არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი მარსის ორბიტაზე გავიდა — #1tvმეცნიერება
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი მარსის ორბიტაზე გავიდა — #1tvმეცნიერება

პირველი არაბული კოსმოსური მისია, არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდი, სახელად Hope, მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. წითელი პლანეტისკენ ამჟამად კიდევ ორი სხვა ხომალდი მიემართება.

მარსისკენ მისიები არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ჩინეთმა და აშშ-მა ივლისში გაუშვეს — ისარგებლეს მომენტით, როდესაც მარსი და დედამიწა ორბიტებზე ერთმანეთთან უახლოეს წერტილში იმყოფებოდნენ.

სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყანა მეხუთე სახელმწიფო გახდა, რომელმაც მარსს მიაღწია; ამით ქვეყანამ არაბთა გაერთიანებული საამიროების გაერთიანების 50-ე წლისთავი აღნიშნა. ხვალ, 10 თებერვალს, ჩინეთი მეექვსე ქვეყანა გახდება, რომლის ხომალდიც მარსს მიაღწევს.

ხომალდი Hope (ინგლისურად „იმედი“), არაბულად ცნობილი, როგორც „ალ-ამალი“, წითელი პლანეტის გარშემო სულ მცირე ერთი მარსული წლის განმავლობაში, ანუ 687 დღეს იმოძრავებს, ჩინეთის მავალი Tianwen-1 და აშშ-ის Perseverance კი მარსის ზედაპირზე ივლიან.

ამ დრომდე, მარსს წარმატებით მიაღწიეს მხოლოდ აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ინდოეთისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდებმა.

ხომალდი მარსის ორბიტაზე კრიტიკული და კომპლექსური მანევრისთვის შესრულების შემდეგ გავიდა; წარმატების შანსი 50-50-ზე იყო.

იმისათვის, რათა მარსის გრავიტაციას ჩაეჭირა, ხომალდმა სვლა მნიშვნელოვნად შეანელა, დაიწყო ბრუნვა და 27 წუთში დაწვა თავის ექვსივე Delta-V გამწევი ძრავი, რამაც მისი სიჩქარე 121 000 კმ/სთ-ს 18 000 კმ/სთ-მდე შეანელა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის პროექტის მენეჯერის, ომრან შარიფის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, რომ წლევანდელ მისიებს შორის მათმა მისიამ მარსს პირველმა მიაღწია

ხომალდის ძირითადი მიზანი პლანეტის ამინდის დინამიკის ყოვლისმომცველი სურათის შექმნაა, მაგრამ ამავე დროს ემსახურება გაცილებით უფრო ამბიციურ მიზანს — მარსზე ადამიანთა დასახლების შექმნას უახლოეს ას წელიწადში.

გარდა იმისა, რომ მთავარი რეგიონული მოთამაშის სტატუსს გაიმყარებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ასევე სურს, რომ ეს პროექტი შთაგონების წყარო გახდეს არაბი ახალგაზრდობისთვის, რეგიონში, სადაც ხშირია რელიგიური კონფლიქტები და ეკონომიკური კრიზისები.

ხომალდი Hope მარსის ატმოსფეროზე დაკვირვებისთვის გამოიყენებს სამ სამეცნიერო ინსტრუმენტს, მონაცემთა დედამიწაზე გამოგზავნას კი 2021 წლის სექტემბერში დაიწყებს, რაც კვლევების წარმოების მიზნით მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.