი დეტალის მიღება შეუძლიათ. ასეც მოხდა — როგორც ისინი აცხადებენ, ფოტოზე მათ ამოიცნეს ე. წ. რელატივისტური ნაკადი, რომელიც დედამიწისკენ არის მომართული.

ამ რეგიონისთვის გადაღებული ეს ფოტო ამ დრომდე ყველაზე მაღალი რეზოლუციისაა მსგავს სურათებს შორის, წინაზე ორჯერ მაღალი, რისი წყალობითაც ასტროფიზიკოსებმა ზუსტად განსაზღვრეს შავი ხვრელის გარშემო ღრუბლის მიერ მიმოფანტული სინათლის მახასიათებლები.

მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, ედუარდო როსის განცხადებით, შავი ხვრელის გარშემო, გალაქტიკის ცენტრი სავსეა მატერიით, რომელიც გაყინული შუშასავით მოქმედებს, რომლის მიღმა გახედვასაც ვცდილობთ.

კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ასტრონომთა ჯგუფი შეეცადა გაერკვია, რა იმალება შავი ხვრელის გარშემო არსებული გაზის, მტვრისა და პლაზმის სქელ ღრუბელს შიგნით.

შედეგად დადგინდა, რომ მშვილდოსანი A*-ს რადიოგამოსხივება იმაზე უფრო პატარა რეგიონიდან მოდის, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

გამოსხივების უმეტესობა მოდის ღამის ცის მხოლოდ 300 მემილიონედი გრადუსიდან, სიმეტრიული ფორმით. გამომდინარე იქიდან, რომ შავი ხვრელები არ გამოყოფენ გამოვნელად საკუთარ რადიაციას, წყარო სავარაუდოდ ერთი საგანია ორიდან.

ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს სარა ისაუნის განცხადებით, ეს სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ რადიოგამოსხივება წარმოიქმნება უფრო ჩამავალი გაზის დისკოში, ვიდრე რადიონაკადში.

მისივე თქმით, ამ ფაქტის გამო, მშვილდოსანი A* გამონაკლისი უნდა იყოს რადიოგამოსხივების მქონე სხვა გალაქტიკებს შორის. თუმცა, არის ერთადერთი სხვა ალტერნატივაც — რადიონაკადი თითქმის ჩვენკენ არის მომართული.

აქტიურ შავ ხვრელებს გარს აკრავს მატერიის მორევისებური ღრუბელი, რომელიც მასში ისე ჩაედინება, როგორც წყალი სადრენაჟო არხში. როცა შავი ხვრელი ამ მატერიას ყლაპავს, ბრუნვის პოლუსებიდან თითქმის სინათლის სიჩქარით გამოყოფს ნაწილაკთა ნაკადებს.

დაზუსტებით ცნობილი არ არის, როგორ ხდება ეს, მაგრამ ასტრონომებს სჯერათ, რომ აკრეციის დისკოს შიდა ნაწილიდან წამოსული მატერია გადაადგილდება და პოლუსებიდან გამოეშვება მაგნიტური ველის ხაზების გავლით.

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა გალაქტიკურ სიბრტყეში მდებარეობს, ჩვენკენ მომართული ჭავლი ნიშნავს იმას, რომ შავი ხვრელი ორიენტირებულია საკმაოდ უცნაურად, თითქოს გაწოლილია გვერდულად. მაგალითად, ახლომდებარე გალაქტიკა კენტავრ A-ს აქვს გალაქტიკური სიბრტყის პერპენდიკულარული ჭავლები.

ვარაუდი ასეთი ორიენტაციის შესახებ, შარშანაც გაჩნდა. მაშინ საერთაშორისო თანამშრომლობა GRAVITY აცხადებდა, რომ მშვილდოსანი A*-ს გარშემო არსებული ანთებები, რაც შეესაბამებოდა ჩვენკენ მომართულ, მბრუნავ რაღაცას, დაახლოებით ისე, მზის სისტემას რომ მაღლიდან დახედო.

ასტრონომ ჰეინო ფალკის განცხადებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი მართლაც ასე იყოს და ამ კოსმოსურ მხეცს საკმაოდ ხელსაყრელი ადგილიდან ვეძებთ.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ როცა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი მშვილდოსანი A*-ს მოვლენათა ჰორიზონტის პირველ ფოტოებს გადაიღებს (და ეს ძალიან მალე მოხდება), კიდევ უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.