ჩინეთის ხომალდი მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა — პირველად ქვეყნის ისტორიაში #1tvმეცნიერება
ჩინეთის ხომალდი მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა — პირველად ქვეყნის ისტორიაში #1tvმეცნიერება

ჩინეთის ზონდი Tianwen-1 მარსის ორბიტაზე გავიდა. ხომალდი წითელი პლანეტისკენ ივლისში გაუშვეს.

წარმოადგენს პეკინის ამბიციური კოსმოსური პროგრამის უახლეს ნაწილს; 2022 წლისთვის ქვეყანას ეკიპაჟიანი კოსმოსური სადგურის შექმნა და მთვარეზე ადამიანთა გაგზავნაც სურს.

Tianwen-1 ივლისში, დაახლოებით იმ დროს გაუშვეს, როცა მისი ამერიკელი კონკურენტი, NASA-ს მავალი „პერსევერანსი“. ჩინეთის მავალი წითელ პლანეტაზე მაისში დაჯდება.

ორი დღის წინ, მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი Hope-იც, რაც პირველი წარმატებული პლანეტათშორისი მისია აღმოჩნდა მთელ არაბულ სამყაროში.

ჩინეთი კოსმოსის კვლევაში მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რადგან ამით საკუთარი გლობალური სტატუსისა და მზარდი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენა სურს.

მარსის ზედაპირზე წარმატებით დაშვების შემთხვევაში, Tianwen-1 ჩინეთს იმ პირველ ქვეყნად აქცევს, რომელიც მარსის ერთი მისიის ფარგლებში ხომალდს ორბიტაზეც გაუშვებს და ზედაპირზე მავალსაც დასვამს.

„სამეცნიერო თვალსაზრისით, Tianwen-1 ყველაზე სრულყოფილი მისია იქნება, რომელიც შეისწავლის მარსის მორფოლოგიას, გეოლოგიას, მინერალოგიას, კოსმოსურ გარემოს, ნიადაგსა და წყალი-ყინულის გადანაწილებას“, — წერს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ კოსმოსურ მეცნიერებათა ცენტრის ხელმძღვანელი ჩი ვანგი.

ხუთტონიანი Tianwen-1, რაც ჩინურად „შეკითხვები ზეცას“ ნიშნავს, მოიცავს მარსის ორბიტერს, სტატიკურ ხომალდსა და მზის ენერგიაზე მომუშავე მავალს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 240-კილოგრამიანი მავალი მაისში უტოპიაში დაჯდება, მარსის მასიურ დარტყმით აუზში. ორბიტერი კი მარსის ორბიტაზე ერთი მარსული წლის განმავლობაში, ანუ 687 დღეს იმოძრავებს.

სამთვიანი მისიის განმავლობაში, მავალი შეისწავლის პლანეტის ქანებსა და ატმოსფეროს, გადაიღებს ფოტოს, შექმნის რუკებსა და მოძებნის სიცოცხლის ნიშნებს.

ხომალდმა უკვე გამოგზავნა მარსის პირველი ფოტო — შავ-თეთრი სურათი, რომელზეც კარგად ჩანს მარსის გეოლოგიური მახასიათებლები.

Tianwen-1 ჩინეთის მარსზე მიღწევის პირველი მცდელობა არ არის.

2011 წელს, წინა მისიამ, რომელსაც ის რუსეთთან ერთად ახორციელებდა, კრახი განიცადა — რაკეტა გაშვებისას აფეთქდა.

მარსი არც თუ ისე მარტივი სამიზნეა. 1960-იანი წლებიდან განხორციელებულ მისიათა უმეტესობა, რომლებიც საბჭოთა კავშირმა, ევროპამ, იაპონიამ თუ ინდოეთმა გაუშვეს, კრახი განიცადა.

NASA-ს მავალი „პერსევერანსი“, რომელიც წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს დაჯდება, 1997 წლის შემდეგ მარსზე წარმატებით დაშვებული მეხუთე ამერიკული მავალი გახდება.

მისია უძველეს მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის და შეეცდება ააფრინოს 1,8-კილოგრამიანი ვერტმფრენი-დრნონი, რაც სხვა პლანეტაზე განხორციელებული პირველი მართვადი ფრენა იქნება.

მარსი ძლიერ ჰგავს დედამიწას. ეს პლანეტა საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ კითხვებს არამიწიერი სიცოცხლისა და მზის სისტემის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდაუელი.

ჩინეთმა ორი მავალი უკვე გაგზავნა მთვარეზე, მათ შორის ერთი, ისტორიაში პირველად დაჯდა მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს. გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის კიდევ ერთმა მისიამ დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანა — პირველდ ბოლო 40 წლის განმავლობაში.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.